ზეწოლა მმართველი გუნდის მხრიდან "ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარზე

7 სექტემბერს ჩვენი ორგანიზაციისა და ფლანგვის დეტექტორი-ს მკვლევარმა, დავით მჟავანაძემ მოამზადა კვლევა ვანის მერის, ალექსანდრე გოგორიშვილის შესახებ, რომელმაც “ქართული ოცნების” შტაბის უფროსს ტენდერისა და პირდაპირი შესყიდვის გზით 80,000 ლარამდე თანხა გადასცა. ფაქტის გამჟღავნების შემდეგ ვანის მერი ჟურნალისტებს კაბინეტში ჩაკეტვით დაემალა.

მოგვიანებით, დავით მჟავანაძემ მოქმედი მერისგან არაერთი გზავნილი მიიღო, რომელიც მას “გაჩერებისკენ” მოუწოდებდა. უარს აგრესიული ქმედებები მოჰყვა. კერძოდ, 2021 წლის 26 სექტემბერს, ვანში დავით მჟავანაძეს მანქანით აედევნა ვინმე ზაალ მახარაძე, რომელმაც მანქანა მის სიახლოვეს გააჩერა და მკვლევარს ფოტოების გადაღება დაუწყო.
 
როდესაც მკვლევარმა მას კითხვით მიმართა, თუ რატომ აკეთებდა ამას, ზაალ მახარაძე მანქანიდან გადმოვიდა და აგრესიული ფორმით ეცადა დავით მჟავანაძის “გვერდით გაყვანას”.
დავით მჟავანაძის ინფორმაციით, ზაალ მახარაძე ვანის მერის კლასელია, რომელიც მთელ დღეებს მმართველი პარტიის ოფისთან ატარებს. იგივე პიროვნება მეორე დღესაც ცდილობდა კონფლიქტის გაღვივებას და დავით მჟავანაძეს “პატრიარქის მაგინებელს” უწოდებდა.
 
რამდენიმე დღის შემდეგ, 28 სექტემბერს, მერობის კანდიდატმა ალექსანდრე გოგორიშვილმა ვანში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დავით მჟავანაძისა და “ფლანგვის დეტექტორის” სახელი შეურაცხმყოფელ კონტექსტში ახსენა და უარყო ორგანიზაციის მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია კორუფციის ფაქტის შესახებ.
 
ვანის მერის, ალექსანდრე გოგორიშვილის სავარაუდო კორუფციული გარიგების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ, აქ იხილოთ: https://bit.ly/3kX7x3z
ამასთანავე, დღეს გამოქვეყნდება ახალი ინფორმაცია ვანის მერიაში 270 ათასი ლარის ღირებულების, 125 ტონა საწვავის ყოველგვარი კონტროლის გარეშე მოხმარების შესახებ.