სახელმწიფო საწარმოები წამგებიანია. რატომ?

ავტორი: ლიზა ქორიძე

საქართველოში წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტი სახელმწიფო საწარმო იქმნება, რომელიც მეტწილად ბიუჯეტიდან ფინანსდება. მათი უმეტესობა წლებია, ზარალს განიცდის. რაშია პრობლემა და როგორია მისი გადაჭრის სავარაუდო გზები?

კორუფციაზე მომუშავე ორგანიზაციები მუდმივად ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო საწარმოები ყველაზე დახურული ორგანიზაციები არიან, მათი საქმიანობა გაუმჭვირვალეა და ნაკლებად კონტროლდება, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად საბიუჯეტო სახსრებით ფინანსდება. აგრეთვე, საზოგადოებას არ აქვს საშუალება, შეაფასოს სახელწმიფო საწარმოების საქმიანობის ეფექტიანობა და ჩავარდნები. 

სტატიაში განხილულია სახელმწიფო საწარმოებში არსებული კორუფციის რისკები, კანონმდებლობა, რომელიც სახელმწიფო საწარმოებს სრულყოფილად უნდა არეგულირებდეს, მაგრამ ამ მიზანს ვერ ასრულებს და აგრეთვე, თუ როგორია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა კორუფციის პრევენიისთვის. 

მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში ასობით სახელმწიფო საწარმო არსებობს, კვლევისთვის შვიდი საწარმო შევარჩიეთ, რომელთა 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო ან საპარტნიორო ფონდია. 

ქართული კანონმდებლობა:

სახელმწიფო საწარმოები სხვადასხვა მიზნით იქმნება, მათი დაარსება ხშირად პოლიტიკურ ან საზოგდოებრივ მიზნებს ემსახურება, ერთ-ერთი მიზანი კი ასევე ეროვნული ეკონომიკის გაძლიერებაც შეიძლება იყოს. “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონში სახელმწიფო საწარმოს ერთიან განმარტებას ვერ შევხვდებით, თუმცა, არსებობს სახელმწიფო საწარმოს საყოველთაოდ აღიარებული განმარტება - საწარმოები, რომელთა კონტროლს მნიშვნელოვანწილად სახელმწიფო ახორციელებს სრული მფლობელობით, საკონტროლო პაკეტის ფლობით ან მის გარეშე, აქციების მნიშვნელოვანი ნაწილის ფლობით. 

ჩვენი კანონმდებლობა არ შეიცავს მუხლებს იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც უნდა დაარსდეს ასეთი საწარმო, გარდა ამისა, კანონში ასევე არაფერია ნათქვამი სახელმწიფო საწარმოს შექმნის მიზნებზეც. მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის რამდენიმე მუხლი უშუალოდ სახელწმიფო საწარმოებს შეეხება. მუხლი 46.4 სამეწარმეო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს შექმნას განსაზღვრავს, მუხლი 50.4 კი საწარმოს დაშლის წესს. დანარჩენ შემთხვევაში სახელმწიფო საწარმოებზე კანონის ზოგადი ნორმები ვრცელდება. 

სხვა ქვეყნებთან შედარებისას აშკარა ხდება, რომ საქართველოში არ არსებობს სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ერთიანი, ჩამოყალიბებული სისტემა. “სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჯერ კიდევ 2015 წელს წერდა, რომ არსებული სისტემები საზოგადოებას არ აძლევს საშუალებას, შეაფასოს სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობა და ამ სფეროში არსებული პრობლემები. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს კანონი “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის” შესახებ, რომლის მე-17 მუხლი ამბობს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს იმ კერძო სამართლის იურიდიული პირების საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, რომლის წილების 50%-ს ან მეტს სახელმწიფო ფლობს. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ამ საწარმოს აქციები განთავსებულია ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე. საწარმომ ინფორმაცია თავისი ფინანსური ანგარიშგების შესახებ მოთხოვნისთანავე უნდა წარუდგინოს აუდიტის სამსახურს. 

აგრეთვე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჯერ კიდევ 2015 წელს წერდა, რომ საქართველოში არ არსებობს კორპორაციული მმართველობის კოდექსი, სადაც ასახული იქნებოდა საწარმოთა მართვის ძირითადი პრინციპები და საფუძვლები. რვა წლის შემდეგაც, ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო საწარმოების მართვის ერთიანი პოლიტიკა. 

OECD-ისა და მსოფლიო ბანკის კვლევების მიხედვით, სახელმწიფო საწარმოს ფლობა და კონტროლი რამდენიმე ფორმატით შეიძლება განხორციელდეს, თუმცა მათგან ყველაზე გავრცელებული ცენტრალიზებული, დეცენტრალიზებული და ორმაგი მფლობელობის მექანიზმებია. ცენტრალიზებული მფლობელობა გულისხმობს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ყველა სახელწმიფო საწარმოს მმართველობა ერთი ორგანოს მიერ ხორციელდება. დეცენტრალიზებული მფლობელობაა, როცა სხვადასხვა სახელწმიფო საწარმოს ზედამხედველობას სხვადასხვა სამინისტრო ახორცილებს. ორმაგი მფლობელობა ნიშნავს, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვა საჯარო სტრუქტურასა და უფლებამოსილ ორგანოს შორის არის განაწილებული. 

სახელმწიფო საწარმოების მართვის ქართული მოდელი პრობლემურია. მაგალითად, სს საპარტნიორო ფონდი, რომელიც თვითონაც სახელწმიფო საწარმოა, რამდენიმე სხვა სახელმწიფო საწარმოს მართავს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში საწარმოს მმართველი სამინისტროც შეიძლება იყოს. აღნიშნული ფაქტორები ერთი მხრივ იწვევს იმას, რომ სახელმწიფო საწარმოების საქმიანობის ეფექტურობის შეფასება ვერ ხერხდება, მეორე მხრივ კი იზრდება კორუფციის რისკებიც. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო საწარმოების დაფუძნების, მართვის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის საკითხები დღემდე გადაუჭრელი და დასარეგულირებელია. 

ამ ყველაფრის ფონზე საინტერესოა, რამდენი სახელმწიფო საწარმო არსებობს საქართველოში და წლიდან წლამდე როგორ იცვლებოდა მათი დაფინანსება. 

 

სახელმწიფო საწარმოები საქართველოში:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2022 წლის ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლის მონაცემებით, სახელმწიფო საწარმოების რაოდენობა ასე გამოიყურება: 

 

ცენტრალური ხელისუფლების საკუთრებაში არსებული სახელწმიფო საწარმოები თავის მხრივ სხვადასხვა სამინისტროსა და ორგანოსთვის არის გადაცემული

სახელმწიფო საწარმოები წლიდან წლამდე სახელმწიფოსგან მიღებული დაფინანსებით არსებობენ. მაგალითად, ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მელიორაცია, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, აეროპორტების გაერთიანება, ბლექ სი არენა ჯორჯია და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ რეგულარულ ფინანსურ დახმარებაზე არიან დამოკიდებულები. 

ფისკალური რისკების დოკუმენტში წარმოდგენილი 2021 წლის მონაცემების მიხედვით, იგივე წელს ფინანსური ანგარიშგება სულ 147-მა საწარმომ წარადგინა. 2015-2021 წლების განმავლობაში ამ კომპანიების აკუმულირებულმა ზარალმა დაახლოებით 3 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო მოგება 413 მილიონი ლარი იყო. ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტიდანაც ჩანს, რომ სახელმწიფო კომპანიები უმეტესწილად წამგებიანები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი კომპანიების ვალდებულებებზე პასუხსიმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება ანუ მათი ვალებისა და ზარალის დაფარვა მთლიანად სახელწმიფო ბიუჯეტიდან, ანუ ხალხის ფულით ხდება. 147 კომპანიის შემოსავალი, მოგება და ზარალი წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

წყარო: ფისკალური რისკები ანალიზის დოკუმენტი, გვ.20

 

საინტერესოა, 2015-2021 წლებში სხვადასხვა სახელმწიფო საწარმო რა შემოსავალს იღებდა და რა მოგება ჰქონდა წლის ბოლოს. გთავაზობთ ინფორმაციას იმ სახელმწიფო საწარმოების შესახებ, რომლებიც წლებია სამუშაო წელს ზარალზე ასრულებენ და საერთო ჯამში მათ მიერ აკუმულირებული ზარალი მოგებაზე გაცილებით მეტია. 

ერთ-ერთი პირველი ასეთი საწარმო სს საპარტნიორო ფონდია (404404550), რომლის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში წესდებაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ საპარტნიორო ფონდს საქართველოს განვითარების ფონდი ეწოდება. საპარტნიორო ფონდი 2011 წელს შეიქმნა. საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანაშვილია, ხოლო მისი მოადგილე- ვახტანგ ჯორბენაძე. საპარტნიორო ფონდის მმართველობითი ორგანო სამეთვალყურეო საბჭოა, რომლის ერთ-ერთმა წევრმა, დავით საგანელიძემ, 2013 წელს ქართულ ოცნებას 15,000 ლარი შეწირა. დავით საგანელიძე, რომელიც ამჟამად სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, 2015-2022 წლებში ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო. ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, დროის ამ მონაკვეთში, მისი შემოსავალი ჯამურად 1,582,414 ლარს შეადენდა, თუმცა ამის პარალელურად, 2015-2021 წლებში საპარტნიორო ფონდის აკუმულირებულმა ზარალმა 1,244 მლრდ ლარი შეადგინა. იგივე პერიოდში ფონდის სრული დაფინანსება 449 მლნ ლარი იყო. 

საქართველოს რკინიგზაც (202886010) სახელმწიფო საწარმოა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი საპარტნიორო ფონდია, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფოს საკუთრებაშია. საჯარო რეესტრის ბოლო, 2023 წლის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის მმართველი ორგანო სამეთვალყურეო საბჭოა, რომელსაც რამდენიმე წევრი ჰყავს - მათ შორის სს საპარტნიორო ფონდიც. საინტერესოა სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ოლეგ ბიჭიაშვილი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის შემომწირველია. 2018 წელს მან ზურაბიშვილს 20,000 ლარი შეწირა. ბოლო მონაცემებით, კომპანიის ფინანსური დირექტორი ირაკლი ტიტვინიძეა, გენერალური დირექტორი - დავით ფერაძე. მგზავრთა გადაყვანის დირექტორის პოზიციას დაჩი ცაგურია იკავებს. ინფრასტრუქტურის დირექტორი გიორგი მარუქაშვილია, სატვირთო გადაზიდვების დირექტორი კი კახაბერ გუდიაშვილი. დავით ფერაძე კომპანიის დირექტორის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს. ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, 2017-2022 წლებში მისი, როგორც რკინიგზის დირექტორის შემოსავალი 823,793 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება რკინიგზის შემოსავალს, 2015-2021 წლებში კომპანიამ სახელმწიფო სუბსიდიის სახით 3,877 მლრდ ლარი მიიღო. დროის იგივე პერიოდში ჯამური ზარალი 1,307 მლრდ შეადგენდა და მოგება მხოლოდ 118 მლნ ლარი იყო. 

სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის 100%-იანი წილის მფლობელიც სახელმწიფოა. ახლანდელი მდგომარეობით კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილია, ხოლო მმართველობითი ორგანო - სამეთვალყურეო საბჭოა. სახელმწიფო ელექტროსისტემაც იმ კომპანიების რიგებშია, რომელთა ზარალი მოგებაზე გაცილებით მეტია. კომპანიამ, სუბსიდიის სახით, 2015-2021 წლებში, 1,717 მილიარდი ლარი მიიღო. დროის იგივე მონაკვეთში აკუმულირებულმა ზარალმა 561 მილიონი შეადგინა, ხოლო მოგება 339 მილიონი ლარი იყო. 

საქართველოში არსებობენ ისეთი სახელმწიფო კომპანიებიც, რომლებსაც თავიანთი არსებობის განმავლობაში სამუშაო წელი მოგებაზე არ დაუსრულებიათ. ერთ-ერთი ასეთი კომპანია საქართველოს მელიორაციაა. კომპანიის შემოსავალი 2015-2021 წლებში 167 მლნ ლარი იყო. იგივე პერიოდში ზარალმა 278 მილიონი შეადგინა, თუმცა ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, 2015-2021 წლებში კომპანია მოგებაზე საერთოდ არ გასულა. 

შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია სახელმწიფო საწარმოა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თბილისის მერიაა. ისევე როგორც საქართველოს მელიორაცია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაც მოგებაზე არასდროს გასულა. მაგალითად, 2015-2021 წლებში კომპანიის შემოსავალმა 895 მილიონი შეადგინა, ჯამური ზარალის ოდენობა 547 მილიონი ლარი იყო. 

კიდევ ერთი ასეთი კომპანია, რომელიც წლებია სუბსიდიებით არსებობს, მაგრამ მოგება ჯერ არ ჰქონია, შპს ბლექ სი არენაა (405158804). კომპანია 2016 წელს ქართუ ფონდის $200 მილიონიანი ინვესტიციით გაიხსნა, გახსნიდან მალევე ბიძინა ივანიშვილმა საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს “საჩუქრად” გადასცა, რაც რეალურად იმას გულისხმობს, რომ საკონცერტო დარბაზი მისი დაარსების დღიდან - დღემდე სახელმწიფო სუბსიდიების ხარჯზე არსებობს. სახელმწიფო სუბსიდია კომპანიის შემოსავლების მთავარი წყაროა, რის გარეშეც კომპანია საერთოდ ვერ იფუნქციონირებდა. გარდა ამისა, როგორც კომპანიის ანგარიშგებებიდან ჩანს, ბლექ სი არენამ 2017-2022 წლებში სუბსიდიის სახით 47,861,998 ლარი მიიღო. დროის იგივე მონაკვეთში კომპანიის აკუმულირებულმა ზარალმა 26,429,029 ლარი შეადგინა, თუმცა კომპანიას მოგება ჯერ არ ჰქონია. რაც შეეხება უშუალოდ კომპანიას, ბოლო ამონაწერის მიხედვით, 100%-იან წილს, რომელსაც სახელმწიფო ფლობს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მართავს. დირექტორის თანამდებობას 2019 წლიდან ტარიელ ხარჩილავა იკავებს. ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, ტარიელ ხარჩილავას შემოსავალმა 2020-2022 წლებში 262,451 ლარი შეადგინა. 

სახელმწიფო 100%-იან წილს ფლობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში. 2015-2021 წლებში კომპანიის ჯამურმა ზარალმა შემოსავალსაც გადააჭარბა. დროის ამ პერიოდში კომპანიამ სახელმწიფოსგან 488 მილიონი ლარი მიიღო. იგივე პერიოდში კომპანიის ზარალი 536 ლარს შეადგენდა, ხოლო მოგება 37 მილიონს. 

ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ სახელმწიფო საწარმოებისა, რომლებიც წლებია სახელმწიფოსგან სუბსიდიებს იღებენ, თუმცა მათი ზარალის დაფარვა ბიუჯეტის სახსრებიდან ისევ სახელმწიფოს უწევს. ფაქტია, რომ წლიდან წლამდე სახელმწიფო საწარმოების რაოდენობა იზრდება, პარალელურად იზრდება ზარალის რაოდენობაც. 

 

საერთაშორისო პრაქტიკა:

სახელმწიფო საწარმოები ძირითადად ისეთ სფეროებში ოპერირებენ, როგორებიცაა ფინანსები, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა და ბუნებრივი რესურსები. შესაბამისად, სახელწმიფო საწარმოების კარგი მმართველობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მათ ქვეყნის ეკონომიკაზე პოზიტიური ეფექტი იქონიონ. სახელმწიფო კომპანიები ხშირად დგებიან ისეთი გამოწვევის წინაშე, როგორიცაა კორუფციის გაზრდილი რისკები, რაც სხვადასხვა ფაქტორის ბრალი შეიძლება იყოს. მაგალითად, პოლიტიზირებული სამეთვალყურეო საბჭო, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაბალი დონე და სხვა. გარდა ამისა, სახელმწიფო საწარმოებს ხშირად სუსტი შიდა აუდიტის სისტემა აქვთ, რაც ამცირებს ანგარიშვალდებულებას და ზრდის კორუფციის რისკებს. 

2005 წელს OECD-მ სახელმწიფო საწარმოების კორპორატიული მმართველობის პრინციპები შეიმუშავა, 2015 წელს კი ისინი განაახლეს. ეს პრინციპები სახელმწიფოებს აძლევს მითითებებს იმის შესახებ, თუ რა ზომების მიღება არის შესაძლებელი სახელმწიფო საწარმოებში კორუფციის რისკების შესამცირებლად. 

OECD-ის პრინციპების თანახმად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვა განხორციელდეს გამჭვირვალედ, მაღალი პროფესიონალიზმითა და ეფექტურობით. სახელმწიფოებმა უნდა შექმნან ცალკე რეგულაციები, რომლებიც მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებს შეეხება. აღნიშნული პრინციპი თავის თავში მოიაზრებს, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს საწარმოს მენეჯმენტში, საწარმოს ბორდის წევრებს უნდა შეეძლოთ საკუთარი უფლება-მოვალეობების შესრულება დამოუკიდებლად, საწარმოს უნდა მართავდეს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება კონკრეტული ორგანოს წინაშე. გაიდლაინში ასევე საუბარია იმაზეც, რომ სახელმწიფო საწარმოებმა თავის მხრივ უნდა დაიცვან გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი, საწარმოების ფინანსური მდგომარეობა უნდა იყოს საჯარო. შესაბამისად, ის დამოუკიდებლემა აუდიტმა უნდა შეისწავლოს. სახელმწიფო საწარმოები ამ ინფორმაციას უნდა აქვეყნებდნენ ვებ.გვერდებზე, რათა საზოგადოებას ხელი მიუწვდებოდეს მასზე. 

სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ორგანიზაცია Transparency Internatonal-მაც გასცა რამდენიმე რეკომენდაცია. რეკომენდაციის მიხედვით, სახელმწიფო საწარმოებმა უნდა გაასაჯაროვონ დეტალური ინფორმაცია მათი ანტი-კორუფციული მექანიზმების შესახებ. კომპანიებმა ასევე სრულად უნდა გამოაქვეყნონ მათთან დაკავშირებული პირებისა და სხვა საწარმოების შესახებ ინფორმაცია. კომპანიებმა უნდა გამოაქვეყნონ ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშები და უნდა ჰქონდეთ ოფიციალური ვებგვერდი, სადაც კომპანიის შესახებ სრული ინფორმაცია იქნება მოცემული. 

2014 წელს მსოფლიო ბანკმა კორპორაციული მმართველობის ინსტრუმენტებზე ანგარიში მოამზადა, სადაც ასევე საუბარია სახელმწიფო საწარმოებზე. ანგარიშის ერთ-ერთი თავი სრულად ეთმობა დირექტორთა საბჭოს. მსოფლიო ბანკი ამბობს, რომ საუკეთესო თანამედროვე პრაქტიკის მიხედვით, დირექტორთა საბჭო უნდა შედგებოდეს დამოუკიდებელი დირექტორებისგან, რათა გაიზარდოს საწარმოების დამოუკიდებლობა, შესაბამისად, ბევრ ქვეყანაში მინისტრებსა და პოლიტიკოსებს ეკრძალებათ სახელმწიფო საწარმოების მმართველ ორგანოებში ყოფნა. პოლიტიკოსების გავლენის შესამცირებლად საჭიროა ისეთი რეფორმების გატარება, რომლებიც საწარმოს დირექტორის არჩევის უფლებას თავად ამ სახელმწიფო საწარმოს ან მრჩეველთა ორგანოს გადასცემს. 

საინტერესოა, რა მექანიზმებით შეძლეს სხვა ქვეყნება სახელმწიფო საწარმოებში კორუფციის რისკების შემცირება. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა ხორვატიაა. ხორვატიის მთავრობამ შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავდა მსგავს საწარმოებში ანგარიშვალდებულების გაზრდასა და კორუფციის შემცირებას. ანტიკორუფციული მექანიზმები, რომლებიც მთავრობამ დანერგა ითვალისწინებდა სახელმწიფო საწარმოებში საინფორმაციო ოფიცრებისა და ეთიკის კომისარის დანიშვნას. სახელწმიფო საწარმოების თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრეინგები ეთიკის, ანტიკორუფციის, ფინანსური მენეჯმენტისა და შიდა კონტროლის მექანიზმების შესახებ. მთავრობის მიერ შემუშავებული სტრატეგიის შედეგად სახელმწიფო საწარმოების 95%-მა საწარმოში ანტიკორუფციული მონიტორინგის საბჭო დანიშნა, 92%-მა ეთიკის კომისარი, 91%-მა კი ინფორმაციული ოფიცერი. საბოლოოდ კი აღნიშნულმა სტრატეგიამ გააძლიერა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები. 

კიდევ ერთი ქვეყანა, რომელმაც სახელმწიფო საწარმოებში ანტიკორუფციული მექანიზმები დანერგა და გააძლიერა შვედეთია. 2007 წელს შვედეთის მთავრობამ მიიღო გაიდლაინი, რომელიც სახელმწიფო საწარმოების ანგარიშგებების მოთხოვნებს შეეხებოდა. ეს მოთხოვნები გულისხმობდა, რომ სახელმწიფო საწარმოებმა ყოველწლიურად უნდა გამოაქვყენონ შუალედური და წლიური ანგარიშები, კორპორატიული მართვის ანგარიშები, შიდა მართვის მექანიზმები და სხვა. გაიდლაინის მიხედვით, ყველა ეს დოკუმენტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს სახელმწიფო საწარმოების ოფიციალურ ვებგვერდებზე. 

 

დასკვნა და რეკომენდაციები:

ცხადია, რომ ყველა სახელმწიფო საწარმო წამგებიანი არ არის და ზოგიერთი მათგანი სამუშაო წელს წმინდა მოგებაზე ასრულებს, თუმცა ფისკალური რისკების ანალიზის მიხედვით, 2015-2021 წლებში 147 სახელმწიფო საწარმოს ზარალი დაახლოებით 7-ჯერ მეტი იყო, ვიდრე ამ კომპანიების მოგება. სახელმწიფო საწარმოების ზრდის ფონზე, იზრდება მათი როგორც შემოსავალი, ისე ზარალი. ამ დროს, ქვეყანაში დღემდე არ არსებობს ერთიანი სისტემა, რომელიც საწარმოებში კორუფციისა და ნეპოტიზმის რისკებს შეამცირებდა, ხოლო გამჭვირვალობისა და ანგარიშვლადებულების დონეს გაზრდიდა.

კვლევის პროცესში გაკეთებულ მიგნებებზე დაყრდნობით შესაძლებელია შემდეგი რეკომენდაციების გაცემა:

  • შეიქმნას კანონმდებლობა, რომელიც უშუალოდ სახელმწიფო საწარმოებს შეეხება, დაარეგულირებს მათი შექმნის წესსა და მიზნებს, ასევე მართვის ფორმებს. 

  • სახელმწიფო საწარმოებში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტების გასაზრდელად გაძლიერდეს ანტიკორუფციული მექანიზმები

  • საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს სახელმწიფო საწარმოების მიერ ინფორმაციის გაცემის სტანდარტები. 

  • სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელების არჩევა მოხდეს ღია და გამჭვირვალე კონკურსის გზით, რათა შემცირდეს სახელმწიფო საწარმოებზე პოლიტიკური გავლენები.