IMF ბელარუსს კორონავირუსთან საბრძოლველად მილიარდ დოლარს მისცემს

ბელარუსი საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან (IMF) კორონავირუსთან საბრძოლველად მილიარდ დოლარს მიიღებს. ფონდის გადაწყვეტილება საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის საგანი გახდა.

სავალუტო ფონდი მკაცრად გააკრიტიკეს უფლებადამცველებმა, რადგან ბელარუსის ხელისუფლება უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და ხელოვნურად აგზავნის მიგრანტებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები ევროკავშირმა, ამერიკამ და ბრიტანეთმა 2020 წლის აგვისტოში დაუწესა არჩევნების გაყალბების და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.

IMF-ის სპიკერის თქმით, ორგანიზაცია სხვა ორგანიზაციების და სახელმწიფოების მსგავსად ბელარუსის მოქმედ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.

"ბელარუსის რეჟიმი სავალუტო ფონდის მილიარდ დოლარს ადამიანების რეპრესირებისთვის გამოიყენებს და არა მათ მხარდასაჭერად," დაწერა ტვიტერზე სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, ემიგრაციაში მყოფმა ოპოზიციის ლიდერმა.

ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლის შემდეგ სავალუტო ფონდმა ქვეყანას დაფინანსება შეუწყვიტა, რადგან, მათი თქმით, არ არის ცხადი აღიარებს თუ არა საერთაშორისო საზოგადოება ამ მთავრობას.