
2023 წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, თუმცა ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმ დათქმით, რომ საქართველო ცხრა მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამდა, მათ შორის ერთ-ერთი სასამართლოს ყოვლისმომცველ და ეფექტურ რეფორმას შეეხებოდა, უფრო კონკრეტულად კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველ რეფორმას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულებას გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) 2024 წლის 11 აპრილის კვლევიდან ვიგებთ, რომ აღნიშნული რეკომენდაცია ჯერ კიდევ არ არის შესრულებული და ამ მიმართულებით დღეს არა ერთი გამოწვევა არსებობს. IDFI-ს კვლევა, თავის მხრივ, მრავალ საკითხს მოიცავს, თუმცა, კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ამჯერად ყურადღება მხოლოდ გამჭვირვალობაზე გავაკეთოთ.
IDFI-ს კვლევიდან ვიგებთ იმასაც, რომ დღემდე არ გატარებულა ღონისძიებები მოსამართლეთა ქონებრივი მდგომარეობის პერმანენტული და პერიოდული შემოწმების სისტემის შექმნასთან დაკავშირებით, რაც, თავის მხრივ, შეამცირებდა სასამართლოში კორუფციის რისკებს. მოსამართლეთა ქონებრივ მდგომარეობასთან და დეკლარაციების შევსებასთან დაკავშირებით ფლანგვის დეტექტორს წლების განმავლობაში არა ერთი კვლევა აქვს გამოქვეყნებული, შევეცდებით, მათი მოკლე მიმოხილვით მკითხველს დავანახოთ ის მთავარი გამოწვევები, რაც ამ მიმართულებით არსებობს.
მოსამართლეთა ფინანსური გამჭვირვალობა
ფლანგვის დეტექტორი ჯერ კიდევ 2019 წელს წერდა საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეულ მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეზე. ფლანგვის დეტექტორმა შეისწავლა მოსამართლის დეკლარაციები, საიდანაც ჩანდა, რომ, მაგალითად, 2014 წელს მოსამართლე მიქაუტაძისა და მისი მეუღლის ერთობლივი შემოსავალი 112,762 ლარი იყო, ამავე წელს, მოსამართლემ უძრავი ქონება შეიძინა, რომლის ღირებულება 64,000 აშშ დოლარს შეადგენდა. 64,000 დოლარიდან მხოლოდ 25,000 დოლარის დაფარვა მოხდა იპოთეკური სესხით, თუმცა, კითხვებს აჩენდა ის, თუ როგორ შეძლო მოსამართლემ დანარჩენი 40,000 დოლარის დაფარვა, მაშინ, როდესაც მისი ხელფასი აღნიშნული ქონების შეძენას არ ეყოფოდა და ამავდროულად მისი დანაზოგი საკრედიტო ბარათზე მხოლოდ 28 ლარს შეადგენდა.
“რადიო თავისუფლება” 2024 წლის მარტში წერდა, რომ გიორგი მიქაუტაძემ 2022-2023 წლებში დედისგან 150,000 აშშ დოლარი მიიღო საჩუქრად. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა მიქაუტაძის მიერ სახლის მშენებლობის წამოწყებაც. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ მიქაუტაძემ შპს ბახტრიონიდან, სადაც დედამისი 2019 წლიდან მუშაობს, ცნობა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, დარეჯან თავართქილაძის შემოსავალი თვეში დაახლოებით 22 ათასი ლარია, თუმცა ეს თანხა შეუსაბამოა კომპანიის ოფიციალურ ფინანსურ ანგარიშებთან.
კიდევ ერთი უვადოდ დანიშნული მოსამართლე, რომლის დეკლარაციებსაც ფლანგვის დეტექტორი იკვლევდა, შალვა თადუმაძეა. 2019 წლის კვლევის მიხედვით, 2018 წელს თადუმაძის მეუღლემ კომერციული ფართი იყიდა, რომლის ღირებულება 90,000 აშშ დოლარი იყო. ამ წელს თადუმაძის მეუღლის ერთადერთი შემოსავალი სხვა უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული 65,000 აშშ დოლარი იყო, ხოლო შალვა თადუმაძის შემოსავალი 69,000 ლარს შეადგენდა. საინტერესოა, საიდან შეგროვდა კომერციული ფართის შესაძენად დამატებით 25,000 აშშ დოლარი, აღნიშნული კი მოსამართლის დეკლარაციიდან არ ირკვევა.
2024 წლის იანვარში საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ განაცხადა, რომ “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო” ისინი 300 თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციებს შეამოწმებდნენ, მათ შორის საქართველოს საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეთა დეკლარაციებსაც. თუმცა, მოგვიანებით, 2024 წლის აპრილში გაირკვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, სერგო მეთოფიშვილისა და ვასილ მშვენიერაძის მოთხოვნით, მათი დეკლარაციების შემოწმება შეაჩერა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 300 თანამდებობის პირიდან, მხოლოდ მოსამართლეებმა მოითხოვეს, რომ მათი ქონების შემოწმების პროცესი შეეჩერებინათ.
აღსანიშნავია, რომ დეკლარაციების სწორად და ზუსტად შევსება უზრუნველყოფს ერთი მხრივ თანამდებობის პირების გამჭვირვალობას, მეორე მხრივ, კი საზოგადოების ინფორმირებას, რაც გარკვეულწილად ხელს უწყობს მათ ნდობას სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურისა თუ სასამართლოს მიმართ. ის ფაქტი, რომ მოსამართლეთა გარკვეული ნაწილი ასე ეწინააღმდეგება მათი დეკლარაციების შემოწმებას, აჩენს იმის ეჭვს, რომ მათ მიერ დეკლარაციებში ასახული ქონებრივი მდგომარეობა სიმართლეს არ შეესაბამება.
დასკვნა
მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა უკვე მეორედ აინიციირებს ე.წ “აგენტების კანონს,” რომელმაც წესით საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს, ფაქტია, რომ თვითონ თანამდებობის პირები და მათ შორის მოსამართლეებიც წლებია, დეკლარაციებს არასრულყოფილად ავსებენ და ამასთანავე, ეწინააღმდეგებიან ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მათი დეკლარაციების შემოწმებასაც.