
საქართველოს პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წელს პარლამენტის დეპუტატების მივლინებები საზღვარგარეთ ჯამში 1,849,239 ლარი დაჯდა, ხოლო ქვეყნის შიგნით 90,510 ლარი.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს დეპუტატების მივლინებებში დახარჯული ჯამური თანხა (1,939,749 ლარი) 2022 წლის ანალოგიურ მონაცემებს 194,077 ლარით აღემატება.
ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის ყველაზე ძვირიანი მივლინება საზღვარგარეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ეკუთვნის, რომელიც დოკუმენტის მიხედვით ანგოლაში იმყოფებოდა და ჯამში 18,973 დახარჯა. Სავარაუდოდ, ანგოლაში მასთან ერთად იმყოფებოდნენ სალომე ქურასბედიანიც და ნიკოლოზ სამხარაძეც, რომელთა მივლინებები 16,744 ლარი და 17,100 ლარი დაჯდა. Ნიკოლოზ სამხარაძე კიდევ ერთი ძვირადღირებული მივლინებების ავტორია, რომელიც ჩილესა და ურუგვაიში შედგა და ჯამში 14,774 ლარი დაჯდა.
2023 წელს ჯამურად ყველაზე ძვირიანი მივლინებები ქვეყნის გარეთ ჰქონდათ:
-
Ნიკოლოზ სამხარაძე - 24 მივლინება - 152,994 ლარი;
-
Მაკა ბოჭორიშვილი - 29 მივლინება - 143,476 ლარი;
-
გივი მიქანაძე - 20 მივლინება - 95,520 ლარი.
Რამდენი იხარჯებოდა მივლინებებში გასულ წლებში?
2018 წელს ჯამში პარლამენტართა 587 მივლინებაზე 1,681,931 ლარი დაიხარჯა.
Მთლიანი თანხის 80% - 1,341,822.4 ლარი ქართული ოცნების დეპუტატებმა გამოიყენეს, დანარჩენი კი ოპოზიციის წარმომადგენლებმა. 2019 წელს პარლამენტართა მივლინებების ჯამური თანხა გასულ წელთან შედარებით ოდნავ გაზრდილია და 1,748,558.27 ლარს შეადგენს. ტენდენცია კვლავ იგივეა, 2019-ში სამივლინებო ჯამური თანხის 82% - 1,434,171.46 ლარი ქართული ოცნების დეპუტატებმა მოიხმარეს.
სავარაუდოდ, კორონავირუსის პანდემიის გამო, ვითარება შეიცვალა 2020 წელს, რაც 2018-2019 წლებთან შედარებით სამივლინებო თანხის მკვეთრ კლებაში გამოიხატება. 2020 წელს პარლამენტართა მივლინებების ჯამურმა თანხამ 331,178 ლარი შეადგინა - აქედან 70%-ზე მეტი ისევ ქართული ოცნების დეპუტატების მივლინებებში დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ყველაზე მეტი ქართული ოცნების დეპუტატის და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის აშშ-ში მივლენებაში დაიხარჯა - 14,911ლარი.
2020 წელთან შედარებით, პარლამენტართა მივლინებების ხარჯი გაზრდილია 2021 წელს და ჯამში 767,876 ლარს შეადგენს. ამასთან, 213-მდე გაიზარდა მივლინებების რაოდენობაც. 2021 წელსაც სამივლინებო ჯამური თანხიდან უმეტესობა ქართული ოცნების დეპუტატების მივლინებებზე დაიხარჯა: საზღვარგარეთ მივლინებებში 661, 508 ლარი, ხოლო საქართველოს ფარგლებში - 19,864 ლარი. ამ წელს, ყველაზე ძვირადღირებული მივლინების მთავარი გმირი კვლავ ქართული ოცნების დეპუტატი იყო, ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძე, რომელიც 6 დღით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, რისთვისაც ჯამში 15,447.25 ლარი დაიხარჯა.
Პარლამენტართა მივლინებების ხარჯები ჩვეულ ნიშნულს 2022 წელს დაუბრუნდა და კვლავ თითქმის 2 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნულ წელს, პარლამენტართა მივლინებებში ჯამში 1,745,672 ლარი დაიხარჯა, რაც 214 მივლინებაზე გადანაწილდა. გასული წლების ტენდენცია გამეორდა 2022 წელსაც და სამივლინებო თანხის უდიდესი ნაწილი ქართული ოცნების დეპუტატებმა დახარჯეს: საზღვარგარეთ მივლინებებში - 1,430,796 ლარი, ხოლო ქვეყნის ფარგლებში - 18,297 ლარი.