ტიხანოვსკაია გამოთქვამს მზაობას შეხვდეს საქართველოს მთავრობას

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელსაც ევროკაშირი და აშშ ბელარუსის ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლად მიიჩნევს, მზაობას გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობას ნებისმიერ დროს შეხვეს და განიხილოს თბილისში მყოფი ბელარუსი პოლიტიკური ემიგრანტების ბედი. 

ამის შესახებ ფრანკ ვიაჩორკამ, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში ტიხანოვსკაიას მრჩეველმა განაცხადა. 

"აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ საქართველოს ორმხრივი და მეგობრული ურთიერთობების დამყარება გვსურს. სვეტლანა ტიხანოვსკაია სიამოვნებით შეხვდებოდა საქართველოს მთავრობას პირველი შესაძლებობისთანავე",- ამბობს ვიაჩორკა. 

მისი თქმით, ტიხანოვსკაია პირველივე შესაძლებლობაზე მზად არის განიხილოს საქართველოში ემიგრირებული ბელარუსი ჟურნალისტების, ორგანიზაციებისა და უფლებადმცველების მდგომარეობა. 

ვიაჩორკამ ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიული ქვეყნების მთავრობებმა არ უნდა გააფორმონ რაიმე ტიპის ხელშეკრულებები ლუკაშენკოს უზურპატორულ რეჟიმთან. 

მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს ამოქმედდა შეთანხმება, რომლიც ქართულ სუს-სა და ბელარუსულ КГБ-ს შორის თანამშრომლობის რეგლამენტირებას და კოორდინაციას ითვალისწინებს. ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2016 წელს შემუშავდა, თუმცა პროცესი საბოლოოდ მიმდინარე წლის აგვისოში დასრულდა. 

გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს ინფორმაციის ორმხრივ გაცვლას, თანამშრომლობას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების წინააღმდეგ, თანამშრომლობას კიბერდანაშაულისა და ორგანიზებული კრიმინალის წინააღმდეგ.

ამავდროულად ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, საიდუმლო ინფორმაციისა და პერსონალური ინფორმაციის გაცვლა და საერთო ღონისძიებების ჩატარება.