საქართველოში “თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების” მონიტორინგს წლებია მხოლოდ ერთი ორგანიზაცია ახორციელებს. ა(ა)იპ “საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი” (FCTC) სავარაუდოდ განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობს, რაც მას საშუალებას აძლევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან წლიდან წლამდე ასი ათასობით ლარი მიიღოს. ორგანიზაციის ერთადერთი კონტრაქტორი კი სსიპ-ი დაავადებათა კონტროლის ცენტრია (NCDC).
FCTC სახელმწიფო ტენდერებში 2011 წლიდან მონაწილეობს. 2011 წლიდან დღემდე ორგანიზაციას ჯამში დაახლოებით 2,468,364 ლარის ღირებულების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ორგანიზაციის მიერ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულებები, გარკვეულ საეჭვო გარემოებებზე მიუთითებს, რომელთა შესახებაც ფლანგვის დეტექტორმა კვლევაც გამოაქვეყნა.
ორგანიზაცია დღესაც მსგავსი აქტივობით გამოირჩევა და ყოველ წელს, გარანტირებულად, დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან იღებს ხელშეკრულებებს. მხოლოდ 2023 წელს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ჯამში 371,900 ლარი FCTC-ის კვლავ თამბაქოს კანონის აღსრულების მონიტორინგისა და კვლევის მომზადებისთვის გადაუხადა. ეს ფაქტი არაფრით იქნებოდა განსხვავებული წინა შემთხვევებისგან, რომ არა შემდეგი გარემოება: დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ორგანიზაციისგან ორჯერ შეისყიდა მომსახურება 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის კომპონენტის ერთი და იგივე მუხლის ფარგლებში (მუხლი 4. “თამბაქოს კონტროლის გაძლიერება).
2023 წლის 1 ივლისს, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოაცხადა შესყიდვა, “ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის კომპონენტის (მუხლი 4. “თამბაქოს კონტროლის გაძლიერების”) კომპონენტის ფარგლებში “თამბაქოს კონტროლის შესახებ არსებული კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგი (მ.შ. უკანონო ვაჭრობის მონიტორინგი) და მხარდამჭერი ღონისძიებების (შემდგომში „მომსახურების“) განხორციელებისთვის.
FCTC-იმ შესყიდვაში უკონკურენტოდ გაიმარჯვა, ხელშეკრულების ღირებულებამ კი 249,700 ლარი შეადგინა.
საინტრესოა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში, 20 ოქტომბერს NCDC-იმ 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის კომპონენტის იმავე მუხლის ფარგლებში (მუხლი 4. “თამბაქოს კონტროლის გაძლიერება) დამატებით 122, 200 ლარის ხელშეკრულება გაუფორმა FCTC- ის.
FCTC-მ 2024 წლის 11 მარტს კიდევ ერთ, NCDC-ის მიერ გამოქვეყნებულ ტენდერში გაიმარჯვა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ხელშეკრულება ორგანიზაციამ 20 მარტამდე უნდა გააფორმოს. ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება კი 249, 700 ლარია. შესყიდვის საგანი ამ შემთხვევაშიც უცვლელია:
“ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის კომპონენტის (მუხლი 4. “თამბაქოს კონტროლის გაძლიერების”) კომპონენტის ფარგლებში თამბაქოს კონტროლის შესახებ არსებული კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგი (მ.შ. უკანონო ვაჭრობის მონიტორინგი) და მხარდამჭერი ღონისძიებები (შემდგომში „მომსახურების“) განხორციელება.”
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კითხვის ნიშნები ჩნდება ორგანიზაციისა და დავადებათა კონტროლის ცენტრს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებზე. 2020 წელს კორონავირუსის პანდემიისა და "ლოქდაუნის" დროს დავადებათა კონტროლის ცენტრმა ხელშეკრულების ვადის გასვლამდე იგივე მომსახურებაზე FCTC-ის რამდენჯერმე გამარტივებული წესით გაუფორმა ხელშეკრულება.
რით არი განპირობებული FCTC-ის პრივილეგიები და ვინ დგას ორგანიზაციის უკან, დეტალურად ჩვენს მომდევნო კვლევებში შეიტყობთ.
წყარო:
-
ა(ა)იპ საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის (FCTC) სახელმწიფო შესყიდვები : https://shorturl.at/EGNU1
-
სახელმწიფო შესყიდვის კოდები: NAT230011617; NAT230019614; NAT240003301.