საქართველოში მრავალი საწარმოა, რომელთა მესაკუთრეც სახელმწიფოა. აღნიშნული საწარმოების შემოსავლის ძირითად წყაროს სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სუბსიდია წარმოადგენს.
სახელმწიფო საწარმოები და არსებული საკანონმდებლო გამოწვევები ფლანგვის დეტექტორის სტატიაში ფართოდაა მიმოხილული. ამჯერად ყურადღებას არა საწარმოების საქმიანობაზე, არამედ მათი დირექტორების ხელფასებზე შევაჩერებთ.
ცენტრალური ხელისუფლების საკუთრებაში არსებული სახელმწიფო საწარმოები თავის მხრივ სხვადასხვა სამინისტროსა და ორგანოსთვის არის გადაცემული.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საწარმოს აქვს რესურსი და ზოგიერთ შემთხვევაში - ვალდებულებაც, მიიღოს შემოსავალი, ისინი ხშირად ზარალზე მუშაობენ და სახელმწიფოსგან მიღებული დაფინანსებით არსებობენ. ხშირად, ბიუჯეტიდან მიღებული დახმარება კომპანიის გაკოტრების ერთადერთი წინაღობაა.
მაგალითად, ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, სს საპარტნიორო ფონდმა 2017, 2018 და 2020 წლები ჯამში 1.3 მილიარდი ლარის ზარალით დაასრულა, ხოლო საქართველოს რკინიგზამ 2017-2020 წლებში ჯამში 1.2 მილიარდი ლარის ზარალი მიიღო. რაც შეეხება ბლექ სი არენა ჯორჯიას, კომპანია მოგებაზე არც ერთხელ გასულა.
საინტერსოა, რამდენად აისახება სახ. საწარმოების ზარალი აღნიშნული კომპანიის დირექტორების შემოსავალზე?
საქართველოს კანონმდებლობა, სახ. საწარმოების ხელმძღვანელებს, ავალდებულებს რომ ყოველწლიურად წარადგინოს ქონებრივი დეკლარაცია, სადაც მოცემულია ინფორმაცია თანამდებობის პირის ფინანსების შესახებ.
აღნიშნული საწარმოების დირექტორების წლიური შემოსავლების შესწავლით აშკარაა, რომ კომპანიის “წამგებიანი” საქმიანობა არ აისახება ხელმძღვანელების წლიური სარგოზე.
ყველაზე მაღალშემოსავლიანი საწარმოების დირექტორების შემოსავალი ასე გამოიყურება:
სს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დავით საგანელიძე 9 წლის განმავლობაში იკავებდა, 2015-2023 წლებში. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად მისი ყოველწლიური შემოსავალი საშუალოდ 200,000 ლარს აღემატება, რაც ყოველთვიურად დაახლოებით 16,000 ლარს შეადგენს.
დავით საგანელიძემ დირექტორის მოვალეობების შესრულებისთვის 2015-2022 წლებში ხელფასის სახით ჯამში 1,582,414 ლარი აიღო.
სს საპარტნიორო ფონდმა 2018 წელი 585 მლნ ლარის ზარალით დაასრულა, რაც 2015 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. მიუხედავად კომპანიის წაგებისა, დავით საგანელიძის ყოველწლიურმა შემოსავალმა 2018 წელს 294,000 ლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 20 ლარზე მაღალ ყოველთვიურ შემოსავალს გულისხმობს.
საქართველოს რკინიგზა სახელმწიფო საწარმოა, რომელსაც დავით ფერაძე 2017 წლიდან ხელმძღვანელობს.
ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, 2017-2022 წლებში, აღნიშნულ თანამდობაზე, მან ხელფასის სახით 823,793 ლარი მიიღო.
მაგალითად 2018 წელი საქართველოს რკინიგზისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული წელი აღმოჩნდა, რა დროსაც კომპანიის ზარალმა 717 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნულ ფაქტს გავლენა არ მოუხდენია მისი დირექტორის შემოსავალზე. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, დავით ფერაძემ, 2018 წელს ყველაზე მაღალი შემოსავალი 210,525 ლარი მიიღო, ანუ მისი თვიურმა შემოსავალი დაახლოებით 17,000 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დავით ფერაძის წლიური შემოსავალი აღნიშნულ თანამდებობაზე საშუალოდ 140,000 ლარზე მეტია, თუმცა 2018 წელს კომპანიის ყველაზე დიდი ზარალის მიუხედავად მისმა სარგომ ნორმას მნიშვნელოვნად გადააჭარბა.
შპს ბლექ სი არენას დირექტორის თანამდებობას 2018 წლიდან ტარიელ ხარჩილავა იკავებს. ტარიელ ხარჩილავას შემოსავალი მზარდია, თუმცა უცნობია, რა არის აღნიშნული ზრდის მიზეზი, რადგან კომპანია დაარსებიდან დღემდე არასდროს გასულა მოგებაზე და ყოველ წელს მნიშვნელოვანი ზარალით ასრულებს.
ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, ტარიელ ხარჩილავას შემოსავალმა 2020-2022 წლებში ჯამში 262,451 ლარი შეადგინა. ხოლო, წლების მიხედვით მისი შემოსავალი ასე გამოიყურება:
- 2020 წელს 84,621 ლარი
- 2021 წელს 88, 713 ლარი
- 2022 წელს 89,117 ლარი
კომპანია ბლექსი არენასგან გასხვავებით, საპარტნიორო ფონდი და საქართველოს რკინიზგა სამუშაო წელს მოგებაზეც ასრულებენ. მაგალითად, საქართველოს რკინიგზამ 2023 წლის 9 თვის მონაცემების თანახმად 102 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო. თუმცა კომპანიების ფისკალურ ანგარიშებს მიხედვით, ჯამში ზარალის ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება საწარმოს მიერ მიღებულ მოგებას, რაც გავლენას არ ახდენს მათი ხელმძღვანელების შემოსავალზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, შემუშავდეს შესაბამისი ანტიკორუფციული მექანიზმები რაც გაზრდის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტს სახელმწიფო საწარმოებში.
წყარო:
-
თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციები: https://shorturl.at/vEL13
-
სტატია- სახელმწიფო საწარმოები წამგებიანია-რატომ?: https://shorturl.at/iG013
-
სტატია- საქართველოს რკინიგზამ 9 თვე 102 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა: https://shorturl.at/yA359