GMC: შსს-მ უნდა შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა მუმლაძის მიმარ

ვეხმაურებით 2021 წლის 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე მოვლენებს და მივიჩნევთ, რომ პოლიციის ქმედებები მიმართულია შეკრების თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვისაკენ, ხოლო აქტივისტების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ამოქმედება, არის ავტორიტარული რეჟიმისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.

გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ხსენებულ აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი მუმლაძის მიმართ დევნის დაწყება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს თვითნებურ და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას. საჯაროდ გავრცელებული მასალებზე დაყრდნობით, მიგვაჩნია რომ, ბრალდებულის ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და მის მიმართ დევნა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

გარდა ამისა, საზოგადოებას შევახსენებთ რომ, უშუალოდ გიორგი მუმლაძის მიმართ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და სავარაუდო დანაშაულის არაერთ ეპიზოდს იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. სამწუხაროდ, ამ დრომდე, ამ საქმეებზე არ დამდგარა კონკრეტული სამართლებრივი შედეგი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ:

             საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას - დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სისხლისსსამართლებრივი დევნა გიორგი მუმლაძის მიმართ.

           სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს - დროულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიძიოს გიორგი მუმლაძის მიმართ სამართალდამცავთა მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენი ფაქტები.