ყველა თანამდებობის პირი ვალდებულია, ყოველწლიურად შეავსოს დეკლარაცია ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. დეკლარაციებს ყოველწლიურად დაახლოებით 6000 თანამდებობის პირი ავსებს. 2017 წლიდან დეკლარაციების სისწორეს საჯარო სამსახურის ბიუროს სპეციალური დეპარტამენტი ამონიტორინგებს.* დეკლარაციების მონიტორინგი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა თანამდებობის პირის დეკლარაციის სისწორე შესწავლილი არ არის.
საქართველოს “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” შესახებ კანონის თანახმად, თანამდებობის პირი, რომელიც მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემებს არასრულად და არასწორად შეავსებს, დაჯარიმდება (მუხლი 18 პრიმა. პუნქტი 12). ჯარიმის მოცულობა განისაზღვრება თანამდებობრივი სარგოს 20%-ით და არ შეიძლება იყოს 500 ლარზე ნაკლები (მუხლი 20). ასევე, აღსანიშნავია რომ ჯარიმის გადახდა თანამდებობის პირს არ ათავისუფლებს ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისგან.
“ფლანგვის დეტექტორი” ერთხელ უკვე დაინტერესდა, თუ რამდენად სრულად და კანონის მოთხოვნების დაცვით ავსებდნენ დეკლარაციებს მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრები. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მოძრაობა ხალხის ძალის წევრები ხშირ შემთხვევაში არღვევენ კანონს და არასრულად უთითებენ ინფორმაცის მათი ქონებრივი დეკლარაციის შესახებ (სრული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ აქ). ცხადია, ეს ქმედება წინააღმდეგობაში მოდის გამჭვირვალობის პრინციპთან, რითიც “ხალხის ძალის” წევრები, ხელისუფლებასთან ერთად, ამართლებდნენ რუსული სტილის კანონს აგენტების შესახებ. ამავდროულად, თავად მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრები მალავენ საკუთარ შემოსავლებსა თუ ქონებას არაკეთილსინდისიერად ადეკლარირებენ.
ხალხის ძალის წევრების ჯარიმის შესახებ ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიურომ მოგვაწოდა. ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ყველაზე ხშირად “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, ვიქტორ ჯაფარიძე დაჯარიმდა. ბიურომ ვიქტორ ჯაფარიძის დეკლარაცია ოთხჯერ შეამოწმა, ოთხივე შემთხვევაში მისი დეკლარაცია უარყოფითად შეაფასა. შესაბამისად, ვიქტორ ჯაფარიძე 2018 წელს დაჯარიმდა 1000 ლარით, 2019 წელს - 805 ლარით, 2020 წელს - 1028 ლარით, 2022 წელს - 1004 ლარით. ჯარიმების საერთო ოდენობამ 3,837 ლარი შეადგინა. ვიქტორ ჯაფარიძე ქონებრივი დეკლარაციის შევსების წესს ყოველ ჯერზე არღვევს და მიუხედავად მის წინააღმდეგ დაწესებული ჯარიმებისა, არ უთითებს სრულ ინფორმაციას ქონებრივი თუ ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
მოძრაობა “ხალხის ძალის” კიდევ ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე, ბიურომ ორჯერ, 2018 და 2019 წლებში დააჯარიმა. ჯარიმების საერთო ღირებულებამ 1,982 ლარი შეადგინა. 2018 წელს დიიმიტრი ხუნდაძემ დეკლარაციის შევსების რამდენიმე წესი დააღვია. კერძოდ, მან არასრული ინფორმაცი მიუთითა საბანკო ანგარიშებისა და უძრავი ქონების შესახებ. ხოლო 2019 წელს ჯარიმის საფუძველი არასრულად დადეკლარირებული შემოსავალი აღმოჩნდა.
იგივე წლებში საჯარო სამსახურის ბიურომ გურამ მაჭარაშვილიც დააჯარიმა ქონებრივი დეკლარაციის არასრულად შევსების გამო. ჯარიმამ საერთო ჯამში 1,981.68 ლარი შეადგინა.
2017 და 2019 წლებში დეკლარაციების არასწორად შევსების გამო მიხეილ ყაველაშვილიც დაჯარიმდა. საჯარო სამსახურის ბიურომ მიხეილ ყაველაშვილი 2017 წელს 1000 ლარით, ხოლო 2019 წელს - 1108 ლარით დააჯარიმა. მიხეილ ყაველაშვილმა არ დაადეკლარირა სრული ინფორმაცია როგორც პირადი საბანკო ანგარიშების, ისე მისი ოჯახის წევრის მიერ მიღებულ შემოსავლის შესახებ.
ის ფაქტი, რომ თანამდებობის პირები, ჯარიმების მიუხედავად მაინც აგრძელებენ კანონის დარღევას და არ ითვალისწინებენ ბიუროს უარყოფით შეფასებას, ანტიკორუფციული ზომების არაეფექტიანობაზე მიუთითებს. საინტერესოა, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი ევროპის სხვა ქვეყნებში.
მაგალითად, ლიეტუვას ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგისა და შესაძლო კორუფციული ფაქტების გამოვლენის ფართო სისტემა აქვს, რომელიც თანამდებობის პირების სიმდიდრის მონიტორინგს (რამდენად კანონიერად გამდიდრდნენ თანამდებობის პირები) და გამჭვირვალობას გულისხმობს. თანამდობის პირის მიერ არჯეროვნად შევსებული დეკლარაციების შემთხვევაში, გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ისე დისციპლინური ჯარიმა. განასხვავებენ ორი ტიპის ჯარიმის ფორმას. უფრო “რბილი” ფორმაა თანამდებობის პირის მიერ დარღვევით შევსებული დეკლარაციის გასაჯაროება და შეზღუდვებისა და აკრძალვების დაწესებაა. მაგალითად, საჯარო მოხელეს დაწინაურება ან წახალისება ერთი წლის განმავლობაში შეეზღუდება. უფრო მკაცრი ჯარიმა გულისხმობს თანამდებობის პირი გათავისუფლებას და საჯარო სამსახურში მუშაობის აკრძალვას სამი წლის ვადით.
ნათელია, რომ ლიეტუვას ქონებრივი დეკლარაციების მონიტონგისა და ჯარიმის მოდელი მნიშვნელოვნად განსხვავდება საქართველოში არსებული მექანიზმისგან. აღსანიშნავია, რომ ლიეტუვა კორუფციის ბრძოლის მექანიზმებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.
*საქართველოს “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” შესახებ კანონის თანახმად ქონებრივი დეკლარაციების მონიტორნგის უფლებამოსილება საჯარო სამსახურის ბიუროს 2023 წლის 1 სექტემბრამდე ექნება. ბიუროს ამ ფუნქციას 2023 წლის შემოდგომიდან ახლად შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.
წყარო:
-
საქართველოს კანონი “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” შესახებ: http://bit.ly/3JW1oB5
-
ჩვენი გამოთხოვილი ინფორმაცია- http://bit.ly/3lvR4X0
-
OECD: Asset declarations for public officials: a tool to prevent corruption: https://bit.ly/3lprpPR