როგორ გამდიდრდა დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე?

ვიქტორ ჯაფარიძე პროსახელისუფლებო “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მდიდარი ლიდერია, რომელიც ქონებრივ დეკლარაციას არაკეთილსინდისიერად ავსებს. ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები რამდენიმე კომპანიას, მათ შორის PosTV-ის საკონტროლო პაკეტსა და დიდძალ ქონებას ფლობენ. ფლანგვის დეტექტორის გამოძიება ამ სიმდიდრის პოლიტიკურ წარმომავლობაზე მოგითხრობთ. 

ვიქტორ ჯაფარიძე საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრია. იგი მესტიის მაჟორიტარის თანამდებობას იკავებდა იგი ჯერ კიდევ 2004-2008 წლებში, შემდეგ კი 2012-2016 წლებში იკავებდა. 2016-2020 წლებში მან მე-9 მოწვევის საპარლამენტო მანდატი მიიღო. ვიქტორ ჯაფარიძემ 2022 წლის ოქტომბერში პარტია “ქართული ოცნება” დატოვა და მოძრაობა “ხალხის ძალას” შეუერთდა. 

კანონის თანახმად ვიქტორ ჯაფარიძე ვალდებულია, მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია ყოველწლიურად შეავსოს. თუმცა ის ყოველ ჯერზე აღვევს კანონს და მის ფინანსურ დეკლარაციაში სრულ ინფორმაციას არ ასახავს. ფლანგვის დეტექტორმა არა ერთი კვლევა მოამზადა ჯაფარიძის გაუმჭვირვალე ქონებრივ დეკლარაციებზე. 2018-2022 წლების განმავლობაში, საჯარო სამსახურის ბიურომ 4-ჯერ შეამოწმა ვიქტორ ჯაფარიძის დეკლარაცია და ყველა შემთხვევაში დარღვევები დაადგინა, რის შედეგადაც დეპუტატი ჯამში 3,837 ლარით დააჯარიმა. 

გამომდინარე იქიდან, რომ ქონებრივი დეკლარაციაში არსებული მონაცემები რეალობასთან შეუსაბამოა, ვ. ჯაფარიძის შემოსავლებსა და კომპანიებზე ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებით გადავამოწმეთ.

ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები ჯამში 5 კომპანიას ფლობენ. ჯაფარიძე წილებს ორ კომპანიაში ფლობს: შპს პოსტვ და შპს სეტი+, ხოლო მეუღლე, ნათია ხვისტანი წილებს 3 კომპანიაში ფლობს: შპს ქცია 94, შპს სეტი, და შპს all seasons.  

დეპუტატის სააქციო პორტფელს Postv ქართული ოცნებიდან ხალხის ძალის “გამოყოფის” შემდეგ დაემატა. როგორც ამ სხვადასხვა საჯარო განცხადებებიდან ჩანს, ტელეკომპანიის წილების ყიდვის მიზანი, ხალხის ძალის „სათქმელის საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ“ მიტანა იყო. თავად ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა: “ვთვლი, რომ ამ ბიზნესში უნდა მივიღო მონაწილეობა, რათა ერთ-ერთი ტელევიზია კიდევ არსებობდეს ამ ქვეყანაში, რომელიც ილაპარაკებს სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს…”

Postv-ის  წილები ვ. ჯაფარიძემ 2020 წლის ნოემბერში იყიდა, რაშიც  ჯამში ნახევარ მილიონზე მეტი (520,000 ლარი) გადაიხადა. ბოლო ამონაწერის მიხედვით, ვ. ჯაფარიძე  კომპანიის საკონტროლო პაკეტის, 52%-ის მფლობელია. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს შალვა რამიშვილმა Postv-ის 8% წილი ლაშა ნაცვლიშვილისაგან 100 ლარად იყიდა. შესაბამისად, კომპანიის 1% 2018 წელს 12,5 ლარი ღირდა. ხოლო 2019 წელს კომპანიის 1%-ის ღირებულება 5 ლარს შეადგენდა. 2022 წელს კი ვიქტორ ჯაფარიძემ კომპანიის 1% წილში 10,000 ლარი გადაიხადა. 

რა სახსრებით მოახერხა ჯაფარიძიმ ნახევარ მილიონ ლარზე მეტის მობილიზება 2023 წლის დეკლარაციაში ვნახავთ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მას არცერთი მონიტორინგისას არ მიუღია დადებითი შეფასება საჯარო სამსახურის ბიუროსგან, სავარაუდოდ არც ამ შემთხვევაში იქნება ასახული სრული ინფორმაცია ამ ხარჯის შესახებ. 

 

ჰიდროელექტრო სადგური “ქცია 94”: შემოსავლის მთავარი წყარო

ვიქტორ ჯაფარიძის დეკლარაციის თანახმად, მისი შემოსავლის მთავარი წყარო “ქცია 94”-დან მიღებული თანხებია. შპს “ქცია 94” 1995 წელს დაფუძნდა. შპს ქცია 94-ში ნათია ხვისტანი 2004 წლიდან ჩნდება. 2004 წელს პარტნიორთა კრებაზე წილის ნასყიდობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ხელშეკრულებები გაფორმდა ავთანდილ ბურდულსა და ნათია ხვისტანს შორის, ავთანდილ ბურდულსა და სერგო გალუსტოვს შორის, იური ტარშინსა და ნათია ხვისტანს შორის, დიმიტრი ცინცაძესა და ნათია ხვისტანს შორის. ნათია ხვისტანმა “ქცია 94”-ის წილები (55,5 %) 2004 წელს შეისყიდა კომპანიის დამფუძნებლებისგან, ჯამში 13,600 ლარად. 2005 წელს ნათია ხვისტანმა კომპანიის პარტნიორისგან, კონსტანტინე უფლისაშვილისგან,  ქცია 94 -ის წილი 2,680 ლარად იყიდა.

მიმდინარე მონაცემებით, კომპანიის წილების უმრავლესობის, 66.99% მესაკუთრე ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე, ნათია ხვისტანია. 20.99% ოთარ ჩართოლანი ფლობს, ხოლო 12.01%-ის მესაკუთრეები რუსეთის მოქალაქეები არიან.

შპს “ქციას 94”-ის საკუთრებაშია დაშბაჰესი. თავის მხრივ „დაშბაშიჰესი ექსპლუატაციაში 1935 წელს შევიდა და დღემდე ფუნქციონირებს. მისი მშენებლობის ძირითადი მიზეზი „ხრამჰესი I-ის“ მშენებლობის ეტაპის ელექტროენერგიით მომარაგება იყო. აღნიშნული მშენებლობის დასრულების შემდგომ ჰესმა დამოუკიდებლად განაგრძო ფუნქციონირება და გამომუშავებულ ენერგიას დღემდე საქართველოს ენერგოსისტემას აწვდის.

2018 წლის 20 აპრილს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, „დაშბაშიჰესის“ რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის უფლება ქცია 94-ს მიენიჭა. შპს „ქცია-94“ ჰესის სიმძლავრის გაზრდას 1520 კვტ-დან 2152 კვტ-მდე გეგმავდა.

„მწვანე ალტერნატივა" „დაშბაშიჰესის“ რეკონსტრუქციასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა და 2018 წელს მთავრობას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა. ამის, შემდეგ ორგანიზაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მწვანე ალტერნატივას იურისტების განცხადებით, მოსამრთლე ორი წლის განვლობაში წერდა გადაწყვეტილებას, რაც თავის მხრივ ეჭვს ბადებს პროცესის ხელოვნურ გაჭიანურებაზე. გადაწყვეტილება სასამრთლომ 2019 წელს გამოიტანა, რომლის თანახმადაც მწვანე ალტერნატივას საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მწვანე ალტენატივის ჩივილის მიზეზი შემდეგი იყო: 2018 წლის 19 აპრილს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოსცა ბრძანება №2-257, რომლითაც „შპს „ქცია-94“-ს დაშბაში ჰესის რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის უფლება მიენიჭა. ბრძანების თანახმად, გადაწყვეტილების მიღება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოხდა.

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე (ანუ კოდექსის ამოქმედებამდე) ნებართვის გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცედურები უნდა დასრულდეს წარმოების დაწყების მომენტისთვის მოქმედი წესების, ანუ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად.

დაშბაშიჰესის რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პროექტის შესახებ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისათვის ადმინისტრაციული წარმოება 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ დაიწყო; თუმცა, სამინისტრომ გადაწყვეტილების მიღებისათვის “გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონით დადგენილი, ანუ ასეთი შემთხვევებისათვის უკვე ძალადაკარგული წესით იხელმძღვანელა.

აღსანიშნავია, რომ სიმძლავრის ზრდის პარალელურად იზრდება ვ.ჯაფარიძის ოჯახის მიერ კომპანიიდან მიღებული თანხებიც. 2022 წლის ქონებრივ დეკლარაციაზე დაყრდნობით ჯაფარიძის ოჯახმა კომპანიიდან ₾ 81,953 მიიღო, 2019 წელს - ₾  97,370, 2020 წელს თანხა გაოთხმაგდა და ₾ 418,652, ხოლო 2021 წელს კიდევ უფრო მეტი - ₾ 445,746

კომპანიის შემოსავლების ზრდაზე 2018 წლიდან ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტი მიუთითებს. კომპანია ფინანსურ ანგარიშგების დოკუმენტის წარდგენას შესაბამის სამსახურში 2018 წელს იწყებს და ამის შემდგომ  2019, 2020 და 2021 წლებშიც აგრძელებს. ანგარიშგების დოკუმენტის თანახმად კომპანია მე-3 კატეგორიას განეკუთვნება. ამ კატეგორიას განეკუთვნება კომპანიები რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:  

  1.  აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება; 

  2. შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება; 

  3. საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.

თუმცა, ქცია 94 ერთად-ერთი კომპანია არ არის, რომელმაც სახელმწიფოსაგან სარგებელი მიიღო. ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლის კომპანია შპს სეტი+-ს სახელმწიფო შესყიდვების შედეგად ბიუჯეტიდან 2019-2022 წლებში 47 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული გამარტივებული შესყიდვების გზით. ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 311,398 ლარია. 

შეჯამება:

მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ ჯაფარიძე უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი იყო, რომლებიც ვითომდა არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას ემსახურებოდა, თავად დეპუტატი სულაც არ გამოირჩევა გამჭვირვალობით და თითქმის ყოველ ჯერზე დეკლარაციაში ინფორმაციის არაზუსტი ასახვით კანონს არღვევს. ვიქტორ ჯაფარიძე ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი დეპუტატია, რომელიც შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს სახელმწიფოს ხელშეწყობით (ელექტო ჰესისთვის სიმძლავრის გაზრდით) იღებს. ვ. ჯაფარიძის ოჯახის წევრები სახელმწიფო შესყიდვის საშუალებით მილიონობით ლარის ოდენობის ხელშეკრულებას აფორმებენ სახელმწიფო სტრუქტურებთან. რამდენად შემთხვევით ხდება ყოველივე ეს და რამდენად სამართლიანად იღებს ვ. ჯაფარიძის ოჯახი შემოსავალს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ეს კვლავაც კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.