საქართველოში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის სტატისტიკა წლიდან წლამდე რომ უარესდება, ამას არა ერთი კვლევა მოწმობს. ზოგიერთი სახელმწიფო უწყება და მუნიციპალიტეტი აქტიურად იკავებს თავს საჯარო ინფორმაციის გაცემისგან, რითიც არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ უფლებას, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოა, რომელსაც “ფლანგვის დეტექტორის” მკვლევარებმა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით 2023 წლის 10 იანვარს მიმართეს. წერილით მოვითხოვეთ იმ სახელმწიფო ქონების საკადასტრო კოდები, რომლებიც 2012-2022 წლებში საქართველოს საპატრიარქოს კერძო საკუთრებაში გადავიდა, ასევე 2012-2022 წლებში პირდაპირი მიყიდვის ფორმით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის პრივატიზებული უძრავი ქონების ჩამონათვალი და საკადასტრო კოდები. აღსანიშნავია, რომ საჯარო დაწესებულება ვალდებულია, გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, ხოლო თუ ინფორმაციის გაცემისთვის 10-დღიანი ვადა არის საჭირო, განმცხადებელს ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ზუსტად ადგენს საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადებს, სსიპ ქონების ეროვნულ სააგენტოს არც წერილის გაგზავნისა და ჩაბარების მომენტში და არც სხვა რომელიმე ეტაპზე უცნობებია ორგანიზაციისთვის, რა ვადაში შეძლებდა მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდებას.
კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ორგანიზაციის მკვლევარებმა სცადეს საჯარო უწყებასთან სატელეფონო თუ ელექტრონული კომუნიციკაციით დაედგინათ, როდის მივიღებდით გამოთხოვილ ინფორმაციას, თუმცა პასუხი ყველა ეტაპზე ერთი და იგივე იყო - განცხადება განხილვის ეტაპს გადიოდა და უცნობი იყო, როდის შეძლებდა უწყება ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდებას.
იქიდან გამომდინარე, რომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვიდან 2 თვის შემდეგ, 2023 წლის 13 მარტს, პასუხი ჯერ კიდევ არ გვქონდა, ელექტრონული ფოსტის საშუალებით ვცადეთ კიდევ ერთხელ დაგვედგინა, როდის შევძლებდით საჯარო ინფორმაციის მიღებას, თუმცა ამჯერადაც პასუხად მხოლოდ ის გვითხრეს, რომ განცხადება განხილვაში იყო და უწყება გადაწყვეტილებას გვაცნობებდა. პასუხი დღემდე არ მიგვიღია.
არაერთი უშედეგო ზარისა თუ გაგზავნილი წერილის შემდეგ, 2023 წლის 12 აპრილს ორგანიზაციის მკვლევარები ქონების ეროვნულ სააგენტოში მივიდნენ, რათა დაედგინათ, რა ეტაპზე იყო განცხადება და როდის მივიღებდით საჯარო ინფორმაციას, ან თუ შესაძლებელი იქნებოდა, ადგილზე მიეღოთ ინფორმაცია, თუმცა სააგენტოში გვითხრეს, რომ რადგან წერილის გაგზავნიდან 90 დღე უკვე გასული იყო, ეს ავტომატურად ნიშნავდა, რომ ქონების ეროვნულმა სააგენტომ უარი განაცხადა ჩვენთვის საჯარო ინფორმაციის მოწოდებაზე და შეგვეძლო ზემდგომ ორგანოში გაგვესაჩივრებინა. შესაბამისად, 2023 წლის 13 აპრილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს საჩივრით მივმართეთ და მოვითხოვეთ, რომ უზრუნველეყოთ ჩვენთვის საჯარო ინფორმაციის დროულად მოწოდება. საჩივრის გაგზავნიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა სამინისტრომ ჯერ მხოლოდ ის გვიპასუხა, რომ საჩივარი საქმისწარმოების სამმართველოს გადაეცა.
საჯარო უწყებებისა თუ მუნიციპალიტეტების მხრიდან მსგავსი მიდგომა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ხელს უწყობს ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვასა და დემოკრატიული პრინციპებისა თუ ღირებულებების უგულებელყოფას, გარდა ამისა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სააჯრო უწყებების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპებიც.
წყარო:
https://bit.ly/45rCKAR - დოკუმენტები