ავტორები: სალომე კვირიკაშვილი და ხატია ნიკოლაიშვილი
ქვეყნების მიერ საგარეო ვალის აღება ჩვეულებრივი პრაქტიკაა. საქართველოც არ არის გამონაკლისი. საქართველოში კონკრეტული პროექტების ხარჯების დასაფინანსება სწორედ უცხოური კრედიტორებისგან ნასესხები ფულით ხდება. ეს ერთი მხრივ პრობლემა არაა, რადგან გარედან შემოსული ფული ეკონომიკის გაჯანსაღებას ეხმარება. თუმცა ქვეყნის გამოწვევა დღეს არა საგარეო ვალის ოდენობა, არამედ ვალით დაფინანსებული პროექტების შეუსრულებლობაა, რაც ეკონომიკას ტვირთად აწევს.
შესავალი - ვალის მოკლე ანატომია
ვალი არის ფინანსური ვალდებულება, რომელსაც ერთი სუბიექტი კისრულობს მეორე სუბიექტის მიმართ. თუმცა, სტატიაში არა ვალზე, არამედ სახელმწიფო ვალზე, კიდევ უფრო კონკრეტულად კი სახელმწიფოს საგარეო ვალზე ვისაუბრებთ.
“სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად სახელმწიფო ვალი შედგება სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალისგან. საშინაო ვალი ეროვნული ვალუტით გამოსახული საქართველოს სახელმწიფო ვალის შემადგენელი ნაწილია, ხოლო საგარეო ვალი უცხოური კონვერტირებადი ვალუტით გამოსახული საქართველოს სახელმწიფო ვალის შემადგენელი ნაწილი. ქვეყნის საგარეო ვალი არის სახელმწიფო ვალის ის ნაწილი, რომელიც ქვეყანამ ისესხა უცხოეთიდან, მათ შორის, კომერციული ბანკებისგან, მთავრობებისგან ან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან.
საგარეო ვალი სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. საგარეო ვალს ქვეყნები ხშირად იყენებენ შიდა ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ან ეკონომიკური ზრდის გასაადვილებლად. ორივე შემთხვევაში, როდესაც ვსაუბრობთ საგარეო ვალზე, ჩვენ ვიღებთ იმ რისკს, რომელიც მოდის საგარეო ვალთან ერთად. მთავრობის მენეჯმენტის ეფექტურობიდან გამომდინარე, სესხის სწორად განაწილება მნიშვნელოვანია.
ვალი: ტვირთი თუ შესაძლებლობა?
ვალის აღება მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ქვეყანის გასავალი აღემატება შემოსავალს. ბუნებრივია, ბიუჯეტის დეფიციტის ზრდასთან ერთად იზრდება სახელმწიფო ვალიც.
საგარეო ვალი ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, გააფართოოს საკუთარი წარმოება და გაზარდოს ეკონომიკა. თუმცა სახელმწიფომ იმაზე მეტი ვალი არ უნდა აიღოს, რისი გადახდის უნარიც ექნება. შესაბამისად, ცხადია, ქვეყნისთვის ვალი შესაძლებლობასთან ერთად ტვირთიცაა.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ვალი ყველა ქვეყნის განუყოფელი ნაწილია, არსებითად მნიშვნელოვანია, თუ რამდენად გონივრულად იღებს ქვეყანა საგარეო ვალს, წარმატებულად იყენებს თუ არა აღებულ თანხებს და რამდენად არის მზად, იტვირთოს ამ სახის საგარეო ვალდებულებები. საგარეო ვალი მოკლვადიან პერიოდში კარგია, რადგან ახალი რესურსების გაჩენას უზრუნველყოფს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ვალის დაფარვა ხდება საჭირო. ეს პროცედურა კი უფრო ადვილია, როცა ვალი ეკონომიკის გაჯანსაღებასა და გაძლიერებას ხმარდება.
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის აღების მიზანი ხშირად სწორედ ეკონომიკის გაუმჯობესება და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა. 2022 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით საქართველოს ყველაზე დიდი რაოდენობით ვალი აზიის განვითარების ბანკისგან ჰქონდა აღებული. აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკი ყველა მიმართულებით არის ჩართული მასშტაბურ პროექტებში, მათ შორის წყალმომარაგების პროექტების, ურბანული განახლების, ბაღების, სპორტული კომპლექსების მშენებლობის მიმართულებით. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შენდება ქუთაისის ოლიმპიური აუზი, ზუგდიდის, რუსთავისა და ახალციხის სპორტული კომპლექსები და სხვა ობიექტები სოფლებსა თუ ქალაქებში.
2022 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით საქართველოს კრედიტორების სია ასე გამოიყურება:
საგარეო ვალის ნიშნულის ცვლილება წლების მიხედვით
სახელმწიფოს საგარეო ვალი შედგება მთავრობისა და ეროვნული ბანკის საგარეო ვალისაგან. 2018-2022 წლების დეკემბრის თვის მონაცემებით, 5 წლის განმავლობაში საგარეო ვალმა ყველაზე მაღალ ნიშნულს 2021 წელს მიაღწია, რაც მათ შორის კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ განაპირობა. ფინანსთა სამინისტროს 2021 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით, სახელმწიფოს საგარეო ვალმა 25,416,875,000 ლარი შეადგინა. მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა 2022 წელს, რა დროსაც დეკემბრის თვის მონაცემებით საგარეო ვალი 22,549,885,000 ლარამდე შემცირდა.
სურათზე დეტალურად არის ნაჩვენები 2018-2022 წლების საგარეო ვალის შესახებ მონაცემები. (წყარო)
ყოველწლიურად ვალის აღების პარალელურად, ბუნებრივია, რომ მთავრობას უწევს საგარეო სახელმწიფო ვალის ეტაპობრივად დაფარვაც. 2021 წელი არა მხოლოდ საგარეო ვალის ჯამური მაჩვენებლით გამოირჩეოდა, არამედ ამ წელს მთავრობამ ყველაზე მეტი ახალი ვალი აიღო და ამავდროულად ყველაზე დიდი რაოდენობით თანხები დახარჯა ვალის დასაფარად, 2018-2022 წლების განმავლობაში.
აღებული ვალისა და დაფარული ვალდებულებების მაჩვენებლები წლების მიხედვით:
ერთი შეხევდვით, საგარეო ვალის ციფრები საკმაოდ მოცულობითად გამოიყურება, თუმცა, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, ვალის სიმძიმეს არა მოცულობა, არამედ სხვადასხვა ინდიკატორები განსაზღვრავს. საგარეო ვალდებულების მოცულობას, რომელიც შეიძლება იტვირთოს ამა თუ იმ ქვეყანამ, განისაზღვრება საგარეო ვალის თანაფარდობით ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან. რაც უფრო დიდია ქვეყნის ეკონომიკა, მით უფრო მეტ საგარეო თუ საშინაო ვალს შეიძლება, მოემსახუროს ის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დაწესებული სტანდარტების მიხედით, დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის რეკომენდირებულია, რომ სახელმწიფო ვალი მშპ-ის 35%-ს არ აღემატებოდეს, საშუალოშემოსავლიანი ქვეყნებისთვის ეს მაჩვენებელი 55%-ია, მაღალშემოსავლიანი და ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებისთვის კი – 70%, რადგან აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სტაბილურობას საფრთხეს უქმნის და მოსალოდნელი ეკონომიკური შოკების მიმართ ქვეყანას უფრო მოწყვლადს ხდის.
რაც შეეხება საქართველოს კანონმდებლობას, ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, სახელმწიფო ვალის მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროს მონაცემები ცხადყოფს, რომ კანონით დადგენილ 60%-იანი ზედა ზღვარის სტანდარტი 2020 წელს დაირღვა, რა დროსაც საგარეო ვალის მშპ-თან ფარდობამ 60.2% შეადგინა. თუმცა, 2020 წლიდან მოცემული მაჩვენებლის ეტაპობრივად შემცირება მოხდა.
ვალის მიმართება მშპ-თან ასე გამოიყურება:
აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით სამეზობლოში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებს თუ გადავხედავთ, 2018-2022 საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი საგარეო ვალის თანაფარდობა მშპ-სთან სომხეთს ჰქონდა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მძიმედ ვალი სომხეთს აწევს. შემდეგ მოდის საქართველო, შემდეგ თურქეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი.
საგარეო ვალის ფარდობა მშპ-თან საქართველოს სამეზობლოში (წყარო)
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვალის აღება შესაძლებლობასთან ერთად ვალდებულებებსაც წარმოშობს, მათ შორის ამგვარ ვალდებულებას წარმოადგენს ვალის მომსახურების ღირებულება. ყოველწლიურად სახელმწიფოს უწევს ვალის ძირის დაფარვასთან ერთად, სესხის პროცენტიც დაფაროს. ამ ნაწილში მნიშვნელოვანია როგორც სესხის ვალუტა, ასევე საპროცენტო განაკვეთი.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები სესხს მხოლოდ უცხოურ ვალუტაში გასცემენ, ამ შემთხვევაში კი პრობლემაა ის, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან ერთად ქვეყანას უფრო მეტის გადახდა უწევს.
საქართველოს მთავრობის საგარეო ვალის უცხოური ვალუტის ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროში აღებული სესხის მოცულობა წლიდან-წლამდე იზრდება. სავალუტო კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც სახელმწიფო ვალის ნაშთზე, ასევე საბიუჯეტო წლის განმავლობაში საგარეო ვალის მომსახურების ხარჯების სიდიდეზეც.
სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ბოლო ხუთ წლის განმავლობაში მნიშველოვნად გაიზრდა ევროს ვალუტაში აღებული საგარეო ვალის მაჩვენებლები. მაგალითად, 2018 წელთან შედარებით 2022 წელს ორჯერ გაიზარდა ევროში აღებული ვალის პროცენტული მოცულობა.
ხოლო, რაც შეეხება უშუალოდ საგარეო ვალის მომსახურებაში დახარჯულ თანხებს, წლების მიხედვით ასე გამოიყურება:
2018-2022 წლების სტატისტიკის თანახმად, წლების მიხედვით საგარეო ვალის მომსახურებაში გადახდილი თანხის ოდენობა ცვალებადია. ყველაზე მეტი, საქართველოს საგარეო მომსახუბაში 2019 და 2020 წლებში დახარჯა.
რაში ხარჯავს მთავრობა საგარეო ვალს?
სახელმწიფოს მიერ აღებული საგარეო ვალის პარალელურად საინტერესოა, რაში და როგორ ხარჯავს მთავრობა am თანხებს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ მეტი ყურადღება დაგვეთმო ამ თემისთვის და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებს გადავხედეთ.
ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშში წლიდან-წლამდე უცვლელად ვხვდებით შემდეგ ჩანაწერს: “ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული საინვეტიციო პროექტების მნიშვნელოვან ნაწილს, ათვისების დაბალი მაჩვენებელი აქვს, რაც საინვესტიციო პროექტების შეფერხებებით განხორციელებაზე მიუთითებს”.
მოცემული ჩანაწერი ცალსახად მიანიშნებს, რომ სახელმწიფო აღებულ ვალს დროულად და ეფექტურად ვერ ხარჯავს, რაც თავის მხრივ უარყოფიდან აისახება ქვეყნის ბიუჯეტზე.
საკრედიტო რესურსის სახით მობილიზებული სახსრების დროული ათვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის სესხებისათვის, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადის (Commitment fee) გადახდას კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე, რადგან პროექტის დაგვიანებით განხორციელება იწვევს კრედიტის მომსახურების ხარჯების ზრდას.
გარდა იმისა რომ, გარკვეულ შემთხვევებში, არ ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობისთვის, სახელმწიფოს უწევს დამატებითი თანხების მობილიზება ბიუჯეტიდან, იმ მიზეზით, რომ ვერ დაგეგმა პროექტი და ვერ მოაბილიზა რესურსები.
2018-2022 წლებში ვალის აუთვისებლობის გამო 25,7 მლნ ლარის გადახდა მოგვიწია. წლების მიხედვით შეუსრულებელი ვალდებულელების დაღვევის გამო გადახდილი ჯარიმა შემდეგნაირად გამოიყურება:
-
2018 წელს 70%-ზე დაბალი ათვისების 14 საინვესტიციო კრედიტის ფარგლებში სულ გადახდილი ვალდებულების გადასახადმა 3.1 მლნ ლარი შეადგინა.
-
2019 წელს საინვესტიციო კრედიტების ფარგლებში ჯამურად გადახდილმა ვალდებულების გადასახადმა 4.8 მლნ ლარი შეადგინა. აქედან, 70%-ზე დაბალი ათვისების 9 საინვესტიციო კრედიტის ფარგლებში სულ გადახდილი ვალდებულების გადასახადი 1.2 მლნ ლარია (დეტალური ინფორმაცია იხ. დანართ 4-ში). აღნიშნულთან დაკავშირებით საყურადღებოა, რომ „აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარიდების პროგრამის (KFW)“ ფარგლებში 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობას, 309 ათასი ლარის ვალდებულების გადასახადი აქვს დარიცხული. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2018 წლის 24 აგვისტოს, თუმცა მისი ათვისება 2019 წლის ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული არ იყო.
-
2020 წელს საგარეო წყაროებიდან მოზიდული საინვესტიციო კრედიტების ფარგლებში ჯამურად გადახდილმა ვალდებულების გადასახადმა 9.6 მლნ ლარი შეადგინა. აქედან, დაფინანსების გეგმიდან კრედიტის ნაწილში 70%-ზე დაბალი ათვისების 9 საინვესტიციო კრედიტის ფარგლებში სულ გადახდილი ვალდებულების გადასახადი 3.3 მლნ ლარია.
-
2021 წელს საგარეო წყაროებიდან მოზიდული საინვესტიციო კრედიტების ფარგლებში 60%-ზე დაბალი ათვისების 12 საინვესტიციო კრედიტის ფარგლებში სულ გადახდილი ვალდებულების გადასახადი 5.8 მლნ ლარს შეადგენს
-
2022 წელს საგარეო წყაროებიდან მოზიდული 60%-ზე დაბალი ათვისების 7 საინვესტიციო კრედიტის ფარგლებში სულ გადახდილი ვალდებულების გადასახადი 2.4 მლნ ლარს შეადგენს
საგარეო ვალით დაფინანსებული პროექტები
2018-2022 წლებში სახსრების აუთვისებლობის გამო თანხების გადახდა საჭირო გახდა ისეთი მნიშვნელობის პროექტებზე, როგორიც არის თბილისის ავტობუსების პროექტი, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებისა და კრიზისიდან გამოყვანის პროექტი, კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერება, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი და რეგიონალური განვითარების პროექტი.
როგორც პირველ გრაფიკზეა ნაჩვენები, საქართველოს მრავალმხრივ კრედიტორებს შორის არის ევროპის საინვესტიციო ბანკიც (EIB). 2022 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით საქართველოს 2,484,897,000 ლარის ვალი უფიქსირდებოდა ევროპის საინვესტიციო ბანკის მიმართ.
აღსანიშნავია, რომ ხშირად დაუსრულებელ პროექტებს შორის მოხსენიებულთა სიაში არის სამტრედია-გრიგოლეთის გზა, რომლის დაფინანსების წყაროც სწორედ ევროპის საინვესტიციო ბანკი იყო.
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო, მას შემდეგ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 მინისტრი გამოიცვალა, თუმცა პროექტი ჯერაც დაუსრულებელია.
2018 წელს მაშინდელმა მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ადგილზე სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებისას აღნიშნა, რომ “სამტრედია-გრიგოლეთი, სამწუხაროდ, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური პროექტია, რაც წლების განმავლობაში გვაქვს ინფრასტრუქტურის სამინისტროს”.
პროექტის პრობლემურობაზე, გარდა მრავალჯერ დარღვეული ვადებისა, იურიდიულ მომსახურებაზე დახარჯული თანხებიც მიუთითებს. საავტომობილო გზის მშენებლობის ეტაპზე საერთაშორისო არბიტრაჟში გზების დეპარტამენტს 2 დავა ჰქონდა სხვადასხვა კონტრაქტორ კომპანიასთან. დავის პერიოდში იურიდიულ მომსახურებაში კი დაახლოებით 9.8 მილიონი ლარი დაიხარჯა.
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დავა ყველა შემთხვევაში გზების დეპარტამენტის სასარგებლოდ დასრულდა და სახელმწიფო გზების დეპარტამენტს დავის განმხილველმა ორგანომ საერთო ჯამში 120 მილიონი ლარი და 18.4 მილიონი ევრო მიაკუთვნა
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა 4 ლოტად ხორციელდება, დაფინასების წყარო კი ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე ჯამში 51.5 კმ-ია.
ყველაზე ნაკლებად პრობლემური მე-2 ლოტი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი გეგმის თანახმად სამუშაოები 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, დასრულების ვადები 2020 წლამდე გადაიწია. თუმცა მიმდინარე მონაცემებით ეს ერთადერთი მონაკვეთია, რომელიც გაიხსნა.
დაუსრულებელია 3 ლოტი, საიდანაც ყველაზე პრობლემურად პირველი ლოტი შეგვიძლია მივიჩნიოთ.
I ლოტი
პირველი ლოტის მშენებლობა 2014 წლის 21 მაისს დაიწყო და 2016 წლის 21 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კონტრაქტორის მხრიდან („Road Building ALTCOM“) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, გზების დეპარტამენტმა 2017 წლის 2 ოქტომბერს ხელშეკრულება შეწყვიტა.
დეპარტამენტს ახალ კონტრაქტორთან („Akkord lndustry Construction Investment Corporation“) მოუწია ხელშეკრულების გაფორმება. ამჯერად სამუშაოები 2018 წლის 3 დეკემბერს დაიწყო და 2020 წლის 3 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დეპარტამენტმა კონტრაქტორის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2021 წლის 3 აგვისტოს ხელშეკრულება შეწყვიტა.
პირველი ლოტის მშენებლობის დასრულების მიზნით, დეპარტამენტს მესამე კონტრაქტორთან (“შპს ჯეუ გრუპი”) მოუწია ხელშეკრულების გაფორმება. კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის 22 ნოემბერს დაიწყო და 2022 წლის 25 აგვისტოს უნდა დაესრულებინა. თუმცა, როგორც გზების დეპარტამენტი აღნიშნავს, სამშენებლო სამუშაოების მიმდიანრეობისას გამოვლენილი დამატებით შესასრულებელი სამუშაოებიდან გამომდინარე, მშენებლობის ვადა 2022 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდა.
იმედია ამ ლოტზე კომპანიისა და ვადის ცვლილება საბოლოოა.
III ლოტი
რაც შეეხება მე-3 ლოტს, კონტრაქტორმა კომპანიამ („Todini Costruzioni Generali S.p.A.“) სამუშაოები 2017 წლის 12 ივნისს დაიწყო და 2019 წლის 12 ივლისს უნდა დაესრულებინა. დეპარტამენტმა კონტრაქტორის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება 2019 წლის 4 მარტს შეწყვიტა.
შესაბამისად მშენებლობის დასრულების უზრუნველყოფის მიზნით ახალი ტენდერი გამოცხადდა და ამჟამად ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭირო პროცედურები მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების ვადად კი დაწყებიდან 730 დღე განისაზღვრა.
IV ლოტი
რაც შეეხება მე-4 ლოტს, კონტრაქტორმა კომპანიამ (“China Railway 23rd Bureau Group Co.“) სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის 24 მაისს დაიწყო და 2017 წლის 24 მაისს უნდა დაესრულებინა. თუმცა, სამუშაოების დასრულების ვადა 24 თვის ნაცვლად 43 თვემდე (2018 წლის 24 დეკემბერი) გაგრძელდა. გზების დეპარტამენტის პასუხის თანახმად, ამჟამად სამშენებლო სამუშაოები საჯარიმო სანქციებით მიმდინარეობს და მათი დასრულება 2022 წლის ბოლოსთვის იგი.
ლოტის სიგრძე/ თავდაპირველად განსაზღვრული დასრულების თარიღი/ რეალურად სამუშაოების დასრულების თარიღი
I - 11.5 კმ - 2016 წლის 21 ნოემბერს - დღესაც დაუსრულებელია;
II - 18.5 კმ - 2018 წლის 13 სექტემბერი - 2020 წლის ივლისი;
III - 12 კმ - 2019 წლის 12 ივლისი - დღესაც დაუსრულებელია;
IV - 9.5 კმ - 2017 წლის 24 მაისი - დღესაც დაუსრულებელია.
შესაბამისად, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. თავად 2013 წლის ბიუჯეტის მიხედვით მშენებლობა 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, ხოლო მოგვიანებით თითოეულ ლოტზე თავდაპირველად გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, ყველაზე გვაინ 2019 წლის 12 ივნისს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, 4 ლოტიდან 3 ლოტზე სამუშაოები კვლავ დაუსრულებელია.
პროექტის დროში გაჭიანურება სხვა მრავალ საკითხთან ერთად პრობლემურია თანხების ზრდის გამოც. მაგალითად 2013 წლის ბიუჯეტის თანახმად სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტისთვის გათვალისწინებული იყო 237 მილიონი ლარი, 2021 წლის ბიუჯეტის თანახმად კი პროექტის ჯამურ თანხად 1,027,291,300 ლარია განსაზღვრული.
შეჯამება
მიმდინარე მონაცამებით საქართველოს ვალის სიმძიმე არაა კრიტიკული, რადგან მაჩვენებელი სრულად აკმაყოფილებს რეკომენდაციას, რომლის თანახმადაც ვალის სიდიდის მშპ-სთან თანაფარდობა არ უნდა აღემატებოდეს 60%-ს. როგორც ვნახეთ, უცხოური ვალი ქვეყანაში ახალი რესურსის გაჩენის საშუალებაა. სწორედ მისი დახმარებით აფინანსებენ მოსახლეობის საკეთილდღეოდ სხვადასხვა პროექტებს. სამწუხაროდ, აქ მთავარ პრობლემას ვაწყდებით. საქართველოში მთავარ გამოწვევას საგარეო ვალით დაფინანსებული პროექტების შეუსრულებლობა წარმოადგენს.
როგორც ვნახეთ, სახელმწიფო აღებულ ვალს დროულად და ეფექტურად ვერ ხარჯავს, რაც დამატებითი ტვირთი ხდება ქვეყნის ბიუჯეტისთვის.
მხოლოდ 2018-2022 წლებში ქვეყანას დამატებით 25,7 მლნ ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა, რადგან დროულად ვერ შეასრულა საგარეო ვალით დაფინანსებული პროექტები. რასაკვირველია, ამ ხარჯებს ემატება საგარეო ვალის მომსახურება და სესხის პროცენტიც რაც თავის მხრივ უფრო ზრდის ბიუჯეტის ხარჯებს.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია რომ:
-
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ თანხმობა საგარეო ვალის აღებაზე გაცემული უნდა იყოს მხოლოდ ისეთ პროექტებზე, რომლის შესასრულებლად რესურსიწინაწარ მობილიზებული იქნება, ხოლო რისკები დაზღვეული;
-
მოხდეს საგარეო ვალის აღების დროს საინვესტიციო პროექტებში რისკების დეტალური გაწერა და ზუსტი განხორციელების გრაფიკის შედგენა;
-
დაწესდეს სანქციები იმ კომპანიის მიმართ, რომლებიც დროულად ვერ შეასრულებს, ან უხარისხოდ ვალდებულებას;
-
გაიმართოს ეფექტიანი მონიტორინგისა და კონტროლის სისტემა დაბალი ათვისების გამომწვევი მიზეზების დროული შესწავლისთვის და პრევენციისთვის.