მიმდინარე ძალადობრივი პროცესები მთლიანად საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობააა

GDI და GMC ეხმაურებიან ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების ქმედებებს, რომლებიც მიმართულია „ღირსების მარშის“ ჩასაშლელად. ჩვენ ვგმობთ ხსენებული ჯგუფების მხრიდან ძალადობას და აღშფოთებულები ვართ სახელმწიფოს უმოქმედობის გამო.

2021 წლის 5 ივლისს ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა დაიკავეს რუსთაველის გამზირი, პარლამენტის წინ საპროტესტო კარვები უკანონოდ დაშალეს და ასევე თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს, რომლებსაც ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, ასევე დააზიანეს მედიის კამერები და მოწყობილობები. ძალადობრივმა ჯგუფებმა შემდეგ გადაინაცვლეს სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან, სადაც მათ ალყაში მოაქციეს ოფისის შესასვლელი და ხელი შეუშალეს ოფისში შეკრებილ პირებს საქმიანობაში. მათი მხრიდან ისმოდა შეურაცხმყოფელი და აგრესიის შემცველი შეძახილები. ხსენებული ჯგუფები შეიჭრნენ “თბილისი პრაიდის” ოფისის ტერიტორიაზეც. ისინი ასევე აგრესიულები არიან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების მიმართ და უქმნიან მათ საფრთხეს. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  მთელი დღის განმავლობაში ძალადობრივი ჯგუფები არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს, სჩადიან სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს. ისინი არღვევენ ლგბტ+ თემის წევრებისა და მათი მხარდამჭერების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, ასევე არღვევენ კერძო საკუთრების უფლებას, საფრთხეს უქმნიან სხვათა ჯანმრთელობას,  ხელს უშლიან მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტურ საქმიანობას. მიუხედავად ჰომოფობიური ჯგუფების ამ ძალადობრივი, აგრესიული და დანაშაულებრივი ქმედებებისა, ხელისუფლება არ უზრულყოფს კანონის უზენაესობისა და მართლწესრიგის დაცვას. დილიდან, ხელისუფლება ერთ ნაბიჯსაც არ დგავს ძალადობის პრევენციისთვის და შეჩერებისთვის. რუსთაველის გამზირზე და მის გარშემო არ იყო საკმარისი რაოდენობით მობილიზებული პოლიცია, ხოლო  ადგილზე მყოფ სამართალდამცავებს ამ დრომდე არ მიუღიათ სათანადო ზომები ხსენებული ჯგუფების შესაკავებლად - პოლიციამ ხელი არ შეუშალა მათ პარლამენტის წინ მდებარე კარვების უკანონოდ დაშლაში, ასევე ვერ დაიცვა მათგან მედიის წარმომადგენლები, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. პირიქით, პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ღირშების მარშის“ ჩატარება მიზანშეუწონელია და რომ „რა თქმა უნდა, როგორც ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში“. ასევე გავრცელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელიც „თბილისი პრაიდს“ მოუწოდებს, არ გამართოს „ღირსების მარში“ საჯაროდ ღია სივრცეში.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ჰომოფობიური ჯგუფების ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ლგბტ+ თემის წევრებს, არამედ თითოეული ჩვენგანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. კიდევ უფრო მეტად აღმაშფოთებელია ხელისუფლების ზემოაღნიშნული განცხადებები, რომლებიც ახალისებს ჰომოფობიას და სიძულვილს. ხელისუფლების უმოქმედობა და სიძულვილის წახალისება ეწინააღმდეგება მის პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს ლგბტ+ თემის წევრების და მათი მხარდამჭერების უსაფრთხოება, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების რეალიზაცია. მიგვაჩნია, რომ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებიდან გასული მიმდინარე ძალადობრივი პროცესები მთლიანად საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობააა.