1 მილიონი ლარი უკრაინას - დიდი მოკავშირის მცირე დახმარება?

2022 წლის 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვლს კი პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ. ომი უკვე რამდენიმე დღეა, თითქმის მთელი უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. 

სამხედრო ოპერაციის დაწყების დღიდან უკრაინას თითქმის მთელმა მსოფლიომ გამოუცხადა სოლიდარობა, ქვეყნები უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებითა და სამხედრო ტექნიკით ამარაგებენ, აგზავნიან ჯარისკაცებს, ზოგიერთი ქვეყანა უკრაინას მატერიალურადაც დაეხმარა. რუსეთს კი სანქციები დაუწესეს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის დღიდან ორაზროვან განცხადებებს ავრცელებს, მაგალითად, 25 თებერვალს ღარიბაშვილმა თქვა, რომ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით არ აპირებდა ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას. ღარიბაშვილმა 24 თებერვლის შემდეგ საკმაოდ ბევრი საზოგადოებისთვის მიუღებელი განცხადება გააკეთა უკრაინასთან მიმართებით. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მხოლოდ 1 მილიონი ლარი გამოიყო, რაც დღევანდელი კურსის მიხედვით დაახლოებით 300,000 ევროა. 2020 წლის მონაცემების თანახმად, უკრაინაში დაახლოებით 44 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 300,000 ევრო სასაცილო თანხაა, თუკი გავითვალისწინებთ, რა მასშტაბის ზიანი მიადგა უკვე უკრაინის მოსახლეობას. 

აღსანიშნავია, რომ 1 მლნ ლარზე მეტი იხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა გარკვეული ნაწილი უხარიხოდ სრულდება, ან საახალწლო ნაძვის ხესა და განათებებში. გთავაზობთ პროექტების ტოპ ათეულს, რომლებშიც მილიონ ლარზე მეტი არის გადახდილი. 

 

  1. პირველ რიგში, ალბათ ნაძვის ხე უნდა ვახსენოთ, რომელიც თბილისის მერიამ 2019 წელს შეიძინა. 2019 წელს ნაძვის ხე და საახალწლო განათებები მერიას 3 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა, 2020 წელს-600,000 ლარზე მეტი, 2021 წელს- 200,000 ლარზე მეტი. 

  2. 21 მილიონი არის დახარჯული სკოლის მშენებლობაში, რომელიც აშენებიდან 2 წელიწადში თავიდან არის გასაკეთებელი. ტენდერში ისეთი კომპანიები მონაწილეობდნენ, რომლებიც მმართველ პარტიასთან ასოცირდებიან, სამშენებლო სამუშაოებს შპს დაგი ასრულებდა. 

  3. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 1-10 იანვარს გამოცხადებული უქმე დღეების მიუხედავად, 9 სამინისტროს თანამშრომლებს 7 მილიონზე მეტი გადაუხადეს. თანხა ფაქტობრივად არაფრის კეთებაში არის გადახდილი. 

  4. “წითელი ბაღი,” რომლის რეაბილიტაცია თითქმის 2 მლნ ლარი დაჯდა, 1 წლის შემდეგ ბაღი თავიდან იყო გასარემონტებელი. 

  5. 144 მილიონი ბათუმის სტადიონში, რომელიც ახლა ფუნქციონირებს, თუმცა თავდაპირველი რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სტადიონის მინდორი ორ მატჩში გაფუჭდა. 

  6. გლდანის უხარისხო გზა, რაშიც 13 მილიონი ლარია გადახდილი. სამუშაოები შპს ენსისიმ ჩაატარა, თბილისის მერს ეგონა, გზა წლებს გაუძლებდა, თუმცა პირველივე წვიმის დროს ხიზანიშვილის ქუჩა მთლიანად დაიტბორა, შემდეგ კი გზა ჩაინგრა. 

  7. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაც აუცილებლად უნდა ვახსენოთ, ამაში შპს ჯეუ გრუპმა თითქმის 8 მლნ ლარი მიიღო, თუმცა გზის რეაბილიტაცია თავიდან გახდა საჭირო ისევ და ისევ გაუმართავი სანიაღვრე სისტემის გამო. 

  8. 3 მილიონი გადავიხადეთ ატენის წყალსადენში, თუმცა დღემდე სოფელს წყალი მხოლოდ გრაფიკით მიეწოდება. 

  9. UEFA-ს მიერ დაწუნებული ფოთის სტადიონიც უნდა ვახსენოთ, ამაში 8.5 მლნ ლარი არის გადახდილი. სტადიონი არ ფუნქციონირებს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური თამაშები ფოთში არ ჩატარდება. 

  10. ბოლო ადგილს ქობულეთის ზღვისპირა პარკი იკავებს, რაშიც თითქმის 7 მილიონია გადახდილი. პარკი უკვე დაზიანებულია. 

ბონუსად შეიძლება ისიც ვახსენოთ, რომ თავად ღარიბაშვილთან დაკავშირბეული კომპანია, შპს სერპანტინი, წლიდან წლამდე საკმაოდ ძვირადღირებულ ტენდერებს იგებს. 2012-20 წლებში აღნიშნულ კომპანიას 112 მილიონი აქვს მიღებული სახელმწიფო შესყიდვებიდან. 

ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, თუ რაში იხარჯება იმაზე მეტი თანხა, ვიდრე ღარიბაშვილმა უკრაინაში ომით დაზარალებული მოსახლებოსთვის გადარიცხა. 

წყაროები:

  1. https://formulanews.ge/Phrase/65236

  2. https://www.radiotavisupleba.ge/a/31724841.html

  3. https://www.worldometers.info/world-population/ukraine-population/

  4. https://www.facebook.com/squanderdetector/photos/3087916988150397

  5. https://www.facebook.com/squanderdetector/photos/2988689401406490

  6. https://www.facebook.com/squanderdetector/photos/3130640513878044

  7. https://www.facebook.com/squanderdetector/photos/2879616498980448

  8. https://www.facebook.com/squanderdetector/photos/2845499902392108

  9. https://www.facebook.com/squanderdetector/photos/2691482144460552

  10. https://www.facebook.com/squanderdetector/photos/2658362191105881

  11. https://www.facebook.com/squanderdetector/photos/2980876015521162

  12. https://www.facebook.com/squanderdetector/photos/3147423008866461

  13. https://www.facebook.com/squanderdetector/photos/3155701598038602

https://www.facebook.com/squanderdetector/photos/2893391904269574