კაპიტალურ პროექტებში 2027-მდე ₾32 მილიარდს დავხარჯავთ - უმსხვილესი პროექტები უცხოელი დონორებისგან ფინანსდება

ანტიდასავლური განწყობები საქართველოს მთავრობაში:

მმართველი პარტიის ანტიდასავლური განცხადებები და განწყობები წლიდან წლამდე მატულობს. 2023 წლის მარტში, “ქართული ოცნებისგან” გამოყოფილმა მოძრაობა, “ხალხის ძალამ,” საქართველოს პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტებად ჩაითვლებოდნენ ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან იყო მიღებული. კანონპროექტის ინიცირებას როგორც სამოქალაქო საზოაგდოების, ისე საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს საკმაოდ მწვავე კრიტიკა მოჰყვა, კრიტიკაზე საპასუხოდ, “ხალხის ძალის” ერთ-ერთი წევრი, მიხეილ ყაველაშვილი, აცხადებდა, რომ “ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი არ არის.” 1 წლის წინ მმართველმა პარტიამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი ჩააგდო, რასაც წინ უსწრებდა რამდენიმე დღიანი პროტესტი და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობა. 

დაახლოებით 1 წლის შემდეგ, 2024 წლის 3 აპრილს, “ქართულმა ოცნებამ” თავიდან დააინიცირა იგივე კანონი. კანონპროექტის შინაარსი იდენტურია, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მმართველმა პარტიამ სიტყვა “აგენტი” “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით” ჩაანაცვლა. 

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ახლა ევროინტეგრაციის რთულ გზას გადის. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, იმისათვის რომ მოლდოვისა და უკრაინის მსგავსად, საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნას, ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი მიმართულებით აქვს ქმედითი ნაბიჯები გადასადგმელი. აღნიშნული ე.წ. რუსული კანონი ევროინტეგრაციის გზაზე გადაულახავ ბარიერად შეიძლება აღიმართოს. ნიშანდობლივია, რომ დროის მცირე მონაკვეთში იგივე ყაიდის კანონი ამოქმედდა რუსეთისადმი შედარებით მეგობრულად განწყობილი სხვა მთავრობების მიერ - მათ შორისაა ე.წ. აფხაზეთის მთავრობაც. 

ევროპარლამენტი და ევროკომისია საკმაოდ მკაცრად გამოეხმაურნენ საქართველოს მთავრობის მიერ იგივე კანონპროექტის დაინიცირებას და აღნიშნეს, რომ კანონის მიღებით, საქართველოს მთავრობა კარს უკეტავს საქართველოს ევროპულ მომავალს და საფრთხეს უქმნის გასული წლის დეკემბერში მოპოვებულ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. 

კანონის მიმართ უარყოფითი პოზიცია საჯაროდ გამოხატა ამერიკისა და ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიურმა კორპუსმა საქართველოში. მაგალითად, ამერიკის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანის განცხადებით აღნიშნული კანონი საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს. ნატოს გენერალური მდივანი, იან სტოლტენბერგიც ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის მხრიდან უცხოურ აგენტებზე კანონის ხელახლა ინიცირებას. აღსანიშნავია ასევე გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, რომ “ევროკავშირში მსგავსი კანონმდებლობა არ არსებობს, უნგრეთში იყო მსგავსი რეგულაცია, რომელიც ევროკავშირის იუსტიციის სასამართლომ გააუქმა.” გარდა ამისა, ევროპის 12 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო კომიტეტების თავმდჯომარეებმა ერთობლივი წერილი გაავრცელეს, სადაც ისინი რუსული კანონის ხელახალა ინიცირებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი “სერიოზულად ძირს უთხრის საქართველოს მიერ რთულად მოპოვებულ ევროპულ პერქსპეტივას და კანდიდატის სტატუსს.”

რა თანხებს ვიღებთ ევროკავშირისგან ყოველწლიურად:

“ქართული ოცნება” უკვე მეორე წელია აინიცირებს კანონპროექტს, რომლის მიღების შემთხვევაშიც, საქართველოში არსებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული ავტომატურად გამოცხადდება “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად,” ამასთანავე, ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საქართველომ დასავლელი პარტნიორებისგან მილიარდობით ლარის დახმარება მიიღო.

სწორედ ამ გრანტების საშუალებით ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა, მაგალითად, მყარი ნარჩენების გადამუშავება, რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაცია-მშენებლობა, წყლის ინფრასტრუქტურის განახლება, წყალარინების სისტემის განახლება, კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სხვ. 

საქართველოს 2018-2024 წლების ბიუჯეტის პროექტების მიხედვით, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიღებული გრანტები ასე გამოიყურება:

 

ამასთან, გთავაზობთ იმ პროექტების მცირე ჩამონათვალს, რომლებიც ძირითადად მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით წლებია ხორციელდება: 

აღსანიშნავია, რომ 2024 ბიუჯეტის პროექტით, წელს 2024 წელს კაპიტალური პროექტების განხორციელებაზე 3.7 მილიარდი ლარი იხარჯება. სულ განსახორციელებელ 62 პროექტში 18 მილიარდი ლარი უკვე დახარჯულია. 2024-27 წლებში მათზე დამატებით 14 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს. ჯამში 32 მილიარდი ლარის ღირებულების 62 პროექტიდან მსხვილი ნაწილი სრულად ან ნაწილობრივ საერთაშორისო დონორების მიერ ფინანსდება. 

დემოკრატიულ პროგრესზე დამოკიდებული ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო პარტნიორთა მიერ საქართველოს მიმართ მილიარდობით ლარის ღირებულების დახმარების ფონზე, გამორჩეულად საგანგაშოა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ღია კონფრონტაციაში შევიდეს დასავლეთთან.