ქუთაისის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ “ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში” დასაქმებულთა რაოდენობა წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა, მაშინ როდესაც ამ ბაღებში აღსაზრდელთა რაოდენობა შემცირდა.
სახელმწიფო ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფ ორგანიზაციებში (ააიპ, სსიპ) დასაქმებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ხშირად პრობლემურია, რადგან იზრდება ბიუჯეტის ხარჯზე დასაქმებულთა რიცხვი, მაშინ როდესაც ხშირ შემთხვევაში არ არსებობს ამ რაოდენობის ზრდის ობიექტური საჭიროება.
2014 წელს ა(ა)იპ “ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში” 35 ბაგა-ბაღი იყო, სადაც ირიცხებოდა 9,540 აღსაზრდელი, ხოლო დასაქმებული იყო 1,291 ადამიანი. 2015 წლიდან აღნიშნულ ბაღებში მკვეთრად გაიზრდა დასაქმებულების რაოდენობა მაშინ, როდესაც აღსაზრდელების რაოდენობა, საერთო ჯამში, ან არ იცვლებოდა, ან მცირდებოდა.
მაგალითად:
-
2015 წელს ქუთაისის 35 ბაღში ირიცხებოდა 9,723 აღსაზრდელი, ხოლო დასაქმებული იყო 1,660 ადამიანი
-
2016 წელს ორით გაიზარდა ბაღების რაოდენობა, სადაც სწავლობდა 9,872 ბავშვი, ხოლო დასაქმებული იყო 1,684 ადამიანი
-
2017 წელს 37 ბაღში ირიცხებოდა 9,960 ბავშვი და დასაქმებული იყო
1,691 ადამიანი -
2018 წელს 37 ბაღში ირიცხებოდა 10,168 ბავშვი, ხოლო დასაქმებული იყო 1,693 ადამიანი
-
2019 წელს 37 ბაღში ირიცხებოდა 9,774 ბავშვი, ხოლო დასაქმებული იყო 1,707 ადამიანი
-
2020 წელს 37 ბაღში ირიცხებოდა 9,319 ბავშვი, ხოლო დასაქმებული იყო 1,729 ადამიანი
-
2021 წელს 37 ბაღში ირიცხებოდა 8,285 ბავშვი, ხოლო დასაქმებული იყო 1,765 ადამიანი
-
2022 წელს 37 ბაღში ირიცხება 8,000 ბავშვი, ხოლო დასაქმებულია
1,798 ადამიანი
აღსანიშნავია ბიუჯეტიდან ამ ბაღებისა და იქ მყოფი დასაქმებულების/აღსაზრდებელის შენახვაზე დახარჯული თანხების რაოდენობაც, კერძოდ:
-
2014 წელს ქუთაისის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ “ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება” დაფინანსდა 7,227,500 ლარით
-
2015 წელს 8,357,100 ლარი
-
2016 წელს 9,421,400 ლარი
-
2017 წელს 9,410,000 ლარი
-
2018 წელს 9,986,400 ლარი
-
2019 წელს 11,039,200 ლარი
-
2020 წელს 10,512,200 ლარი
-
2021 წელს 12,250,000 ლარი
-
2022 წელს 14,250,000 ლარი
საერთო ჯამში 2014-2022 წლებში ბიუჯეტიდან დახარჯულმა თანხამ შეადგინა 92,453,800 ლარი.
გარდა ამისა, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ანგარიშში “სამართლიანმა არჩევნებმა” პირდაპირ ისაუბრა დამკვიდრებულ მახინჯ პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც მმართველი პარტია აქტიურად იყენებდა სასწავლო აღმზრდელობით დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს წინასაარჩევნო აგიტაციისა და ხმების მობილიზებისთვის, რაც პირდაპირ წარმოადგენს კანონდარღვევას.
იყო აგრეთვე ვიდეო კადრებიც, როდესაც ბაღის თანამშრომლები არჩევნების დღეს ამომრჩეველთა სიებით ხელში მაგიდის ქვეშ იმალებოდნენ, რათა ჟურნალისტებს არ გადაეღოთ მათ მიერ ქართული ოცნების სასარგებლოდ ხმების მობილიზების პროცესი.
ორივე ეს მაგალითი ცხადყოფს თუ რაში იყენებს ქართული ოცნება სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებში დასაქმებულთა რესურსს, ხოლო ამ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა კიდევ უფრო ზრდის ქართული ოცნების ადმინისტრაციულ რესურსს.
დასკვნა:
2014 წელთან შედარებით 2022 წელს ქუთაისში ბაღების რაოდენობა გაიზრდა ორით, აღსაზრდელების რაოდენობა შემცირდა 1,540-ით, ხოლო ამ ბაღებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 507 ადამიანით. ამავე დროს თუ 2014 წელს 35 ბაღი და 9,540 აღსაზრდელით და 1,291 დასაქმებულით ფინანსდებოდა 7,227,500 ლარით, 2022 წელს ეს თანხა ფაქტობრივად გაორმაგდა და ქუთაისის 37 ბაღი, 8,000 აღსაზრდელით და 1,798 დასაქმებულით, ფინანსდება 14,250,000 ლარით.
მიუხედავად იმისა რომ გარკვეულ წლებში შეინიშნებოდა აღსაზრდელთა რაოდენობის ზრდა (2015-17 წწ), ეს ზრდა მაინც უფრო მცირე იყო, ვიდრე მაგალითად ამ ბაღებში დასაქმებულთა ზრდა. მაგალითად 2015 წელს, წინა წელთან შედარებით 369-ით მეტი დასაქმებული იყო ამ ბაღებში, ხოლო ბავშვების რაოდენობა კი მხოლოდ 183-ით გაიზარდა.
მივიღეთ მოცემულობა რომ 2014-22 წლებში ქუთაისში ქუთაისის 37 (2016 მდე 35) ბაღში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 507-ით (აქედან 369-ით 2015 წელს), ხოლო აღსაზრდელების რაოდენობა შემცირდა 1,540-ით. დასაქმებულთა ასეთი მკვეთრი და დაუსაბუთებელი ზრდა, აჩენს გონივრულ ეჭვს რომ ეს ყველაფერი არა ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარეობდა, არამედ სხვა, შესაძლო პოლიტიკური მიზნები ჰქონდა.
აღსანიშნავია რომ ამ ბაღების დაფინანსება ყოველ წლიურად იზრდება და 2022 წელს ფაქტობრივად გაორმაგებულია თანხა 2014 წელთან შედარებით, თუმცა მცირდება აღსაზრდელების რაოდენობა. შესაბამისად ჩნდება გონივრული ვარაუდი რომ ეს გაზრდილი თანხა, ისევ დასაქმებულთა გაზრდილი რაოდენობის შენახვას ხმარდება და არა აღსაზრდელთა მომატებულ რაოდენობას, რაც პირიქით, ყოველწლიურად მცირდება.
წყარო:
-
https://www.scribd.com/document/559524433/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98-1 - ქუთაისის ბაღები
-
https://matsne.gov.ge/ka/document/view/5315614?publication=0 - ქუთაისის ბიუჯეტი 2014-22