“მმართველობის მონიტორინგის ცენტრის” ორგანიზებით თბილისში, პუშკინის სკვერში, მოშიმშილე შუქურთელების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
უკვე თვეზე მეტია ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები პირამოკერილი შიმშილობენ. ისინი კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” ითხოვენ კომპენსაციას იმ ზიანისთვის, რაც კომპანიის საქმიანობის გამო მათ საცხოვრებელ სახლებს მიადგა.
30 მაისს პროტესტის მონაწილეები სოფელ შუქრუთიდან თბილისში გადმოვიდნენ და საპროტესტო აქცია ამერიკის საელჩოსთან გამართეს. ღამე მათ მანქანებში გაათიეს, რადგან აშშ-ის საელჩოსთან კარვის გაშლის უფლება არ მიეცათ.
_______________________________________________
შუქრუთის მოსახლეობა 2019 წლიდან იბრძვის კომპანიის წინააღმდეგ, რათა შეინარჩუნონ საკუთარი საცხოვრისი. შეგახსენებთ, რომ სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლები თვეების განმავლობაში სხვადასხვა ფორთმით აპროტესტებენ “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ განხორციელებულ სამუშაოებს, რის გამოც საცხოვრებელი სახლები ავარიულ მდგომარეობამდეა მისული, ხოლო ადგილობრივები მუდმივ შიშსა და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში ცხოვრობენ.
სახლების გაბზარვა და ჩამონგრევა ერთადერთი პრობლემა არ არის, რასაც შუქრუთელები აპროტესტებენ. ეზოების ქვემოთ მაღაროს გავლამ, ნაპრალების გაჩენა გამოწვია, რამაც მოსახლეობის საკუთრებაში არსებული მიწები, სამეურნეო თვალსაზრისით უსარგებლო გახადა.