რუსთავის საკრებულოში ოცნების დეპუტატის კომპანიებმა 2015-23 წლებში ₾43 მილიონის ტენდერები მოიგეს

ბევრ კვლევაში და გამოძიებაში გამოვლენილა შემდეგი სქემა: ერთ კომპანიაზე მორგებული პირობებით მოგებული ტენდერების შემდეგ, ბიზნესმენები მმართველ პარტიას ფულს სწირავენ და მათ საარჩევნო კამპანიას აფინანსებენ. 

ამის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი არის მამუკა ხელაია - ბიზნესმენი რუსთავიდან, რომელიც 2021 წლის არჩევნებზე რუსთავის საკრებულოს დეპუტატიც გახდა ქართული ოცნების სიით. ის პარტიულ სიაში მე-7 ნომრად იყო რეგისტრირებული.

მამუკა ხელაია 14 კომპანიასთან არის დაკავშირებული, რომელთაგან ორი: შპს ვი-აი-პი + და შპს მ.კ.ბ-საქართველო, სახელმწიფო ტენდერებში აქტიურობს.

შპს ვი-აი-პი +

შპს ვი-აი-პი + 2013 წელს დაარსდა და მის 100% წილს მამუკა ხელაია ფლობს. ეს კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში 2015 წლიდან აქტიურდება. კომპანია მეტწილად სანიაღვრე და წყალმომარაგების სისტემათა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, ხოლო მისი დამკვეთები სხვადასხვა სახელმწიფო და ადმინისტრაციული ორგანოები არიან. 

საერთო ჯამში, 2015-2023 წლებში, ამ კომპანიამ 42,969,206 ლარის ღირებულების 51 ტენდერში გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ტენდერების 39%-ში (20 ტენდერი)  კომპანიამ კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ან უკონკურენტო გარემოს ხარჯზე გაიმარჯვა. ასეთ პირობებში მოგებული ტენდერების ჯამურმა ღირებულებამ 3,976,419 ლარი შეადგინა.

მას შემდეგ, რაც მამუკა ხელაია ქართული ოცნების პარტიული სიით რუსთავის საკრებულოს დეპუტატი გახდა, მისმა კომპანიებმა კიდევ 4 ტენდერში გაიმარჯვეს - საერთო ღირებულებით 14,840,270 ლარი. მათ შორის უმსხვილესი შესყიდვა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა იყო,  რომლის გამოცხადებულ ტენდერშიც 2023 წლის აპრილში ხელაიას კომპანიამ გაიმარჯვა. ამ ტენდერის ფარგლებში ხელაიას კომპანიასთან 14,250,000 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა. 

ტენდერი მოიცავს:

  • ქალაქი ჩხოროწყუს წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის მშენებლობის დეტალური პროექტის მომზადებას; 

  • დეტალური პროექტის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას.

სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2025 წლის დეკემბერი. ხელაიას კომპანიას ავანსის სახით უკვე ჩაერიცხა 2,130,000 ლარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ მამუკა ხელაია მხოლოდ ტენდერების დიდი რაოდენობის მიღებით არაა გამორჩეული, ის ამავე დროს რუსთავის საკრებულოში გაცდენების მხრივ რეკორდსმენი დეპუტატია. 2023 წელს რუსთავის საჯრებულოში ჩატარებული 14 სხდომიდან მამუკა ხელაია 6 სხდომაზე არ იმყოფებოდა. შესაბამისად, მისი ეს დამოკიდებულებაც ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ეჭვს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა და საჯარო თანამდებობა მას მხოლოდ მისი ბიზნესისთვის სასათბურე პირობების შესაქმნელად სჭირდება.

შპს მ.კ.ბ-საქართველო

შპს მ.კ.ბ-საქართველო-ს 100% წილსაც მამუკა ხელაია ფლობს. ამ კომპანიამ 2015 წელს სსიპ "დელტა"-გან მიიღო 7 გამარტივებული შესყიდვა, ჯამში 44,650 ლარის ღირებულების, რომელიც მას კომპანიას დელტას ბალანსზე არსებული სხვადასხვა ავტომობილებისა და სამხედრო ტექნიკის მოვლა-შენახვის მომსახურებისთვის გადაეცა.

პარტიული შემოწირულობა

მას შემდეგ რაც 2015 წლიდან მამუკა ხელაიას კომპანიებმა სახელმწიფოსგან დიდი რაოდენობით თანხების მიღება დაიწყეს, ბიზნესმენი მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველიც გახდა. კერძოდ: 2017-21 წლებში მან მმართველ პარტიას ჯამში 55,000 ლარი შესწირა, მათ შორის ბოლო 10,000-ლარიანი შემოწირულობა მან 2021 წლის 6 აგვისტოს გააკეთა, ხოლო აქედან 3 დღეში იგი რუსთავის საკრებულოს პროპორციული სიის მე-7 ნომრად დასახელდა ქართული ოცნებიდან.

შეჯამება

ბიზნესმენ მამუკა ხელაიას შემთხვევა მმართველი პარტიისა და ბიზნესის შერწყმის კარგი მაგალითია, როცა ბიუჯეტის ხარჯზე ამ ორი სფეროს წარმომადგენელთა პარტიული და პერსონალური ინტერესების დაკმაყოფილება ხდება, ნაცვლად გამჭირვალე და არაკორუფციულ გარემოში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებისა – ეკონომიურობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით.

2015-2023 წლებში მამუკა ხელაიამ მასთან დაკავშირებული ორი კომპანიით სახელმიფოსგან ჯამში 43,013,850 ლარის ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო. 2021 წლის ოქტომბერში, რუსთავის საკრებულოს დეპუტატად გახდომის შემდეგ, მისმა კომპანიამ კიდევ  14,840,270 ლარის ღირებულების 4 ტენდერში გაიმარჯვა. ხოლო საერთო ჯამში მოგებული 51 ტენდერიდან 20 შემთხვევაში მის კომპანიას კონკურენტი არ ჰყოლია. 

აღსანიშნავია, რომ მამუკა ხელაია პასუხისმგებლობით არ ეკიდება ქალაქ რუსთავის არჩევით ორგანოში დაკავებულ თანამდებობას და მხოლოდ 2023 წელს საკრებულოში ჩატარებული 14 სხდომიდან 6 სხდომა გააცდინა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია აღნიშნულ საკრებულოში.

2015-2021 წლებში მამუკა ხელაიამ ქართულ ოცნებას ოთხჯერ შესწირა თანხა საერთო ღირებულებით 55,000 ლარი.