2023 წლის შეჯამება

2023 წლის განმავლობაში ფლანგვის დეტექტორმა 61 სტატია/კვლევა და 26 პოდკასტი/ვლოგი გაავრცელა. გასული წლების მსგავსად წელსაც აქტუალური იყო შემდეგი საკითხები: უხარისხოდ შესრულებული ან დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, თანამდებობის პირების ოჯახის წევრებისა და ნათესავების კომპანიების მიერ მოგებული ტენდერები,  საბიუჯეტო თანხების სრულად აუთვისებლობა და პარალელურად თანხების დაუსაბუთებელი ხარჯვა საწვავსა და მანქანებში. 

ფლანგვის დეტექტორის მიერ წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ამბებიდან რამდენიმემ საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. 

მათგან დიდი პოპულარობით სარგებლობდა თბილისის მერიის ერთი შესყიდვა: უწყებამ დედაქალაქის ქუჩების დასასუფთავებლად რუსული სანქცირებული პროდუქცია შეიძინა.

წლის ანტიდასავლური შესყიდვა

საქართველოს სხვადასხვა ორგანოები  უკვე წლებია რუსული წარმოების სხვადასხვა პროდუქციას ყიდულობენ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტრატეგიული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ორგანოები მაინც განაგრძობენ რუსული წარმოების ისეთ პროდუქციის შეძენას, რომელიც ალტერნატივით ადვილად ჩანაცვლებადი იქნებოდა. ასეთია, მაგალითად, ტრენაჟორების შესყიდვა. კომპანია "ჯეო პარკი" უკვე წლებია, რუსული წარმოების "ტრენაჟორებს" ამონტაჟებს. ამ კომპანიამ 2017-2022 წლებში ბიუჯეტიდან 28.5 მლნ ლარი მიიღო. 

თუმცა განსაკუთრებით სავალალოდ გამოიყურება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ თბილისის მერიის მიერ სანქცირებული კამაზის ავტომობილების შესყიდვა. KAMAZ რუს სამხედროებს ჯავშანტექნიკას აწვდის. ამის შესახებ ინფორმაცია 2022 წლის მარტში გავრცელდა, მოგვინებით კი Bellingcat-ის ცნობილმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს სტატია, სადაც ნათლად ჩანდა, თუ როგორ იყენებენ რუსეთის სამხედროები “KAMAZ”-ის სატვირტო მანქანებს უკრაინის ტერიტორიაზე.

2022 წლის მარტში რუსული კომპანია KAMAZ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) დაასანქცირა. კომპანია დაასანქცირა ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმაც. 

წლის ფლანგვა

დაუსაბუთებელი ხარჯების, საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასებისა და პრემიების, აგრეთვე მათი ავტომობილების მომსახურებაში დახარჯულ თანხებს შესახებ, წლის განმავლობაში არაერთი სტატიის გამოქვეყნება გვიწევს. ამგვარ ხარჯებზე, ხშირად სახელიმწიფო აუდიტის სამსახურიც საუბრობს. 

მაგალითად, 2020-2023 წლებში 29 მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჯამში 2,274,897 ლარის საწვავი მოიხმარა. განსაკუთრებული მფლანგველობით გამოირჩეოდნენ კონკრეტული საკრებულოები. გამონაკლისს არც მერიები წარმოადგენდნენ. მაგალითად, 2019-2020 წლებში ზუგდიდის მერიას რეკომენდირებული 10 მანქანის ნაცვლად - 191 ემსახურებოდა. ამავე წლებში 8 ქალაქის -  ქუთაისის, ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, ქობულეთის, ბათუმის, ოზურგეთისა და მარნეულის ჩინოსნებს 73-ის ნაცვლად 765 მანქანა ჰყავდათ. 

“ფლანგვის დეტექტორმა” ინფორმაცია რამდენიმე ევროპული ქალაქიდანაც გამოითხოვა, მათ შორის  ტალინიდან, რიგადან, ბუქარესტიდან და ვილნიუსიდან. 

ტალინს, ბუქარესტსა და ვილნიუსის საკრებულოებს ავტომობილი საერთოდ არ ემსახურებათ, ხოლო რიგის საკრებულოს 19 ავტომობილი ემსახურება, თუმცა მხოლოდ სამსახურეობრივი მიზნებისთვის და ბიუჯეტში ყოველწლიურად 41,600 ევროა გამოიყოფა საწვავის.  

წლის შეუსრულებელი მისია

2023 წლის განმავლობაში ბევრი დაუსრულებელი თუ უხარისხოდ შესრულებული პროექტი ვიხილეთ, მათ შორის 2023 წელს ვერ დასრულდა სამტრედია-გრიგოლეთის გზის სრული მშენებლობა. ვერ დასრულებული პროექტების გარდა, სახელმწიფო ორგანოებისთვის ტრადიციულად პრობლემას წარმოადგენს თავად ბიუჯეტის სრულად ათვისებაც, რადგან წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან თანხების სრულად დახარჯვას სახელმწიფო ორგანოების უმრავლესობა ვერ ახერხებს. 

წლის ჯარიმა

2023 წლის შეუსრულებელ მისიად თამამად შეიძლება დასახელდეს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან სესხით დაფინანსებული პროექტების განხორციელების საკითხი. მხოლოდ 2018-2022 წლებში ვალის აუთვისებლობის გამო 25,7 მლნ ლარის გადახდა მოგვიწია. სესხით დაფინანსებულ პროექტებს შორის არის სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაც, რომლის შესახებაც ფლანგვის დეტექტორი უკვე რამდენიმე წელია წერს და ამ მხრივ გამონაკლისი არც 2023 წელი იყო. გარდა იმისა, რომ პროექტი ჯერ კიდევ დაუსრულებელია, 2023 წელს გახსნიდან მალევე დაზიანდა ხიდი.  სამტრედია-გრიგოლეთის გზა 10 წელია, შენდება, თუმცა ჯერაც დაუსრულებელია, პროექტის ღირებულება კი წლების განმავლობაში 237 მლნ ლარიდან  1 მილიარდამდე გაიზარდა.

წლის ქარწაღებულნი

წლის ქარწაღებულის კატეგორიას მიეკუთვნება მუნიციპალიტეტების მიერ დროშის ბოძების შეძენაში დახარჯული საბიუჯეტო სახსრები. 

2023 წლის გაზაფხულიდან დღემდე საქართველოს 41-მა მუნიციპალიტეტმა ჯამში 1,214,840 ლარი დახარჯა სადროშე ბოძების მოსაწყობად, ხოლო კომპანიებსა და კერძო პირებს, რომლებმაც აღნიშნული სამუშოების უდიდესი ნაწილი შეასრულეს, წარსულში არ ჰქონდათ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის გამოცდილება და ხშირად, ისინი რეგისტრაციიდან რამდენიმე კვირაში იგებდნენ სახელმწიფო ტენდერებს. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ეს პირები საკუთარ მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში ადგილობრივი მერიების გამოცხადებულ ტენდერებში იმარჯვებდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ 41 მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი 71,100-ლარიანი შესყიდვა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა განახორციელა. ზოგი დროშა ქარმა წაიღო ან დააზიანა. 

წყარო:

  1. ფლანგვის დეტექტორი: დროშების ბოძების მოწყობაში დახარჯული 1.2 მლნ: https://shorturl.at/mPYZ6

  2. ფლანგვის დეტექტორი: საწვავის ხარჯები: https://shorturl.at/bilA4

  3. ფლანგვის დეტექტორი: საგარეო ვალი:  https://gmc.org.ge/ka/news/222

  4. ფლანგვის დეტექტორი: რუსული სანქცირებული პროდუქცია თ. მერიის სამსახურში: https://gmc.org.ge/ka/news/196