ვახტანგ ტალახაძის ძმის შვილის კომპანიამ 1.05 მილიონი ლარი მიიღო ხარაგაულის, 788 ლარი კი მცხეთის ბიუჯეტიდან;

ბიზნესმენი გიორგი ტალახაძე როგორც მფლობელი ან მეწილე არაერთ კომპანიაში ფიქსირდება. ამ კომპანიებიდან სახელმწიფო ტენდერებშა აქტიურია შპს “გგ”, რომელიც გზების სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაობს ეწევა. აღსანიშნავია ამ კომპანიის მიერ საეჭვო გარემოებებში მოგებული ტენდერები და ასიათასობით ლარის გამარტივებული შესყიდვები.

შპს გგ სახელმწიფო შესყიდვებში 2019 წლის ბოლოდან ფიქსირდება. კერძოდ, 2019 წლის დეკემბერში მცხეთის მერიამ მასთან გააფორმა 323,200 ლარის გამარტივებული შესყიდვა მცხეთის სოფლებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. ამ კომპანიას სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის და შესაბამისად მსგავსი სამშენებლო სამუშაოების შესრულების არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. 2020 წლის დასაწყისში მცხეთის მერიამ გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ამ კომპანიასთან კიდევ ორი 18,860 და 445,300 ლარის გამარტივებული შესყიდვა გააფორმა. 

საერთო ჯამში მცხეთის მერიამ გამოცდილების არმქონე კომპანიასთან, 2019-20 წლებში 787,860 ლარის გამარტივებული შესყიდვა გააფორმა, მათ შორის ისეთი სამუშაოებისთვის, რომელიც გადაუდებელი აუცილებლობიდან არ გამომდინარეობდა.

მცხეთა ერთადერთი მუნიციპალიტეტი არ არის, რომლისგანაც მან ასიათასობით ლარის შესყიდვა მიიღო. 2021 წელს შპს გგ-მ ხარაგაულის მერიის მიერ გამოცხადებულ 12 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც შვიდში გაიმარჯვა. აღსანიშნავია რომ ამ შვიდიდან სამში გაიმარჯვა უკონკურენტოდ, ხოლო ერთ ტენდერში კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე. ხარაგაულის მერია მასთან ისევ სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დებდა ხელშეკრულებებს. საერთო ჯამში 2021 წელს ხარაგაულის მერიამ ამ კომპანიას 1,047,521 ლარი გადაუხადა.

კავშირები

აღსანიშნავია გარემოება, რომ შპს “გგ”-ს მესაკუთრე და დირექტორი გიორგი ტალახაძე რაჭის მაჟორიტარის, გოჩა ენუქიძის რამდენიმე კომპანიის – შპს იბერ 777-ს და შპს ენუქიძის დირექტორი იყო. ამჟამად ეს კომპანიები აქტიური აღარ არის.

გიორგი ტალახაძემ ქართულ ოცნებას 2016 წლის არჩევნების წინ 11,000 ლარი შესწირა. 

რაც შეეხება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მის მიერ ერთ წელიწადში მოგებულ კოლოსალური რაოდენობის ტენდერებს, აღსანიშნავია, რომ გიორგი ტალახაძე ქართული ოცნებიდან ხარაგაულის სოფელ ზვარესა და წიფას მაჟორიტარი დეპუტატის, ვახტანგ ტალახაძის ძმისშვილია.

წყარო:

  1. 405124440 - შპს გგ

  2. https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/entrepreneurial-activity/5371 - შემოწირულობა

  3. 57001019843 - გიორგი ტალახაძე

  4. https://www.my.gov.ge/ka-ge/services/10/service/179 - ბიზნესის რეესტრი

  5. https://tenders.procurement.gov.ge/# - შესყიდვების საიტი

https://results.cec.gov.ge/#/ka-ge/election_45/dashboard - ხარაგაულის მერვე სამაჟორიტარო ოლქის შედეგები - გამარჯვებული ვახტან ტალახაძე