შემოსავლების სამსახურმა დამალა ინფორმაცია 2022 წლიდან - დღემდე საქართველოდან უკან გაბრუნებულ სანქცირებულ პროდუქციაზე

საჯარო ინფორმაციაზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობა წლიდან წლიდამდე იზღუდება, რასაც კვლევებიც ადასტურებს. კანონმდებლობის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა და არავის აქვს უფლება მისი მიღება შეგვიზღუდოს. საჯარო ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფაზე და გამჭვირვალობაზე ვალდებულება ევროკავშირის 2021-2027 წლის დღის წესრიგის ფარგლებშიც ავიღეთ, თუმცა რეალობა განსხვავებულია.

ჩვენს სხვა პოსტებში უკვე გაგაცანით ის სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც არ გვაძლევენ საჯარო ინფორმაციას და გასაჩივრების შემდეგ სასამართლოშიც კი გადაგვამისამართეს. ამ პოსტში კიდევ ორ სახელმწიფო სტრუქტურას გაგაცნობთ, რომლებიც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს გვეუბნებიან.

მას შემდეგ, რაც რუსეთის მიმართ მსოფილიოს ქვეყნებმა სხვადასხვა ტიპის სანქციები დააწესეს, აქტიურად დაიწყო საუბრები იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან აღნიშნული საერთაშორისო სანქციების არიდებაში. ამ ქვეყებს შორის არის საქართველოც. იმის დასადგენად, არსებული ეჭვები რეალურია თუ არა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსავლების სამსახურს და ფინანსთა სამინისტროს მივმართეთ.

შემოსავლების სამსახური არის სახელმწიფო სსიპ, რომლის ერთ-ერთი ფუნქციაც საბაჟო კონტროლია. ჩვენ მოვითხოვეთ 2022-2023 წლებში შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული სასაქონლო და სატრანსპორტი სააღრიცხვო ბარათების ასლები, რომლებიც რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის დანიშნულებით გადაადგილებული ტვირთების უკან გაბრუნების დროს გამოწერეს;

აღნიშნული, წერილის მიზანი იყო, მიგვეღო ინფორმაცია ტვირთის შესახებ, რომელიც საქართველომ რუსეთისა და ბელორუსის მიმართულებით არ გაატარა.

აღრიცხვის მოწმობის გამოწერა ხდება საბაჟო კონტროლის დროს, უკან დაბრუნებული საბაჟო კონტროლის და აღრიცხვის შემთხვევაში. თუმცა შემოსავლის სამსახურმა არ გადმოგვცა ინფორმაცია, მიზეზად კი საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-11 მუხლი დაასახელა, რომელიც საბაჟო საიდუმლოებას გულისხმობს.

საინტრესოა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ღია იყო 2022 წლის აგვისტომდე პერიოდში, რადგან ანალოგიურ ინფორმაციაზე მათ წვდომა მისცეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას, თუმცა ინფორმაციის გაცემის შემდეგ სისტემა სრულად ჩაიკეტა და ინფორმაცია, რომელიც საჯარო იყო, მათ მიერ დაკვალიფიცირდა როგორც “საბაჟო საიდუმლოება”. შემოსავლების სამსახურის მსგავსი შემთხვევა ბადებს ეჭვს ინფორმაციის გამიზნულად დამალვაზე.  

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილ წერილს, ფლანგვის დეტექტორი დაინტერესდა 2022-2023 წლების განმავლობაში ერთი მხრივ საზღვარზე სტრატეგიული და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევაში სულ რამდენ საქმეზე დაიწყო გამოძიება, ხოლო მეორე მხრივ  საზღვარზე სანქცირებული პროდუქციის/ტვირთის აღმოჩენის შემდეგ რამდენ საქმეზე დაიწყო გამოძიება. ორივე შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს ვთხოვეთ მოეწოდებინა შემდეგი სახის ინფორმაცია: გამოძიების დაწყების თარიღი, პროდუქციის დასახელება და შესაბამისი პირი/კომპანია, ვის წინააღმდეგადაც დაიწყო გამოძიება. 

ფინანსთა სამინისტრომ პირველ კითხვაზე, რომელიც 2022-2023 წლების განმავლობაში დაწყებულ გამოძიებათა რაოდენობას შეეხებოდა გვიპასუხა, რომ “კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე გამოძიება არ მიმდინარეობს.” თუმცა ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია 2022-2023 წლების სტატისტიკას მოიცავდა და არა მხოლოდ მიმდინარე ეტაპის მონაცემებს. შესაბამისად, სამინისტრომ თავი აარიდა კითხვაზე ჯეროვანი და სრულყოფილი პასუხის გაცემას. 

რაც შეეხება კითხვის დარჩენილ ნაწილს, გვიპასუხა, რომ საგამოძიებო სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გასცეს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობის უფლებამოსილება მხარესა და დაზარალებულს აქვთ. თუმცა  ფინანსთა სამინისტროს პირთა იდენტიფიკაციის გარეშე შეეძლო ამ ინფორმაციის მოწოდება. 

დანაშაულის სტატისტიკა რომ საჯარო ინფორმაციაა, ამას თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე მისი პროაქტიულად გამოქვეყნებაც მოწმობს. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრომ სრულად აარიდა თავი ინფორმაციის გაცემას. ერთ შემთხვევაში მიზეზად კანონი დაასახელა, ხოლო მეორე შემთხვევაში მიმდინარე მონაცემებით არსებულ ინფორმაციას დაეყრდნო მოთხოვნილი წლების ნაცვლად. 

 

წყაროები:

1. საჯარო უწყებიდან მიღებული წერილები: https://shorturl.at/esuvI