მთავრობა 3 წელი განკარგულებებს მალავდა, ამ დრომდე არც ერთი არ გამოქვეყნებულა

2020 წლის 26 სექტემბრიდან 2024 წლის 12 თებერვლამდე საქართველოს მთავრობას არც ერთი განკარგულება არ გამოუქვეყნებია. განკარგულებების გამოქვეყნება მთავრობის ვებ-გვერდზე მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად, ირაკლი კობახიძე დაინიშნა. თუმცა ირაკლი კობახიძეს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია არც ერთი განკარგულება, რომელიც მთავრობამ გასული 3-წლიანი პერიოდის განმავლობაში დამალა.

3 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა ერთდროულად არღვევდა დადგენილებასა და რეგლამენტს, რადგან: 

2013 წლის მთავრობის დადგენილებაში წერია, საქართველოს მთავრობა ვალდებულებია, პროაქტიულად გამოაქვეყნოს საჯარო ინფორმაცია და ამასთან ერთად, დაიცვას საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება.

გარდა პროაქტიულობის მოთხოვნისა, საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მიხედვით, მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღეში უნდა აიტვირთოს მთავრობის ვებგვერდზე და ელექტრონული მთავრობის პროგრამაში.

გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ განკარგულებები კვლავ გამოქვეყნდებოდა, მმართველი გუნდის წევრებმა საზოგადოებას ამაყად ამცნეს, თუმცა ამის გაკეთებას მათ კანონი ისედაც ავალდებულებდა. ირაკლი კობახიძემ რუსული კანონის კონტექსტში საუბრისას განაცხადა, რომ მიუხედავად ყველაფრის “სუფთად კეთებისა”, განკარგულებების გამოქვეყნება უხერხულობას მათაც უქმნის. მიუხედავად ირაკლი ღარიბაშვილის მუქარისა, რომ დასამალი არაფერი აქვს და განკარგულებების გასაჯაროება არ არის პრობლემა - ამ დრომდე არც ერთი აღნიშნული პერიოდის განკარგულება არ გამოქვეყნებულა.

ამასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი და რუსული კანონის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ “ერთი დაწკაპებით” სამი წლის განკარგულებები ვერ აიტვირთება და ამას თვეები ჭირდება. აღნიშნული განცხადება მდინარაძემ 2024 წლის 13 თებერვალს გააკეთა, დღეს კი 22 აპრილია, შესაბამისად გასულია 2 თვეზე მეტი. ნუთუ ამ პერიოდში განკარგულებების ნაწილის ატვირთვაც ვერ მოესწრო?

განკარგულებების დამალვა რომ უბრალო შემთხვევითობა არ ყოფილა, ამაზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ 2020 წელს, არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-მ სასამართლოს გზითაც კი ვერ მოიპოვა გამოუქვეყნებელი განკარგულებები. 2020 წლის დეკემბერში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სარჩელი შეიტანა მთავრობის ადმინისტრაციის წინაააღმდეგ და მოითხოვა, გასაჯაროებულიყო 2020 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით მიღებული მთავრობის განკარგულებები. სასამართლოს პირველმა ინსტანციამ სარჩელი არ დააკმაყოფილა. Როგორც მაშინ, ორგანიზაციის მთავარი იურისტი, გიორგი დავითური ამბობდა, სასამართლო სხდომებზე მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან იმის შესახებ, რატომ არ დაკმაყოფილდა IDFI-ს სარჩელი, არგუმენტი არ გამოკვეთილა. 

გამოდის რომ მაშინ, როდესაც ქართული ოცნება თავად საუბროს გამჭვირვალობაზე, კრიტიკულ მედიებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს კი საქართველოს დემოკრატიული განვითარების მტრებად რაცხავს, სინამდვილე პირიქითაა: თავად საქართველოს მთავრობა თითქმის სამი წლის განმავლობაში კანონს არღვევდა და განკარგულებებს საზოგადოებას უმალავდა. ამ რეალობის შეცვლას სხვადასხვა გზით  სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციები ცდილობდნენ - საჯარო მოწოდებებითა, თუ სასამართლოში წასვლით, მაგრამ მცდელობების მიუხედავად მანკიერი პრაქტიკა მხოლოდ პრემიერის ცვლილების შემდეგ შეიცვალა, დამალული განკარგულებები კი ისევ გამოუქვეყნებელია.