2019-2021 წლებში თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაციის გასავრცელებლად 473 ლარი ათასი დახარჯა

თავდაცვის სამინისტრომ 2021 წლის პირველ ორ კვარტალში სატელემაუწყებლო მომსახურებაში 115,260 ლარი დახარჯა. რეკლამირებისა და ინფორმაციის გასავრცელებლად სამინისტრომ ხელშეკრულება 6 ტელევიზიასთან გააფორმა. ტელევიზიების სია შემდეგნაირად გამოიყურება: 1. ჯი-დი-ეს თი-ვი 2. ტელეიმედი 3. რუსთავი 2 4. სტუდია მაესტრო. 5. პოსტვ 6. მედია ჰოლდინგი

თავდაცვის სამინისტრომ ყველაზე დიდი თანხა ტელეიმედს გადასცა, 74,048 ლარის სახით. შემდეგ ადგილს რუსთავი 2 იკავებს, რომელთანაც სამინისტრომ 17,280 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის კომპანიასთან, ჯი დი ეს თი ვი-სთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულებამ 5,460 ლარი შეადგენა, ხოლო ტელეკომპანია მაესტრომ სამინისტროსაგან 1950 ლარი მიიღო. 1560 ლარი მიიღო პოსტტვ-მ, ხოლო მედია ჰოლდინგმა 7552 ლარი. 

თავდაცვის სამინისტრო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოყოფს თანხებს სატელემაუწყებლო მომსახურების შესასყიდად. 2020 წელს სამინისტრომ ამ მიმართიულებით 205,406 ლარი დახარჯა, ხოლო 2019 წელს 152,165 ლარი. 

წლების განმავლობაში განხორციელებული შესყიდვები ცხადყოფს, რომ სამინისტროს თავისი ფავორიტი ტელევიზიები ჰყავს. 2019 წლის, ისევე როგორც 2020 წლის მონაცემების მიხედვით, თავდაცვის სამინისტრომ რეკლამირებისა და ინფორმაციის გასავრცელებლად საეთერო დროის შესყიდვის მიზნით ხელშეკლულებები გააფორმა ზემოაღნიშნულიდან 4 ტელევიზიასთან.  2020 წელს სამინისტრომ 54,080 ლარი გადაუხადა რუსთავი 2-ს,  59,520 ლარი -  ტელეიმედს, 11,088 ლარი - ჯი დი ეს თი ვი-ს, ხოლო მაესტროს 2,535  ლარი. 

ამავე წელს თავდაცვის სამინისტრომ საინფორმაციო მხარდაჭერის მიზნით საერთო ჯამში 33,511 ლარის ხელშეკრულებები გააფორმა შემდეგ სააგენტოებთან:  აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუს, პირველი, ჯეომედიათივი,  ახალი ამბები, ახალი ამბების სააგენტო კაუკასუსნიუსი, ნიუსრუმი. 

2019 წელს სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, ტელევიზიათა სიაში რომელთანაც სამინისტრომ ითანამშრომლა,  დამატებით ფიქსირდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებელი, პალიტრა TV, ტელეკომპანია პირველი. თუმცა 2019 წელსაც ყველაზე დიდი თანხები სამინისტროსაგან ტელეიმედმა და რუსთავი 2-მა მიიღეს. ტელეიმედმა 2019 წელს თავდაცვის სამინისტროსაგან 68,060 ლარი მიიღო, ხოლო რუსთავი 2-მა 60,399 ლარი.

აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს 2019-2021 წლებში საეთერო დროის დათმობის მიზნით განხორციელებული შესყიდვები მიუთითებს სამინისტროს ფავორიტიზმზე იმ ტელევიზიების მიმართ, რომლებიც პროსახელისუფლებო ნარატივით გამოირჩევიან და ნაკლებად ან საერთოდ არაკრიტიკულები არიან მმართველი პარტიის მიმართ.

“კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის” 2020 წლის ანგარიშში ტელეიმედს პირდაპირ მოიხსენიებს ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილ ტელეარხად. თუმცა, ტვ იმედი არა მხოლოდ პროსახელისუფლებო არხია, არამედ პრორუსულიც. MDF-ის 2017 წლის კვლევაში, “კრემლის გავლენის ინდექსი” მითითებულია, რომ ექსპერტთა ნაწილის აზრით, ზოგჯერ ტელეიმედი მოვლენებს კრემლისტური ნარატივის სასარგებლოდ აშუქებს. 

ამის დასტურად შეიძლება ტვ იმედის 2008 წლის ომზე გადაღებული ფილმი "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს" განვიხილოთ. ფილმი არხის facebook და youtube გვერდებზე 2019 წლის 12 აგვისტოს გამოაქვეყნა. 36-წუთიანი ფილმი რუსული პროპაგანდის კლასიკურ გზავნილებს მოიცავდა, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა, ამ ომში მონაწილეობა მიეღო. 

ფილმი კრიტიკის საფუძველი გახდა და საზოგადოების ნაწილმა ტელეკომპანია “იმედი” რუსული ნარატივის გავრცელებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ფილმის პროდიუსერი თვითონ იყო და მიიჩნევდა, რომ ფილმი სასარგებლო და დროული იყო.

წყარო:

  1. სამინისტროს შესყიდვები სრულად https://bit.ly/3frToXZ 

  2. ანგარიში 2020 https://cutt.ly/VYL52OO 

  3. MDF 2017 წლის ანგარიში https://cutt.ly/8YCgzFb 

  4. ფილმი აგვისტოს ომზე https://netgazeti.ge/news/387188/