ავტორები: ანა აბაშიძე და ლიზა ქორიძე
- 2020-2023 წლებში 29 მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჯამში 2,274,897 მილიონი ლარის საწვავი მოიხმარა
- 31 მუნიციპალიტეტის საკრებულოდან 28 შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს გაპიროვნებული მანქანა ემსახურებოდა
- ტალინის, ვილნიუსისა და ბუქარესტის საკრებულოებს არც ერთი მანქანა არ ემსახურება
- 2019-2020 წლებში ზუგდიდის მერიას რეკომენდირებული 10 მანქანის ნაცვლად - 191 ემსახურებოდა
- ამავე წლებში 8 ქალაქის - ქუთაისის, ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, ქობულეთის, ბათუმის, ოზურგეთისა და მარნეულის ჩინოსნებს 73-ის ნაცვლად 765 მანქანა ჰყავდათ
მიუხედავად იმისა, რომ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს, 2020-2023 წლებში 29 მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჯამში 2 მილიონზე მეტი ლარის საწვავი მოიხმარა. ამასთან ერთად, მუნიციპალიტეტებში მანქანები გაპიროვნებულია საკრებულოს თავმჯდომარეებზე ყოველგვარი მიზნობრიობის დასაბუთების გარეშე და რიგ საკრებულოებში ავტომობილების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.
აშშ-ს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის 2023 წლის მარტის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე მთავარი გამოწვევებია. ამასთან, ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოს ეკონომიკურ მოდგომარეობას “ცუდად” აფასებს და მოსახლეობის უმეტესობას ეჭვი ეპარება, რომ საქართველოს მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს.
ამ პირობებში, აუცილებელია, რომ საქართველოს მთავრობა და თვითმართველი ორგანოები მოქმედებდნენ, რომ სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები ფოკუსირებული მოქალაქეზე და არა, ჩინოვნიკებზე იყოს. ამისთვის ერთ-ერთი გზა ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაციაა.
Მიუხედავად იმისა, რომ Საქართველოს ხელისუფლების “გაცხადებული” სურვილი სახელმწიფო დაწესებულებებისა და თვითმართველობის ორგანოების ავტოპარკების ოპტიმიზაციაა და ამისთვის 2014 წელს საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება “სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის” შესახებ, მუნიციპალიტეტების საკრებულოების საკუთრებაში მყოფი მანქანების რაოდენობა, საწვავისა და მოვლა/შენახვის ხარჯები არ მცირდება, ზოგან კი პირიქით - იზრდება.
ფლანგვის დეტექტორმა საქართველოს 69-ვე მუნიციპალიტეტს წერილით მიმართა, რათა გაგვეგო 2020-2023 წლებში რამდენი მანქანა ემსახურებათ, მათგან რამდენი არის გაპიროვნებული და რა ჯდება ამ მანქანების მოვლა/შენახვა და საწვავი. Პასუხი მხოლოდ 31 მუნიციპალიტეტის საკრებულომ გაგვცა, მათგან კი ზოგიერთი სრულ ინფორმაციას მაინც არ მოიცავდა. საჯარო დაწესებულებები ძირითად შემთხვევაში არ იცავენ საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის კანონით დადგენილ მაქსიმუმ 10-დღიან ვადას, ან საერთოდ არ გასცემენ ინფორმაციას.
მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მცირე გამონაკლისების გარდა, საკრებულოების უმეტესობას ავტომობილები ემსახურება, ხშირ შემთხვევაში კი მანქანები საკრებულოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეებზე არის გაპიროვნებული და პირადად მათ სარგებლობაშია.
“განპიროვნებული ავტომობილი ‑ ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება კონკრეტული დაწესებულების ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე”.
ფლანგვის დეტექტორისთვის მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2020-2023 წლებში 29 მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჯამში 2,274,897 მილიონი ლარის საწვავი მოიხმარა (ორმა საწვავის შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა), ხოლო 31 მუნიციპალიტეტის საკრებულოდან 28 შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს გაპიროვნებული მანქანა ემსახურებოდა. Საქართველოს კანონმდებლობა არ ავალდებულებს მუნიციპალიტეტების საკრებულოებს დაასაბუთონ და დასაბუთება საჯაროდ გამოაქვეყნენონ, რატომ არის საჭირო, რომ მინიმუმ ერთი მანქანა საკრებულოს თავმჯდომარეზე იყოს გაპიროვნებული და ის მას საკუთარი სურვილისამებრ მოიხმარდეს. Მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, გაპიროვნებული მანქანა გადაცემულია მხოლოდ “სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში”, მოქალაქეებს არ აქვთ არანაირი ბერკეტი შეამოწმონ, კეთილსინდისიერად იყენებს თუ არა ჩინოვნიკი მისთვის გადაცემულ მანქანას, თუ აქვს შესაძლებლობა, რომ მან ავტომობილი საკუთარი სურვილებისთვისაც გამოიყენოს.
Მოქალაქეები რომ ჩინოსნების კეთილსინდისიერებაში დარწმუნებულები ვერ იქნებიან, ამას ადასტურებს ფლანგვის დეტექტორის წარსულში გამოქვეყნებული კვლევებიც, რომლის მიხედვითაც 2019-2020 წლებში ზუგდიდის მერიას რეკომენდირებული 10 მანქანის ნაცვლად 191 ემსახურებოდა, ამავე წლებში კი ჯამში 8 ქალაქის - ქუთაისის, ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, ქობულეთის, ბათუმის, ოზურგეთისა და მარნეულის ჩინოსნებს 73-ის ნაცვლად 765 მანქანა ჰყავდათ.
იგივე ტენდენციები იკვეთება მუნიციპალიტეტების საკრებულოებში. მაგალითისთვის, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს, მამუკა წოწერიას, 2020 და 2021 წლებში 2-2 მანქანა ემსახურებოდა, რომლებისთვისაც საწვავის ხარჯი ჯამურდ მოქალაქეებს თითქმის 30,000 ლარი დაუჯდათ. გარდა ამისა, სამტრედიისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საკრებულეობში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მანქანები პარტიული ნიშნით გაპიროვნდა და ისინი ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეებს ემსახურება. ცალკე გამოყოფას იმსახურებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სადაც 2014 წლის აღწერის მიხედვით 31,486 ადამიანი ცხოვრობს, ამის პარალელურად კი საკრებულოს მხოლოდ 2023 წელს 14 მანქანა ემსახურება, მათგან 11 გაპიროვნებულია.
რამდენი მანქანა ემსახურება საკრებულოებს და რა თანხა იხარჯებსა მათ საწვავსა და მოვლა/შენახვაში (2020-2023 წლებში)?
ქალაქი მანქანების რაოდენობა საწვავის თანხა მოვლა/შენახვის თანხა

როცა საკრებულოს 1 გაპიროვნებული ავტომობილი ემსახურება
2020-2023 წლებში საგარეჯოს, სენაკის, ჩოხატაურის, ცაგერის, ჭიატრის, ხაშურის, ხობის, ხულოს, ლენტეხისა და ქედის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს 1 მანქანა ემსახურებოდა და ყველა შემთხვევაში ეს ავტომობილი გაპიროვნებული იყო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზე. ოდნავ განსხვავებული ქედის მუნიციპალიტეტის შემთხვევა, როდესაც ერთი ავტომბილი საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ემსახურებოდა თავმჯდომარის მოადგილეს. Რაც შეეხება დმანისის მუნიციპალიტეტს, 2020-2021 წლებში მათ ერთი მანქანა ჰყავდათ ასევე საკრებულოს თავმჯდომარესთვის, ხოლო 2022 წელს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაემატა ორი მანქანა - მათგან ერთი “სამორიგეო” მიმაგრებული იყო საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეზე, ხოლო მეორე გაპიროვნდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზე.
როცა საკრებულოს 2 გაპიროვნებული ავტომობილი ემსახურება
2020-2023 წლებში ყვარლის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხარაგაულის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს 2-2 მანქანა ემსახურებოდა და თითოეული მუნიციპალიტეტის შემთხვევაში ერთი მანქანა გაპიროვნებული იყო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯომარეზე, ხოლო მეორე მანქანა მის მოადგილეზე. Საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020-2022 წლებში 2 მანქანა ემსახურებოდა, ხოლო 2023 წელს ეს რიცხვი სამ ავტომობილამდე გაიზარდა და ისინი საკრებულოს თავმჯდომარეზე და მის ორ მოადგილეზე გაპიროვნდა. Რაც შეეხება ქარელისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებს 2020-2023 წლებში მათ 2-2 მანქანა ემსახურებოდათ, თუმცა ორივე საკრებულომ მათგან მხოლოდ ერთი გააპიროვნა - ტრადიცია აქ არც დარღვეულა და საკრებულოს თავმჯდომარეზე. Აბაშის მუნიციპალიტეტს კი 2020-2023 წლებში ასევე ორი მანქანა ემსახურება, მათგან ორივე 2020-2021 წლებში გაპიროვნებული იყო საკრებულოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეზე, ხოლო ამის შემდეგ - 2022-2023 წლებში აბაშის საკრებულოში მხოლოდ ერთი გაპიროვნებული მანქანა დარჩა. ტყიბულის მუნიციპალიტეტს ამავე წლებში ასევე 2 მანქანა ემსახურებოდა, მათგან ერთი კვლავ საკებულოს თავმჯდომარეზეა გაპიროვნებული, მეორე კი საკრებულოს აპარატზე.
როცა საკრებულოს 3 ან მეტი გაპიროვნებული ავტომობილი ემსახურება
Მუნიციპალიტეტების საკრებულოებისთვის ავტოპარკის ოპტიმიზაცია და ამით ბიუროკრატიული ხარჯების დაზოგვა, რომ პრიორიტეტი არ არის, ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს სამტრედიის, ქობულეთის, გორისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მაგალითებით.
Სამტრედიის მუნიციპალუტეტის საკრებულოს 2020-2021 წლებში 2-2 მანქანა ემსახურებოდა და ისინი გაპიროვნებული საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეზე იყო. 2022 წელს მანქანების რაოდენობა სამამდე გაიზარდა და დამატებითი მანქანა დაკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზე გაპიროვნდა. 2023 წლისთვის კი, სამტრედიის საკრებულოს უკვე 5 მანქანა ჰყავს და გაპიროვნებული მანქანების მესაკუთრეებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე და მისი მოადგილეც დაემატნენ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტს 2020-2021 წლებში 4-4 ავტომობილი ემსახურებოდა, რომლებიც გაპიროვნებული საკრებულის თავმჯდომარის მძღოლზე, თავმჯდომარის მოადგილეზე, აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესა და საკრებულოს აპარატის უფროსზე იყო. ანალოგიური რაოდენობის მანქანები ჰყავდა ქობულეთის საკრებულოს 2022 წელსაც, თუმცა ერთ-ერთი მანქანა აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ნაცვლად ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეზე გაპიროვნდა. 2023 წელს კი, მსგავსაც სამტრედიისა, მანქანების რაოდენობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც გაიზარდა და 6 ავტომობილი შეადგინა, რომლებიც პირადად ემსახურება საკრებულოს თავმჯდომარეს, მის ორ მოადგილეს, აპარატის უფროსს, ქართული ოცნების თავმჯდომარესა და საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს.
Წლიდან წლამდე მანქანების რაოდენობა გაიზარდა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც. 2020-2021 წლებში გორის საკრებულოს 3 მანქანა ემსახურებოდა, აქედან 2 გაპიროვნებული. 2022 წელს საკრებულოს უკვე 6 მანქანა ჰყავდა, აქედან 3 გაპიროვნებული. 2023 წელს კი გასულ წელთან შედარებით მანქანების რაოდენობა 5-მდე შემცირდა, გაპიროვნებული მანქანების რაოდენობა კი კვლავ სამი დარჩა. უცნობია, რომელი თანამდებობის პირებზე არის და იყო მანქანები გაპიროვნებული, რადგან გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ამის შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა.
2020-2023 წლებში თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 3 ავტომობილი ჰყავს, რომელთაგან ორი გაპიროვნებულია საკრებულოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეზე, მესამე კი საკრებულო ინფომაციით, 2019 წლიდან სარემონტოა და არავინ იყენებს.
ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. Ზუგდიდის საკრებულოს 2020-2021 წლებში 6 მანქანა ემსახურებოდა, მათგან სამი მანქანა გადანაწილებული იყო საკრებულოს აპარატზე და თავჯდომარის ორ მოადგილეზე, ხოლო დარჩენილი სამი პირადად ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეზე. ვითარება 2021 წლის 3 დეკემბერს შეიცვალა, რის შემდეგაც ზუგდიდის საკრებულოს ინფორმაციით, ისინი აღარ სარგებლობენ საკუთრებაში არსებული მანქანებით.
ლანჩხუთი 2020 წელს 15 მანქანა ყველა გაპიროვნებული, 2021ში 16 მანქანა, აქედან ყველა გაპიროვნებული, 2022-ში 14 მანქანა, აქედან 12 გაპიროვნებული და 2023-ში 14 მანქანა - 11 გაპიროვნებული.
Სახელმწიფოს უწყებებსა და თვითმართველობის ორგანოებში არამიზნობრივად საწვავის გამოყენების წინააღმდეგ რამდენიმე მეთოდი აქვს შემუშავებული:
ა) საწვავის შესყიდვა “აგაი” სისტემის მეშვეობით;
ბ) საწვავის შესყიდვა ნომრიანი პლასტიკური ბარათების მეშვეობით;
გ) საწვავის შესყიდვა უნომრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით;
დ) საწვავის შესყიდვა ტალონების მეშვეობით.
Სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო წერს, რომ საწვავის შესყიდვა და გამოყენება ყველაზე კარგად “აგაი” სისტემით კონტროლდება და სხვა მეთოდები იმ შემთხვევებში გამოიყენება, როდესაც “აგაი” სისტემის გამოყენება შეუძლებელია.
“საწვავის შესყიდვის მიზნობრიობა ყველაზე უკეთ „აგაი“ სისტემის მეშვეობით კონტროლდება. აღნიშნული სისტემის გამოყენებით საწვავი ხვდება მხოლოდ ავტორიზებული ავტომანქანის ავზში და ამ გზით საწვავის ჩასხმისას მინიმუმამდეა დაყვანილი არამიზნობრივი ხარჯვა (მისი ჩასხმა არასამსახურებრივი დანიშნულებისათვის ან არაავტორიზებულ ავტომანქანებში და სხვა)”. - წერს სახელმწიფო შესყიდვების საგენტო.
Მიუხედავად ამისა, პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ არც “აგაი” სისტემა აზღვევს საქართველოს მოქალაქეებს, რომ მათი წარმომადგენლები საკრებულოებსა თუ მერიებში საწვავს არამიზნრობრივად არ იყენებდნენ. 2019-2020 წლებში ზუგდიდის მერიაში გამოვლინდა, რომ 44 ავტომანქანის შემთხვევაში 863-ჯერ დაფიქსირდა ავზზე დიდი მოცულობის საწვავის მოხმარება. აღნიშნულმა 44-მა ავტომანქანამ ჯამურად მოიხმარა 145,100 ლარის საწვავი. ყველა შემთხვევაში მანქანებს “აგაი” ჩიპი ჰქონდა დამაგრებული, თუმცა საწვავის არამიზნობრივად ხარჯვა ვერ აღიკვეთა.
ევროპული პრაქტიკა
საქართველოს მუნიციპალიტეტების გარდა, “ფლანგვის დეტექტორმა” ინფორმაცია რამდენიმე ევროპული ქალაქიდანაც გამოითხოვა, მათ შორის არიან ტალინი, რიგა, ბუქარესტი და ვილნიუსი.
426,000 ადამიანით დასახლებული ესტონეთის დედაქალაქიდან შეგვატყობინეს, რომ ტალინის საკრებულოს ავტომობილები საერთოდ არ ემსახურება. საკრებულოს წევრები მხოლოდ მათი პირადი ავტომობილებით სარგებლობენ. შესაბამისად, ტალინის ბიუჯეტიდან არც ავტომობილების მოვლა-შენახვისთვის არის თანხა გამოყოფილი.
მსგავსი შინაარსის წერილები მივიღეთ ვილნიუსიდან და ბუქარესტიდანაც - ნახევარი მილიონი მოსახლეობის მქონე ვილნიუსის საკრებულოს მანქანა საერთოდ არ ემსახურება. იგივე მდგომარეობაა ბუქარესტში, სადაც 1,776,000 ადამიანი ცხოვრობს - რუმინეთის დედაქალაქიდან შეგვატყობინეს, რომ საკრებულოს ბალანსზე ავტომობილები საერთოდ არ ირიცხება, შესაბამისად, ბიუჯეტიდან არც საწვავზე არის გამოყოფილი რაიმე თანხა.
რაც შეეხება რიგას, როგორც წერილიდან ირკვევა, რიგის საკრებულოს 19 ავტომობილი ემსახურება, თუმცა მხოლოდ სამსახურეობრივი მიზნებისთვის. ბიუჯეტში ყოველწლიურად 150,000 ევროა გამოყოფილი ავტომობილების მოვლა-შენახვისთვის, 41,600 ევრო კი - საწვავისთვის.
Რეკომენდაციები
-
აუცილებელია დასაბუთდეს, რა მიზნობრიობით ხდება თანამდებობის პირებზე საკრებულოების საკუთრებაში მყოფი მანქანების გაპიროვნება.
-
შეიქმნას საწვავის არამიზნობრივად გამოყენების კონტროლის ეფექტიანი მეთოდი, რათა ჩინოვნიკებმა ვერ შეძლონ მათი გამოყენება პირადი მიზნებისთვის.
-
დასაბუთდეს მუნიციპალიტეტების საკრებულოების ავტოპარკში არსებული მანქანების რაოდენობების მიზნობრიობა და მოხდეს მათი მაქსიმალური ოპტიმიზაცია, რათა შემცირდეს ბიუროკრატული ხარჯები.
-
ყოველი წლის მიწურულს, მუნიციპალიტეტების საკრებულოების ვებგვერდებზე გამოქვეყნდეს მათ საკუთრებაში მყოფი მანქანების საწვავის ჯამური ხარჯები და განიმარტოს, რა სამსახუროებრივ მიზნებს მოხმარდა.