უფასო სასადილოებით შიმშილთან ბრძოლა უშედეგოა

ავტორი: სალომე კვირიკაშვილი 

საქართველოში ადამიანები შიმშილობენ. ყოველი მეექვსე მოქალაქე სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთაა. სოციალურ დაცვაში დაახლოებით ₾5 მილიარდი, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის 20% იხარჯება. თუმცა, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მიუხედავად შიმშილის პრობლემა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რასაც მათ შორის სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკის არ არსებობა განაპირობებს. ამ სტატიაში პოლიტიკის მნიშვნელოვან, მაგრამ ცუდად აღსრულებულ კომპონენტზე - უფასო სასადილოებზე მოგითხრობთ. 

2022 წლის საქ.სტატის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 15.6% სიღარიბის აბსულუტურ ზღვარს ქვემოთ იმყოფება. ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყოველი მე-6 ადამიანს საქართველოში არ მიუწვდება ხელი ისეთ საბაზისო საჭიროებებზე, როგორიც არის საკვები, განათლება, ტანისამოსი, სამედიცინო მომსახურება თუ მედიკამენტები. 

სიღარიბის მაჩვენებელის ისტორიული მაქსიმუმი 2007 და 2010 წლებში დაფიქსირდა.. 2010 წლიდან სიღარიბის დონის თითქმის მუდმივი შემცირების ტენდენცია არსებობს.

წყარო: საქსტატი

კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველო სოციალური სახელმწიფოა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა და ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტით დაცულია ცხოვრების სათანადო დონის უფლება, რომელიც მათ შორის მოიცავს სათანადო კვების უფლებასაც. 

სოციალური დაცვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაფინანსების მქონე პროგრამაა. მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამის დასაფინანსებლად 2023 წელს 4,991,890,000 ლარი გამოიყოსაქართველოს ცენტრალური ბიუჯეტი 2023 წელს 22.3 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს რომ ბიუჯეტის თითქმის  სწორედ სოციალურ დაცვის პროგრამაზე იხარჯებოდა. 

 თუმცა მნიშვნელოვანი არა მხოლოდ გამოყოფილი თანხებია, არამედ სახელმწიფოს სწორი, კარგად გააზრებული და განხორციელებული პოლიტიკა, რომლითაც მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ცდილობს სიღარიბის აღმოფხვრას. ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მიუხედავად კვლავ კითხის ნიშნის ქვეშ დგას, თუ რამდენად რეალურად არის სახელმწიფო სოციალური დაცვის გარანტი ადამიანებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების გარეშე უწევთ ცხოვრება?

სიღარიბის მაჩვენებელი თავის მხრივ ცალსახად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოში ადამიანები შიმშილობენ. ამასვე მიუთითებსსურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) „სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის“ ანგარიში, ისევე, როგორც შიმშილის გლობალურ ინდექსის ანგარიში.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სტატისტიკის თანახმად, საქართველო იმ ქვეყანათა კატაგორიაში არ შედის, სადაც შიმშილის მაღალი დონეა, ცხადია, მოქალაქეთა სიღარიბე და შიმშილი ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. ქვეყანის მასშტაბით უფასო სასადილოების პროგრამის ბენეფიციართა რიცხვი კი ამის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.

დღევანდელ სტატიაში სწორედ მოქალაქეთა შიმშილსა და სახელმწიფოს მიერ ამ გამოწვევის საპასუხოდ გამოყენებულ ერთ-ერთ საშუალებაზე, უფასო სასადილოების პროგრამაზე ვისაუბრებთ, რომელიც წლებია გამოწვევას წარმოადგენს, რასაც მათ შორის სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშებში ასახული პრობლემები ადასტურებს. 

რა არის შიმშილი?

მანამ უშუალოდ უფასო სასადილოების სახელმწიფო პოლიტიკაზე საუბარს დავიწყებთ, მნიშვნელოვანია თავად შიმშილის კონცეფციის განმარტება, რომელიც არაერთ კომპონენტს მოიცავს. სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის დროს თითოეული კომპონენტის გათვალისწინება არსებითად მნიშვნელოვანია, შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მექანიზმების შესამუშავებლად.  

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განმარტებით შიმშილი არის მტანჯველი ფიზიკური შეგრძნება, რომელიც გამოწვეულია არასაკმარისი კალორიების მიღებით. ის ქრონიკული ხდება, როდესაც ადამიანი რეგულარულად არ მოიხმარს საკმარისი რაოდენობის კალორიებს (დიეტურ ენერგიას) ნორმალური, აქტიური და ჯანსაღი ცხოვრებისათვის. ათწლეულების განმავლობაში, FAO იყენებდა არასაკმარისი კვების ინდიკატორს მსოფლიოში შიმშილის მასშტაბის შესაფასებლად, ამიტომ „შიმშილს“ ასევე შეიძლება ეწოდოს არასაკმარისი კვება.

კიდევ ერთი მნიშველოვანი განმარტება, რომელიც მიღებულია სურსათის მსოფლიო სამიტზე, სურსათის უსაფრთხოებაა. სურსათის უსაფრთხოება განისაზღვრება, როგორც ფიზიკური და ეკონომიკური წვდომა საკმარისად უსაფრთხო და ნოყიერ საკვებზე, რომელიც აკმაყოფილებს ადამიანთა დიეტურ საჭიროებებს და კვების პრეფერენციებს აქტიური და ჯანსაღი ცხოვრებისათვის. კვებითი დაუცველობა, არასწორი კვება, მინიმალური დიეტური ენერგიის მოთხოვნილება, რეკომენდირებული დღიური რაციონი - ის ტერმინებია, რომლებიც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შიმშილის პრობლემასთან.

საერთაშორისოდ აღიარებული განმარტებების პარალელურად, საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ ის შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილში უამრავ ნაკლოვანებას მოიცავს და ყურადღების მიღმა ტოვებს შიმშილის არაერთ მნიშნელოვან კომპონენტს. 

როგორ ებრძვიან შიმშილის პრობლემას საქართველოში? 

უფასო სასადილოების პროგრამა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს ადგილობრივი მერიების ერთ-ერთი პასუხია შიმშილის პრობლემის საპასუხოდ. ამ კუთხით არსებული გამოწვევები ცალსახად მიუთითებს სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკის არ არსებობაზე.  

ფლანგვის დეტექტორი გასულ წლებშიც წერდა უფასო სასადილოების რეგიონებსა თუ თბილისში არსებულ პრობლემებზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველისაკუთარ ანგარიშებში ყოველწლიურად საუბრობდა უფასო სასადილოების ირგვლივ არსებულ პრობლემებზე. შეგვიძლია ამ კუთხით არსებული პრობლემები და გამოწვევები სხვადასხვა ჯგუფებად გამოვყოთ:

ვის შეუძლია გახდეს ბენეფიციარი? 

უნივერსალური პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სახელმწიფოს არ აქვს განსაზღვრული ერთიანი პოლიტიკა. თითოეული მუნიციპალიტეტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს წესებსა და პირობებს უფასო სასადილოების ბენეფიციარებისათვის. ადგილობრივი საკრებულო იღებსბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებას, რომელიც განსაზღვრავს ბენეფიციართა რეგისტრაციისა და შერჩევის კრიტერიუმებს, ისევე როგორც ბენეფიციართა რაოდენობას.  

ამ საკითხების დეცენტრალიზაცია თავისთავად პრობლემას არ წარმოადგენს. მეტიც, ბუნებრივია, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის უკეთ არის ცნობილი ადგილობრივი მოსახლეობის გამოწვევები და პრობლემები. თუმცა, როგორც დაკვირვება ცხადყოფს, ცენტრალურ დონეზე ერთიანი პოლიტიკის ძირითადი, მინიმალური სტანდარტების თუ სამართლებრივი ჩარჩოს განუსაზღვრელობამ რიგი პრობლემები წარმოშვა. მაგალითად, მინუციპალიტეტების ნაწილში ბენეფიციართა ლიმიტირებული რაოდენობა განისაზღვრება, ნაწილი კი სრულად უზრუნველყოფს ყველა პირის გამოკვებას, მიუხედავად რაოდენობისა. 

მაგალითად, როგორც ტყიბულის საკრებულოს დადგენილებაში ვკითხულობთ, უფასო სასადილოში დასარეგისტრირებელ ბეფიციართა საერთო რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 100 (ასი) ბენეფიციარისა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო საკითხს განსხვავებულად აწესრიგებს და რაოდენობის განსაზღვრის დისკრეციას თავად მერიას ანიჭებს. ფოთის მერიის პასუხიდან ირკვევა, 2023 წელს მომლოდინეთა სიაში 50 ადამიანი იყო, 2022 წელს 51, ხოლო 2021 წელს 30 პირი ელოდებოდა თუ როდის მიიღებდა პროგრამის ბენეფიციარის სტატუსს. შესაბამისად, შესაძლოა პირი აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს ბენეფიციართა ლიმიტირებული რაოდენობის გამო პროგრამის მიღმა დარჩეს. , 

მსგავსი მიდგომა არსებობდა თბილისშიც, რაზეც სახალხო დამცველი ჯერ კიდევ 2016 წელს საუბრობდა. მდგომარეობა 2021 წელს შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლიდან თბილისში მომლოდინეთა სიები აღარ მოქმედებს და ყველას, ვინც კრიტერიუმებს აკმაყოფილებს შეუძლია პროგრამით სარგებლობა, წლების განმავლობაში არსებობდა მომლოდინეთა სიების პრაქტიკა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კი დღესაც არსებობს. 

თუმცა ბენეფიციარად რეგისტრაციის ეტაპზე ეს ერთადერთი პრობლემა არ არის. განსხვავებულია თავად ის კრიტერიუმებიც, რომელთა დაკმაყოფილებაც უფასო სასადილოების პროგრამით მოსარგებლე პირს უწევს. რადგან, ერთიანი სტანდარტი არ არსებობს, ამ კრიტერიუმების განსაზღვრა თითოეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრეროგატივაა. ზოგ შემთხვევაში პროგრამაში რეგისტრაციისთვის მოქალაქეთა სარეიტინგო ქულა არ უნდა აღემატებოდეს 100,000-ს, ხოლო ზოგ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 65,001 ქულით განისაზღვრება. შესაბამისად, მოქალაქის ბედი, რომელიც სიღარიბის დონის გამო ვერ ახერხებს სათანადოდ გამოკვებას, დამოკიდებულია მათ შორის იმაზე, თუ რომელ მუნიციპალიტეტში ცხოვრობს და როგორ განსაზღვრავს მის საკითხს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო. 

რა ხდება ბენეფიციარად გახდომის შემდეგ?

მას შემდეგ რაც პირი ბიუროკრატიას, მომლოდინეთა სიებს, განსხვავებულ კრიტერიუმებს და საკრებულოს მიერ უარის თქმისთვის განსაზღვრულ ყველა წინაპირობას გადალახავს, ხშირ შემთხვევაში გამოწვევების ახალი ტალღა იწყება.

დასვენების დღეები მშიერი მოსახლეობისთვის

ერთიანი სტანდარტების არარსებობის კიდევ ერთი უარყოფითი მხარე მუნიციპალიტეტების საკვების მიწოდების ინტენსივობის მიმართ განსხვავებული მიდგომაა

მაგალითად, ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ შესყიდვის სატენდერო დოკუმენტებშივკითხულობთ, რომ მიმწოდებელმა კომპანიამ ბენეფიციარების კვება უნდა განახორციელოს კვირაში 5 დღის განმავლობაში. კვირა დღე არ არსებობს კასპის მუნიციპალიტეტის მენიუში. მსგავსი მიდგომა გაიზიარეს ჭიათურისა და ამბროლაურის მერიებმაც, რომელთა ტერიტორიაზეც მცხოვრები ღარიბი მოსახლეობა კვირის განმავლობაში მხოლოდ 6 დღე შეძლებს უფასო საკვების პროგრამით სარგებლობას. შესაბამისად უცნობია, ლოგიკა თუ რატომ არ უზრუნველყოფენ შესაბამისი მუნიციპალიტეტები პროგრამის ბენეფიციარების ყოველდღიურ კვებას. 

მენიუ - კიდევ ერთი აქილევსის ქუსლი უფასო სასადილოების პროგრამაში

წლების განმავლობაში უფასო სასადილოების თითქმის უცვლელი მენიუ ერთ-ერთია იმ პრობლემათაგან, რომელიც ერთფეროვნების უსასრულო წრეს ქმნის ბენეფიციარებისთვის. 

მაგალითად, თბილისის მერიას  2018-2023 წლებში  მენიუ თითქმის არ შეუცვლია.. მსგავსი მდგომარეობაა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შემთხვევაშიც. მენიუს ერთფეროვნებას ემატება სხვა პრობლემები: საკვების გემოვნური თვისებები, კალორაჟი, დაუბალანსებელი რაციონი და ბენეფიციართა სპეციფიკური საჭიროებების გაუთვალისწინებლობა.

მენიუს შედგენა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია. სტატიის დასაწყისშივე, შევეხეთ საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც ითვალისწინებენ რაციონის იმგვარად განსაზღვრას, რომ შესაძლებელი იყოს ენერგიის მინიმალურ რაოდენობის, ვიტამინების, მინერალებისა და მაკროელემენტების მიღება.

გარდა საერთაშორისო სტანდარტისა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებითაცგანისაძრვრება ძირითადი ნორმატივები. თუმცა ერთიანი სტანდარტი არც ამ შემთხვევაში არსებობს. სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მონიტორინგის დროს გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც კვების მენიუს ბუღალტერი ადგენდა და არა შესაბამისი დარგის სპეციალისტი. 

ფლანგვის დეტექტორი დაინტერესდა, როგორ და ვის მიერ განისაზღვრება უფასო სასადილოების მენიუ? არსებობს თუ არა სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრება მენიუ, საკვების კალორაჟი, სადილის ენერგეტიკული ღირებულება? რამდენად არის გათვალისწინებული ბენეფიციართა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური მრწამსი? ამ კითხვით 5 ქალაქის მერიას მივმართეთ. (თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი). წერილზე ყველა მერიამ გვიპასუხა ქალაქ ბათუმის გარდა. 

მერიის პასუხები 

ქუთაისში უფასო სასადილოების პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ააიპ "მადლიერების სახლი". ხოლო რაც შეეხება მენიუს შედგენის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად ქუთაისის მერიამ მოგვწერა, რომ უფასო კვების მენიუ დამტკიცებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ და შეესაბამება საქართველოს მთავრობის N487 დადგენილებას. 

საქართველოს მთავრობის N487 დადგენილება კი განსაზღვრავს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმებს". თუმცა, უფასო სასადილოებით სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანები, მათ შორის ხანდაზმულები სარგებლობენ, შესაბამისად გაუგებარია, რატომ ითვალისწინებს და ხელმძღვანელობს მერია მენიუს შედგენის დროს იმ დოკუმენტით, რომელიც ადრეული და სკოლის ასაკის ბავშვები კვების სტანდარტებს განსაზღვრავს.  

რუსთავის მერიის პასუხის მიხედვით მენიუს განსაზღვრის საკითხი წესრიგდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებით. დადგენილების თანახმად, უფასო სასადილოების მენიუს შემადგენლობას/არსებული შემადგენლობის განახლებას უზრუნველყოფს სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი, ნუტრიციოლოგის მიერ შემუშავებული დასკვნის საფუძველზე. 

ფოთის მერიამ დასმულ კითხვებზე ყველაზე მოკრძალებულად გვიპასუხაპასუხში ნათქვამია, რომ უფასო კვებით უზრუნველყოფის (უფასო სასადილოს) პროგრამის მენიუ და საკვების კალორაჟი განისაზღვრება შიდა ბრძანებით, თუმცა შესაბამისი ბრძანება არ მოუწოდებიათ. მენიუდან კი ირკვევა, რომ კვების საშუალო კალორაჟი არის 1500 კკ. აღსანიშნავია, რომ მინიმალური კალორიების მონაცემები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით და საშუალოდ 1,660-დან 2,040 კილოკალორიამდე მერყეობს.

თბილისის მერიამ გვაცნობა, რომ ბენეფიციარებისთვის კვებითი რაციონის გაუმჯობესების და მისი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას თხოვნით მიმართეს გამგეობებმა, რათა რაციონში ცვლილებები შესულიყო. საბოლოოდ კი გარემოს მედიცინის, ეპიდემიოლოგის და სამედიცინო ეკოლოგიის ექსპერტ-ნუტრიციოლოგს პროფესორ გულნარა დვალს დაევალა, შეემუშავებინა და მერიისთვის მიეწოდებინა შესაბამის მენიუში გამოსაყენებელი კერძების რეცეპტურასა და ქიმიურ შემადგენლობაში შესატანი ცვლილებები. აღნშნული ექსპერტის მიერ შემუშავებული მენიუს საფუძველზე მომზადდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 16.12.2021წ. #1-819 ბრძანება, რის მიხედვითაც ქ თბილისის გამგეობების მიერ ხორციელდება შესაბამისი ბენეფიციარების უფასო სასადილოთი მომსახურების შესყიდვა.

ოთხი ქალაქის მერიის მიერ მოწოდებულ პასუხზე კარგად ჩანს, ერთის მხრივ უნივერსალური/საერთო სტანდარტის არ არსებობა, ხოლო მეორეს მხრივ რამდენად დაუბალანსებელი შეიძლება იყოს მენიუ და არ ითვალისწინებდეს ბენეფიციართა ასაკს, სქესს, დაავადებებს, რელიგიურ მრწამსს, ალერგიულობას თუ სხვა მნიშვნელოვან მახასიათებლებს. 

მიმწოდებელი კომპანიები და საკვების ხარისხი

კვების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა მერიების მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ მენიუსთან ერთად წლიდან-წლამდე იშვიათად ან თითქმის არ იცვლებიან მიმწოდებელი კომპანიები. თუ კონტრაქტორი კომპანიები კეთილსინდისიერად და მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას, ეს დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, თუმცა რამდენად არის ასე?  

თბილისის მაგალითს თუ განვიხილავთ, რომლის შესახებაც არა ერთხელ გვისაუბრია, უფასო სასადილოებს 2023 წელს 4 კომპანია ემსახურებოდა, საიდანაც 3 კომპანია წარსულში დაჯარიმებული იყო.

●  ალადაშვილები და კომპანია - 2019 წელს ობიექტის შემოწმების შედეგად, ინსპექციამ სასადილოში ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი გამოავლინა. კერძოდ, პერსონალს არ ეკეთა ხელთათმანები, ულუფები გაიცემოდა აწონვის გარეშე თვალის ზომით. კომპანია დაჯარიმდა, თუმცა წლებია კვლავ უკონკურენტოდ განაგრძობს ტენდერებში გამარჯვებას.

●  ილი ჯგუფი - სასადილოს შემოწმების დროს, 2021 წლის ივლისს 2 ობიექტზე დადგინდა, რომ კომპანია ვალდებულებით განსაზღვრულ საკვებზე ნაკლებს ამზადებდა. ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ილი ჯგუფი დაჯარიმდა.

●  შპს ელფი - 2022 წელს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მოხვდა. კერძოდ: თბილისის სასადილოს საწარმო შპს ელფში არ ტარდებოდა სათანადო რეცხვა-დეზინფექცია; წარმოიქმნებოდა კონდენსატი. შესაბამისად, ამ სუბიექტს კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 68-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1000 ლარის ოდენობით).

საინტერესოა ისიც, რომ ილი ჯგუფი მხოლოდ თბილისში არ ემსახურება უფასო სასადილოებს. ის უკვე წლებია უზრუნველყოფს ქალაქ რუსთავის უფასო სასადილოების მომსახურებასაც. უფასო სასადილოების მომსახურების მიზნით ქალაქ რუსთავის მერიის მიერ 2018-2023 წლებში გამოცხადებული 6 ტენდერიდან, 4 შემთხვევაში ილი ჯგუფმა უკონკურენტოდ, ხოლო 1 შემთხვევაში კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა.  

ერთი მნიშვნელოვანი საკითხი თანხაა, თუ რამდენს ხარჯავს თითოეული მერია 1 ადამიანის გამოსაკვებად დღეში. თბილისის მერია ამას 1.70 ლარად ახერხებს. თუმცა, ეს არამხოლოდ საკვების ხარჯია, არამედ ამ თანხაში შედის კომპანიის მომსახურება (ადმინისტრაციული ხარჯები). ამ შემთხვევაშიც საკვების ხარისხი, ისევე როგორც მენიუ და გემოვნური თვისებები განსხვავდება მერიების მიხედვით. ქალაქ რუსთავის ბენეფიციარებს შედარებით გაუმართლათ, რადგან თუ ტენდერებს გადავხედავთ, 1 ადამიანის გამოსაკვებად დახარჯული თანხა რუსთავის შემთხვევაში 3.30 ლარს შეადგენს. კიდევ უფრო მეტ თანხას ხარჯავს ფოთის მერია. როგორც მერიის პასუხიდან ირკვევა 2024 წლის განმავლობაში 360 ბენეფიციარის გამოსაკვებად მერია 483,700 ლარს დახარჯავს. შესაბამისად 1 ბენეფიციარის გამოსაკვებად შესაბამისი გაანგარიშებით მერია 3.68 ლარს გამოყოფს. ამ მიმართულებით დახარჯული თანხები კიდევ ერთი ინდიკატორი შესაძლოა იყოს, რომელიც მარტივად გვიქმნის წარმოდგენას საკვების სავარაუდო ხარისხსა თუ მენიუს ბალანსირებაზე. 

 რაც შეეხება საკვების ხარისხის ოფიციალურ შეფასებას, ძირითადად თითოეულ მუნიციპალიტეტში განსაზღვრულია სპეციალური ინსპექტირების ჯგუფი, რომელიც ამოწმებს ხელშეკრულების შესრულებას, რაც ყოველთვის არ მოიცავს საკვების ხარისხის, გემოვნური თვისებების შესწავლას და შეფასებას. ამ მხრივ საყურადღებო სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიშია, სადაც აღნიშულია, რომ სასადილოდან მხოლოდ პურის გატანის შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია თბილისში, რაც, ბენეფიციართა თქმით, მომზადებული საკვების დაბალი ხარისხითა (არადამაკმაყოფილებელი გემოვნური თვისებებით) და დაბალი კალორიულობით აიხსნება. 

როგორ განსხვავდება სხვა ქვეყნების პრაქტიკა? 

ბევრი ქვეყანა სთავაზობს მოქალაქეებს სხვადასხვა სოციალურ პროგრამებს, რომელიც მათ შორის ღარიბი მოსახლეობის კვებას უზრუნველყოფას, თუმცა ამას განსხვავებული პროგრამებით ახერხებენ. თუ, ევროპის ქვეყნების გამოცდილებას გადავავლებთ თვალს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთიანი, უნივერსალური მოდელი, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ მშიერი მოსახლეობის გამოკვება არ არსებობს.  

ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფო პოლიტიკა ითვალისწინებს უმუშევარი ან ღარიბი მოსახლეობის ფინანსურ მხარდაჭერას, რათა პირმა თავად უზრუნველყოს შესაბამისი კვება, განათლების მიღება, საცხოვრისი და ზოგადად დაიკმაყოფილოს საბაზისო მოთხოვნილებები. ქვეყნებში მთავრობისა თუ საკანონმდებლო ორგანოს დონეზე განისაზღვრება ერთიანი სტანდარტები პროგრამისა და მისით მოსარგებლეთათვის.  

მაგალითად, გერმანიაში ერთ-ერთი მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში, უმუშევარი ადამიანები იღებენ ფულს ან ვაუჩერს, რომლის გამოყენებაც თავად შეუძლიათ. შვედეთს აქვს სოციალური დახმარების პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფინანსურ დახმარებას გაჭირვებულ ინდივიდებისა და ოჯახებისთვის, რომელიც შეიძლება მოიცავდეს დახმარებას საკვების ხარჯებისთვისაც. საფრანგეთმა განახორციელა სოციალური კეთილდღეობის პროგრამები, რომელიც ფინანსურ დახმარებას უწევს დაბალი შემოსავლის მქონე პირებს და ოჯახებს. მსგავს ფინანსურ დახმარებას სთავაზობენ პოლონეთისა და ესტონეთის მთავრობები უმუშევარ ან დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობას.

თანხის გადაცემით, რომელიც მიზნად ისახავს საჭიროებების დაკმაყოფილებას, ბენეფიციარს თავად შეუძლია განსაზღვროს რას, როდის და სად მიირთმევს, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური მრწამსის თუ უბრალოდ გემოვნების/სურვილის გათვალისწინებით. 

როგორი უნდა იყოს თავად პროგრამა საკამათო საკითხია და ბუნებრივია ბევრი განსხვავებული მოდელი და აზრი შესაძლოა არსებობდეს, თუმცა ერთი რამ ცხადია: ქვეყანაში უნდა არსებობდეს პროგრამა, რომელიც ერთიან სტანდარტს დაექვემდებარება.  

დასკვნა:

უფასო სასადილოების პროგრამის საკითხების შესწავლა ცხადყოფს არაერთ მნიშნელოვან პრობლემის არსებობას, რომელთა წინაშეც ბენეფიციარები წლებია დგანან. ერთფეროვანი, დაუბალანსებელი მენიუ, უგემური და არასაკმარისი საკვები, ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ბენეფიციართა საჭიროებების გაუთვალისწინებლობა, საკვებსა და მომსახურებაზე დახარჯული თანხების სიმცირე, მიმწოდებელ კომპანიების კეთილსინდისიერების საკითხი და მონიტორინგის ნაკლოვანებები. ყოველივე აღნიშნული საბოლოო ჯამში შიმშლის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების არ არსებობას განაპირობებს. საჭიროა სახელმწიფოს მიერ ქმედითი, თანმიმდევრული და მიზანმიმართული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის  ერთიანი პოლიტიკს, სტანდარტებ თუ ხედვის შემუშავება. 

რეკომენდაციები:

  1. საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგება - მნიშნელოვანია განისაზღვროს ერთიანი მინიმალური სტანდარტი უფასო სასადილოების პროგრამისათვის.

(მინიმალური სტანდარტის ფარგლებში, ადგილობრივ თვითმმართველობებს არ ერთმევათ თავისუფლება, თავად განსაზღვრონ ადგილობრივ დონეზე არსებული პოლიტიკა და შემოიტანონ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტები)

  1. უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთის ყოველდღიურად საკვების მიწოდება გახდეს სავალდებულო
  2. დაინერგოს ხარისხის კონტროლის ეფექტური მექანიზმები, რომელიც საკვების ხარისხისა და გემოვნური თვისებების კონტროლსაც მოიცავს. 
  3. სასადილოების მენიუს შედგენა მოხდეს ერთიან სტანდარტზე დაფუძნებით, ექსპერტების მიერ, ბენეფიციართა საჭიროებების და მახასიათებლების გათვალისწინებით. 
  4. მუნიციპალიტეტების მიერ გამოიყოს დამატებითი თანხებიმომლოდინეთა სიები აღარ არსებობდეს.