ახალი წლის განწყობის შესაქმნელად ქვეყნის მასშტაბით უკვე მოირთო ქუჩები საახალწლო განათებითა და გირლიანდებით. 2022 წლისათვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად, ქუჩების საახალწლო განათებებით გასაფორმებლად საქართველოს მასშტაბით 2,561,874 ლარი იხარჯება.
მიმდინარე მონაცემებით საქართველოს მასშტაბით 24 მუნიციპალიტეტში უკვე გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი საახალწლო აქსესუარებისა და ქუჩის განათების შესასყიდად. უმრავლეს შემთხვევაში მუნიციპალიტეტებში ხელშეკრულება გააფორმდა კონტრაქტორ კომპანიებთან და მიმდინარეობს სამუშაოების შესრულება.
ფლანგვის დეტექტორმა შეისწავლა, თუ რამდენი დაიხარჯა 2021 წელს საახალწლო განათებებსა და აქსესუარებში, ასევე კომპანიები, რომლებთანაც ხელშეკრულება გაფორმდა.
5 თვითმმართველი ქალაქიდან ქუჩების გასანათებლად ყველაზე დიდ თანხას ბათუმის მერია ხარჯავს. საშობაო-საახალწლო დღეებში ქუჩების გასაფორმებლად ბათუმის მერია ბიუჯეტიდან 699,910 ლარს ხარჯავს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელსაც, მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ფონზე, ბათუმის მერიამ ქუჩების გასაფორმებლად 500,393 ლარი დახარჯა.
თბილისის მერიამ ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც შეიძინა საახალწლო განათებები და აქსესუარები. თბილსერვისმა ოთხი ტენდერი გამოაქვეყნა საახალწლო გირლიანდებისა და აქსესუარების შესყიდვისთვის. მერიის კომპანიამ ჯამში 444,530 ლარის ხელშეკრულება გააფორმა შპს ღამის შოუს სტუდიასა და შპს დანდისთან. თბილისის მერიის კომპანიამ წელსაც შეიძინა საახალწლო გირლიანდები და ნათურები, რომლებშიც ჯამში 338,730 ლარი გადაიხადა. საინტერესოა, რომ მხოლოდ გირლიანდებსა და განათებებში 2020 წელს 616,640 ლარი დაიხარჯა. აქვე ჩნდება კითხვა თუ რატომ გახდა საჭირო წელსაც ასისათასობით ლარის დახარჯვა საახაწლო გირლიანდებში, როდესაც 2020 წელს ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა ქუჩის სადღესასწაულო განათებაში? ამ კითხვით ფლანგვის დეტექტორმა მერიის თბილსერვის ჯგუფს მიმართა, თუმცა გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე ორგანიზაციას პასუხი არ მიუღია.
საახალწლო განათებაზე გაწეული დანახარჯების სამეულში მოხვდა ფოთის მერიაც, რომელიც ქუჩების გასაფორმებლად 217,662 ლარს ხარჯავს. როგორც სახელმწიფო შესყიდვების საიტიდან ვგებულობთ ფოთის მერიის მიერ კომპანია შპს ქოლორფულ სფირითთან გაფორმებული ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება (217,662 ლარი) 19,776 ლარით აღემატება მის თავდაპირველ ღირებულებას, რომელიც 197,886 ლარი იყო. საიტზე განთავსებული დოკუმენტაციიდან ვგებულობთ, რომ თანხის გაზრდის მიზეზი ქალაქგაფორმების კონსტრუქციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესყიდვა იყო.
უნდა აღინიშნოს, რომ თბილისისა და ბათუმის მერიისაგან განსხვავებით, ფოთის მერიას პანდემიის პერიოდში, 2020 წელს, ქუჩების გასაფორმებლად თანხები არ დაუხარჯავს.
რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტში ქუჩების სადღესასწაულო გაფორმებას, თვითმმართველი ქალაქებიდან ყველაზე მცირე თანხა ქუთაისისა და რუსთავის მერიამ დახარჯა.
ქუთაისის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საახალწლოდ გასანათებელი სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებისა და ელექტრონათურების შესასყიდად 99,840 ლარი დახარჯა, ხოლო რუსთავის მერიამ კიდევ უფრო ნაკლები, 81,248 ლარი. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისის მერიამ ქუჩების გასაფორმებლად დახარჯული თანხა, გასულ წელთან შედარებით შეამცირა. გასულ წელს საახალწლო ნაძვის ხის, განათებისა და დეკორაციების შეძენა ქუთაისის მერიას 212,572 ლარი დაუჯდა.
ზოგიერთ შემთხვევაში თვითმმართველ ქალაქებზე არანაკლებს ხარჯავენ ადგილობრივი თვითმმართველობის მერიებიც.
მარნეულის მერია - 189,000 ლარი;
ზუგდიდის მერია - 150,000 ლარი;
მცხეთის მერია - 149,889 ლარი;
ყვარლის მერია - 124,000 ლარი;
გორის მერია - 95,780 ლარი;
ზესტაფონის მერია 90,000 ლარი.
გასულ წელს 4 თვითმმართველმა ქალაქმა და 8 ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა საახალწლოდ ქუჩების გასაფორმებლად ჯამში 1,627,083 ლარი დახარჯეს. ამასთანავე, გასული წლის დანახარჯებთან მიმართებაში უნდა აღინიშნოს, რომ წინა საახალწლოდ, 2020 წლის 26 ნოემბერს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით გამკაცრდა, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილების მიხედვით კი სხვა მრავალ შეზღუდვასთან ერთად, ადამიანებს ეკრძალებოდათ 9 საათის შემდეგ გადაადგილება. შესაბამისად, შეზღუდვების ფონზე კიდევ უფრო არაადეკვატურად გამოიყურებოდა ქუჩების გასაფორმებლად დახარჯული თანხები.
პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინება წელსაც ნაკლებად ხდება. დედაქალაქში და ცალკეულ რეგიონებში დაგეგმილია საახალწლო კონცერტების გამართვა, პარალელურად კი “ომიკრონის" გავრცელების გამო ქვეყნების უმეტესობამ საზღვრები ჩაკეტა და საახალწლო ღონისძიებები გააუქმა. მაგალითად, საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა პარიზში, ხოლო ლონდონში საახალწლო კონცერტს მხოლოდ ტელევიზიით აჩვენებენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ომიკრონის უკვე არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯერ კიდევ არ გაუქმებულა თბილისსა და ცალკეულ მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი საახალწლო კონცერტები. მეტიც, თბილისის მერიამ საახალწლო კონცერტის მოსამზადებელი სამუშაოების გამო რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა ერთი კვირით შეზღუდა.
წყარო:
-
შესყიდვები https://cutt.ly/JUapRtV
-
ფლანგვის დეტექტორი https://cutt.ly/cUapGTg