სავალუტო ფონდი ბელარუსს მილიარდი დოლარით დაეხმარება

ბელარუსი საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან (IMF) კორონავირუსთან საბრძოლველად მილიარდ დოლარს მიიღებს, ფონდის გადაწყვეტილება საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის საგანი გახდა.

ორგანიზაცია მკაცრად გააკრიტიკეს უფლებადამცველებმა, რადგან ბელარუსის ხელისუფლება უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და ხელოვნურად აგზავნის მიგრანტებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები ევროკავშირმა, ამერიკამ და ბრიტანეთმა 2020 წლის აგვისტოში დაუწესა არჩევნების გაყალბების და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.

IMF-ის სპიკერის თქმით, სავალუტო ფონდი სხვა ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მსგავსად, ბელარუსის მოქმედ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.

"ბელარუსის რეჟიმი სავალუტო ფონდის მილიარდ დოლარს ადამიანების რეპრესიებისთვის გამოიყენებს და არა მათ მხარდასაჭერად", - დაწერა ტვიტერზე ემიგრაციაში მყოფმა ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.

ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლის შემდეგ სავალუტო ფონდმა ქვეყანას დაფინანსება შეუწყვიტა, რადგან, მათი თქმით, არ არის ცხადი, აღიარებს თუ არა საერთაშორისო საზოგადოება ამ მთავრობას.