ფლანგვის დეტექტორი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე წლებია წერენ მუნიციპალურ და სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპებ-ში დასაქმებულ პირთა რაოდენობის ზრდაზე, მათ უფუნქციობასა და პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაზე.
2021 წლის მდგომარეობით სახელმწიფო სსიპ-ებში და ა(ა)იპ-ებში დასაქმებული იყო 163,069 პირი, საიდანაც 50,561 (31%) წარმოადგენს შტატგარეშე მოსამსახურეს. რაც შეეხება მუნიციპალურ ა(ა)იპებს, 2019 წლის მდგომარეობით იქ დასაქმებული იყო 61,400 პირი. 2019 წლის შემდგომ კიდევ უფრო გართულდა საჯარო ინფორმაციის მოპოვება, შესაბამისად, შეუძლებელია 2024 წლისთვის არსებულ ზუსტ რიცხვზე საუბარი. თუმცა აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რაოდენობა ამ ორგანიზაციებში ყოველწლიურად მზარდია და უნდა ვივარაუდოთ, რომ წელს იმაზე მეტი არის, ვიდრე წინა წლების მაჩვენებელი იყო.
ამის ფიქრის საფუძველს გვაძლევს 2014-19 წლების მაგალითიც, როდესაც მუნიციპალიტეტებმა ამ პერიოდში ფუნქციონირებადი ა(ა)იპ-ების რაოდენობა 772 ერთეულიდან 723 ერთეულამდე შეამცირეს, ხოლო ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა შემცირების ნაცვლად 1,435 დასაქმებულით გაიზარდა.
ა(ა)იპ-ების შერწყმა-გაუქმება მუნიციპალიტეტებმა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება/ოპტიმიზაციის მიზნით განახორციელეს. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციების შემცირების შემდეგ ადმინისტრაციული პერსონალი 25%-ით გაიზარდა, ხოლო შრომის ანაზღაურება - 71%-ით.
ბორჯომი
ამჯერად ყურადღებას გავამახვილებთ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 2021-2022 წლებში 17 სხვადასხვა ა(ა)იპ-ის საქმიანობაზე დახარჯულ საბიუჯეტო სახსრებსა და საქმიანობის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე.
2021-2022 წლებში ბორჯომის ბიუჯეტიდან 17 ა(ა)იპ-ის დაფინანსებაზე დაიხარჯა 20,438,600 ლარი, რაც ბორჯომის მთლიანი ბიუჯეტის ⅓-ს უდრიდა. აქედან 2021 წელს - 8,393,600 ლარი, ხოლო 2022 წელს - 12,045,000 ლარი. თავის მხრივ, თანამშრომელთა რაოდენობა 926 ადამიანიდან 1018 მდე გაიზარდა.
გარდა იმისა, რომ 24,900 მოსახლით დასახლებული მუნიციპალიტეტისთვის საკმაოდ დიდია ა(ა)იპებში დასაქმებულთა ნახსენები რაოდენობა, ეს ჯერ კიდევ არ არის ადმინისტრაციული რესურსის სრული მაჩვენებელი. ბორჯომის 2024 წლის ბიუჯეტის თანახმად, ბორჯომის მერიასა და საკრებულოში 133 ადამიანი მუშაობს. შესაბამისად, ბორჯომში საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა მინიმუმ 1151 ადამიანია, რაც მოსახლეობის 5%-ს უდრის.
აუდიტის სამსახურის თანახმად, 2021-2022 წლებში ბორჯომის მერიამ 2021 წელს დააფუძნა სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტო, რომლის მიერ მიღებულმა სუბსიდიამ 2021-2022 წლებში 2,020,600 ლარი შეადგინა. დებულების თანახმად, სსიპ-ის ფუნქცია მოვალეობებია: დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება, მუნიციპალური ნარჩენების მართვა, მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურება, სამშენებლო ნებართვის გაცემა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა, გარე განათების უზრუნველყოფა, გამწვანების ღონისძიებების წარმოება და სხვ.
სსიპ-ში შექმნილია ადმინისტრაციული, ზედამხედველობის, დასუფთავების, ტრანსპორტის და არქიტექტურის სამსახური, სადაც დასაქმებულია 87 პირი. სსიპ-ის სამსახურებისა და მასში დასაქმებული პირების საქმიანობა დუბლირებულია მერიის შესაბამისი სამსახურის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების: ა(ა)იპ – ბორჯომი გამწვანება 2012; ა(ა)იპ – ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტი; ა(ა)იპ – დასუფთავება და კეთილმოწყობა; ა(ა)იპ –ბორჯომის გარე განათება, ფუნქცია-მოვალეობებთან.
გარდა ამისა მერიას დაფუძნებული აქვს ა(ა)იპ – ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომლის დაფინანსებაზე 2021-2022 წლებში 582,500 ლარი დაიხარჯა, აქედან 70,800 ლარი დირექტორის, ბუღალტრისა და კოორდინატორის შრომის ანაზღაურებას მოხმარდა. აუდიტის სამსახურის თანახმად, აღნიშნული ა(ა)იპის ფუნქცია-მოვალეობები დუბლირებულია ა(ა)იპ – სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება ბორჯომის ჯანმრთელი მომავლის ფუნქციებთან, რომელიც ემსახურება მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ ტერიტორიულ ერთეულებში არსებულ 11 საბავშვო ბაღს.
პრობლემურია ა(ა)იპ – სკოლისგარეშე სასპორტო სკოლის საქმიანობაც, რომლის დაფინანსებამ 2021-2022 წლებში 1,315,900 ლარი შეადგინა. სპორტის სხვადასხვა სახეობის წრესთან ერთად, ა(ა)იპ-ში შექმნილია ყინულის ჰოკეის, ტრამპლინიდან ხტომის და საციგაო სპორტის სახეობების წრეები. აღნიშნულ წრეებში 2021 წელს დასაქმებული იყო 7, ხოლო 2022 წელს - 8 მწვრთნელი, რომელთა ხელფასებზე დაიხარჯა 71,100 ლარი. აუდიტის სამსახურის თანახმად, ზემოთ ხსენებულ სამ სპორტის სახეობაში სავარჯიშო ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტში არაა, კერძოდ: არ არის საციგაო ტრასა, ტრამპლინი და ყინულის მოედანი.
მსგავსი სიტუაციაა ა(ა)იპ – კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, სადაც 2021-2022 წლებში დასაქმებული იყო საკლუბო სექტორის ხელმძღვანელი და სასოფლო კლუბების 10 გამგე, რომელთა ხელფასებზე დაიხარჯა 98,400 ლარი. აუდიტის ჯგუფის თანახმად, სასოფლო კლუბებს არ გააჩნიათ შესაბამისი სამუშაო პირობები, ოთახები ამორტიზებულია და დაზიანებული, ხოლო ა(ა)იპ-მა ვერ წარმოადგინა მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტური მტკიცებულებები. შესაბამისად, ხელფასებში დახარჯული 100 ათას ლარამდე თანხა ყოვლად დაუსაბუთებელ საბიუჯეტო ხარჯს წარმოადგენს.
დასკვნა
ბორჯომის მერია ბიუჯეტის მესამედს იხდის 17 ა(ა)იპ-ის დაფინანსებაზე, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის არსებობის აუცილებლობა საერთოდ არ არსებობს. ამ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 92 ადამიანით გაიზარდა, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსება 4 მილიონი ლარით.
2021-22 წლებში ა(ა)იპ – ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორის, ბუღალტრისა და კოორდინატორის შრომის ანაზღაურებაში 70,800 ლარი დაიხარჯა, მაშინ როდესაც ამ ორგანიზაციის ფუნქციებს უკვე ასრულებს მუნიციპალიტეტში არსებული სხვა ა(ა)იპ.
170 ათასი დაიხარჯა იმ 18 მწვრთნელისა და სასოფლო კლუბის ხელმძღვანელის ხელფასებში, რომლებიც თავიანთ ფუნქციებს შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო ვერ ახორციელებდნენ.
ყოველივე ზემოთაღნიშნული მიუთითებს, რამდენად პრობლემურია მუნიციპალური ა(ა)იპ-ების საქმიანობა და როგორ იხარჯება მილიონობით ლარი უსარგებლო და უფუნქციო საბიუჯეტო ორგანიზაციების შესანახად.
წყარო:
https://shorturl.at/wGM49 - კვლევა ა(ა)იპებზე
https://shorturl.at/mqJX9 - საქსტატი
https://shorturl.at/bfnA3 - აუდიტი
https://shorturl.at/vBQZ7 - ბორჯომის ბიუჯეტი