მოსამართლეთა თვიური დანამატები 1250 ლარით გაიზარდა და ხელფასთან ერთად 10 ათას ლარამდეა

საქართველოში  სასამართლოების შესახებ კანონის 69-ე მუხლის თანახმად, მოსამართლეთა შრომის ანაზღაურება  4000-დან 7000 ლარამდე მერყეობს. თანხები განსხვავდება ინსტანციებისა და თანამდებობების მიხედვით. 

კანონში აღნიშნული ჩანაწერი უკვე წლებია არ შეცვლილა, შესაბამისად ამ წლების განმავლობაში არც მოსამართლეთა შრომის ანაზღაურება უნდა შეცვლილიყო. თუმცა სინამდვილეში მოსამართლეთა შრომის ანაზღაურება გაიზარდა, რადგან გაიზარდა დანამატების რაოდენობა.

მოსამართლეები სარგოსთან ერთად ასევე იღებენ დანამატებს. ყოველთვიური დანამატების რაოდენობა 1350-დან 2250 ლარამდე მერყეობდა

თუმცა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2021 წლის 20 დეკემბერს განკარგულებაში ცვლილება შეიტანა და მოსამართლეთა ყოველთვიური დანამატების ოდენობა გაზარდა. 2022 წლის განმავლობაში საერთო სასამართლოების მოსამართლეები ყოველთვიური დანამატების სახით  2500-დან 3500-მდე ლარს მიიღებენ. 

რაც შეეხება ზოგადად ინფორმაციას, საერთო სასამართლოების დაფინანსება 2015 წლიდან დღემდე თითქმის  მუდმივად იზრდება. დაფინანსების ზრდასთან ერთად იზრდება როგორც დასაქმებულთა რაოდენობა ასევე შრომის ანაზღაურებაში დახარჯული თანხების მოცულობაც. 

არაერთი საერთაშორისო ინსტიტუტის თუ დოკუმენტის მიერ არის აღიარებული სასამართლოს მხრიდან საკმარისი სახსრების მიღების აუცილებლობა, რომლებიც ერთხმად განსაზღვრავენ სასამართოს ადეკვატური რესურსებით უზრუნველყოფის მოვალეობას, რათა სასამართლომ შეძლოს თავისი ფუნქციების სწორად შესრულება.

თუმცა, მიუხედავად გაზრდილი დაფინანსებისა თავად სასამართლოსადმი ნდობა არ იზრდება. CRRC-ს მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, რომელიც მოსახლეობის განწყობებს ასახავს, 2019 წელს ბოლო ათწლეულში სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა ყველაზე დაბალი იყო.

2019 წელს სასამართლოს მხოლოდ გამოკითხულთა 17% ენდობოდა, ეს მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით 7%-ით გაუარესდა, რადგან 2017 წელს სასამართლო სისტემას გამოკითხულთა 24% ენდობოდა. 

ამავე კვლევის მიხედვით, 2019 წელს გამოკითხულთა 63% ამბობდა, რომ საქართველოს სასამართლოები ერთნაირად არ ეპყრობა ყველა მოქალაქეს, ზოგს უპირატესობას ანიჭებს, ზოგს კი - არა, როცა  2017 წელის კვლევის მიხედვით, კითხვაზე მსგავსი პასუხი გამოკითხულთა 58%-მა გასცა.

ხოლო 2020 წლის თებერვალი-მარტის განმავლობაში ჩატარებული კვლევის თანახმად კითხვაზე - რამდენად თავისუფალია ან არ არის თავისუფალი სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენებისაგან, გამოკითხულთა მხოლოდ 6% ფიქრობს რომ სრულად თავისუფალია, 25% კი ფიქრობს რომ საერთოდ არ არის. 

სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური გავლენის თვალსაჩინო მაგალითი მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ ფულის გათეთრების საქმეა. სასამართლომ გადაწყვეტილებით ერთის მხრივ დამნაშავედ ცნო ბრალდებული პირები, ხოლო მეორეს მხრივ ხანდაზმულობის გამო ისინი სასჯელისაგან გაანთავისუფლა. 

სასამართლო გადაწყვეტილებამდე, ჯერ კიდევ 2020 წელს TI-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნავდა პოლინ დევიდი, საერთაშორისო ექსპერტი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში, რომ “მოცემულ საქმეში, ბრალდებულების მიერ განხორციელებული სავარაუდო ქმედება ხანდაზმულია, ხოლო ხანდაზმულობის ვადისთვის გვერდის ავლის მიზნით პირის მიმართ ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენებაა, რაც იმ ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რომლებიც ყველა ბრალდებულის უფლებების დაცვას ითვალისწინებს.”

ასევე სასამართლოს პოლიტიზირების იდეას ამყარებს ე.წ კაბელების საქმე, გადაწყვეტილების ისევე როგორც თავად პროცესის სანდოობის მიმართ ეჭვები არსებობდა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით საქმის განვითარების დროს არსებული კონტექსტი და საქმის განხილვის პერიოდში გამოვლენილ ცალკეულ ხარვეზები ქმნიდა განცდას, რომ “კაბელების საქმეში” მართლმსაჯულება არასათანადოდ და მიკერძოებულად განხორციელდა, რაც შესაძლოა პოლიტიკური გავლენებით ყოფილიყო განპირობებული.

კიდევ უფრო ახლო მომავლიდან თუ გავიხსენებთ პოლიტიზირებული მართლმსაჯულების განცდის საფუძვლიან ეჭვებს ტოვებდა ე.წ კარტოგრაფების საქმე. საქმესთან დაკავშირებით მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ წინასაარჩევნოდ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია, სამართალდამცავი ძალაუფლებისა და სისტემის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მაღალ ეჭვებს აჩენდა

შესაბამისად, მართალია სასამართლო დამოუკიდებლობისთვის მოსამართლის ფინანსური და მატერიალური კეთილდღეობა მნიშვნელოვანია, თუმცა ცხადია, დაფინანსების ზრდისა და განხორციელებული რეფორმების რამდენიმე ტალღის მიუხედავად, სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ისევე როგორც ნდობა სასამართლოსადმი არ უმჯობესდება. 

საერთო სასამართლოები:  

2015 - 50,219,000 

2019 - 72,617,600

2020 - 76,380,000

2022 - 99,120,000

უზენაესი სასამართლო: 

2015 - 6,596,700

2019 - 9,428,800

2020 - 12,000,000

2022 - 14,350,000

 

წყარო:

 

  1. კანონი https://bit.ly/3q1j7wD 

  2. ბიუჯეტი https://bit.ly/3i1k6IN 

  3. საბჭოს განკარგულება 29.12.2020  https://bit.ly/35Vyyzl 

  4. საბჭოს განკარგულება 24.12.2021https://bit.ly/3KKPJ5H 

  5. შრომის ანაზღაურება/დანამატები https://cutt.ly/aA7srEe 

  6. EMC, კარტოგრაფების საქმის სამართლებრივი შეფასება https://bit.ly/3Jfnc7R 

  7. IDFI, EMC, CRRC,სასამართლოს ხელმისაწვდომობა https://bit.ly/3CCtgF2 

  8. TI, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ ფულის გათეთრების საქმის შეფასება  https://bit.ly/3MKgngP 

  9.  United Nation, Basic Principles on the Independence of the Judiciary

 https://bit.ly/3MYZIq3