საფრანგეთში ვაქცინის მესამე დოზით მოხუცების აცრა იწყება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ მედიაში განაცხადა, რომ ქვეყნის ასაკოვან და რისკის ჯგუფში მყოფ მოსახლეობას ვაქცინის მესამე დოზით აცრიან. მისი ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ეწინააღმდეგება.

ინსტაგრამზე ჩაწერილ მიმართვაში, მაკრონმა განაცხადა:"მას შემდეგ, რაც ანტისეხეულების რაოდენობა მცირდება, რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანები უფრო მეტი საფრთხის ქვეშ არიან." ქვეყანა ასეთი ადამიანებისთვის მესამე დოზის შეთავაზებას აპირებს. "ეს არ იქნება ყველასთვის, მხოლოდ რისკის ჯგუფებისთვის."

საფრანგეთთან ერთად ვაქცინის მესამე დოზით რისკის ჯგუფში მყოფების აცრა ისრაელმა, უნგრეთმა, გერმანიამ და ბრიტანეთმა დაიწყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოთხშაბათს მდიდარ ქვეყნებს მოუწოდა "ბუსტერებით" აცრა შეწყვიტონ, ვიდრე მსოფლიოს ყველა ქვეყანის მოსახლეობის მინიმუმ 10% არ აიცრება.