თბილისის უფასო სასადილოების ტენდერებში 4-დან 3 გამარჯვებული კომპანია წარსულში დაჯარიმებული იყო

2023 წლის განმავლობაში თბილისში უფასო სასადილოების ბენეფიციარებს 4 სხვადასხვა კომპანია მოემსახურება. შპს ტანდემი, ილი ჯგუფი, ელფი და შპს Aladashvili & co ის კომპანიები არიან, რომლებიც უკვე წლებია უფასო სასადილოების მომსახურების ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებენ. 

თბილისის რაიონების გამგეობებმა  უფასო სასადილოების მომსახურების შესასყიდად ტენდერები ჯერ კიდევ 2022 წელს გამოაცხადეს და ამავე წელს გამარჯვებულებიც გამოავლინეს. ათივე ტენდერი უკონკურენტოდ წარიმართა, რაც თუ გასული წლების მდგომარეობას გავითვალისწინებთ, სულაც არ არის გასაკვირი. 

უკვე წლებია, უფასო სასადილოების მომსახურების ტენდერებში ერთი და იგივე კომპანიები იმარჯვებენ, თან უკონკურენტოდ. კომპანიებთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, 2023 წლის განმავლობაში ჯამში 42,188 ბენეფიციარის გამოსაკვებად, ბიუჯეტიდან 26,153,982 ლარი დაიხარჯება. საშუალოდ 1 ბენეფიციარის გამოსაკვებად დღეში 1.70 ლარამდე დაიხარჯება. მენიუ, მსგავსად გასული წლებისა, კვლავ არ შეცვლილა, შესაბამისად, ბენეფიციარებს კვლავ ის მენიუ ექნებათ, რაც გასულ კვირას, თვეს თუ საერთოდაც გასულ წელს ჰქონდათ. 

თუმცა უგემური და ზოგჯერ უხარისხო საკვების ფონზე წლების მანძილზე ერთი და იგივე მენიუ შედარებით ნაკლები პრობლემაა. ტენდერში გამარჯვებული 4 კომპანიიდან 3 წარსულში დაჯარიმებულია სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის არაჰიგიენური პირობების და საკვების განსაზღვრულ რაოდენობაზე ნაკლების მიწოდების გამო. 

10 რაიონიდან ყველაზე მეტს, 4 რაიონს მოემსახურება შპს Aladashvili & co. კომპანიამ ისნის, კრწანისის, ჩუღურეთის და მთაწმინდის ტენდერებში გაიმარჯვა, რის შედეგადაც 2023 წელს 14,420 ბენეფიციარის გამოკვება დაევალა ჯამში 8,926,659 ლარად. “ალადაშვილები და კომპანია” 2019 წელს  მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები 2530 მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეთათვის უფასო სასადილოებით მომსახურებას უზრუნველყოფდა. ობიექტის შემოწმების შედეგად, ინსპექციამ სასადილოში ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი გამოავლინა. კერძოდ, პერსონალს არ ეკეთა ხელთათმანები, ულუფები გაიცემოდა აწონვის გარეშე თვალის ზომით. კომპანია დაჯარიმდა, თუმცა წლებია კვლავ უკონკურენტოდ განაგრძობს ტენდერებში გამარჯვებას. 

წარსულში დაჯარიმებულია ილი ჯგუფიც. 2023 წლის განმავლობაში ილი ჯგუფი უზრუნველყოფს სამგორის, ნაძალადევისა და საბურთალოს რაიონების უფასო სასადილოების მომსახურებას. კომპანიამ 2023 წლის განმავლობაში ყოველდღიურად 17,343 ბენეფიციარის გამოკვება უნდა უზრუნველყოს. საერთო ჯამში სამმა რაიონმა კომპანიასთან 10,761,331 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ. 2021 წელს ილი ჯგუფი ნაძალადევის რაიონში უფასო სასადილოების მომსახურებას უზრუნველყოფდა.   სასადილოს შემოწმების დროს, 2021 წლის ივლისს  2 ობიექტზე დადგინდა, რომ კომპანია ვალდებულებით განსაზღვრულ საკვებზე ნაკლებს ამზადებდა. ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ილი ჯგუფი დაჯარიმდა.  ილი ჯგუფი 2008 წელს დაფუძნებული კომპანიაა. მიმდინარე მონაცემებით კომპანიის 71%-ის მესაკუთრე იაშა ჩაჩუა, ხოლო 29%-ის მესაკუთრე ლაშა უღრელიძეა.  აღსანიშნავია, რომ კომპანიის მესაკუთრეეებმა სალომე ზურაბიშვილს 2018 წელს ჯამში 120,000 ლარი შესწირეს, ხოლო ლაშა უღრელიძემ ქართულ ოცნებას 2020 წელს 50,000 ლარი შესწირა.

წარსულში დაჯარიმებულია შპს ელფიც, რომელიც 2023 წლის განმავლობაში გლდანის რაიონში მოემსახურება უფასო სასადილოების ბენეფიციარებს. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას 4,110,812 ლარის სანაცვლოდ 6,625 ბენეფიციარის გამოკვება დაევალა. შპს ელფი 2022 წელს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მოხვდა. კერძოდ: თბილისის სასადილოს საწარმო შპს ელფში არ ტარდებოდა სათანადო რეცხვა-დეზინფექცია; წარმოიქმნებოდა კონდენსატი. შესაბამისად, ამ სუბიექტს კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 68-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1000 ლარის ოდენობით). 

თავის მხრივ, სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიშში გამოვლენილ პრობლემებს შორის არის კვების ობიექტებზე არაჰიგიენური გარემო, კვების ხარისხისა და გემოვნური თვისებების, ისევე როგორც რაციონის ნაკლოვანებები. 

მაგალითად, ანგარიშის თანახმად, თბილისის შემთხვევაში განსაკუთრებით ხშირია სასადილოებიდან მხოლოდ პურის გატანის შემთხვევები, რაც, როგორც ბენეფიციარებთან გასაუბრებით იკვეთება, მომზადებულის საკვების დაბალი ხარისხითა და დაბალი კალორიულობითაა განპირობებული.  ამასთანავე, თბილისის ყველა რაიონის სასადილოს აქვს ერთიანი მენიუ, რომელიც არ შეიცავს ცოცხალ ხილს, ბოსტნეულს, ასევე მწირია რძის პროდუქტის რაოდენობა. 

ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მონიტორინგის სისტემა არ ითვალისწინებს კვების ხარისხის კონტროლს, მომზადებული ულუფის გასაცემი ულუფის ოდენობასთან შესაბამისობას, ასევე მომზადებული მენიუს და ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი ულუფის სატენდერო ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას.

თუ 1 ადამიანის გამოსაკვებად გამოყოფილ თანხას და გამარჯვებულ კომპანიებს გადავხედავთ, არ არის მოსალოდნელი, რომ თბილისის ყველაზე ღარიბი მოსახლეობა 2023 წელს მაინც შეძლებს ხარისხიანი კვების მიღებას. 

 

წყარო:

  1. შესყიდვები https://bit.ly/3N0lHiG 

  2. სახალხო დამცველის ონიტორინგის ანგარიში  https://bit.ly/3d6zWm0  

  3. ფლანგვის დეტექტორი https://bit.ly/3A8BULV