2021-2022 წლებში სამმა მუნიციპალიტეტმა ₾3.5 მილიონის პროექტები ხარისხის სათანადო შემოწმების გარეშე ჩაიბარა

სახელმწიფო ორგანოების, მერიებისა თუ სამინისტროების მიერ დაგეგმილი, მაგრამ განუხორციელებელი ან ცუდი ხარისხით შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები სიახლეს არ წარმოადგენს. ამგვარ პროექტებს შორის არის საერთაშორისო მნიშვნელობის ან სესხით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც. 

შესაბამისად, წლიდან წლამდე ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება განუხორციელებელ ან სათანადო ხარისხით შეუსრულებელ პროექტებში, რასაც სხვადასხვა გამომწვევი მიზეზები აქვს. მათ შორის, ცხადია, მოიაზრება კორუფციული რისკები, რაც სამუშაოების ხარისხზე, ბიუჯეტზე და ვადებზე აისახება. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია სახელმწიფო ორგანოებში დასაქმებულ პირთა/სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენლების ვალდებულებების ჯეროვანი შეუსრულებლობა. ამის ერთ-ერთი მაგალითი საექსპერტო ჯგუფის მიერ განხორციელებული პროექტის ხარისხის შეფასებებია. 

სახელმწიფო ორგანოების მიერ გაფორმებული ყველა ხელშეკრულება ითვალისწინებს მიღება-ჩაბარების აქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ კონტრაქტორი კომპანიის (მიმწოდებელი) მიერ სამუშაოების დასრულების შემდეგ, შესაბამისი სახელმწიფო ორგანო (შემსყიდველი) ამოწმებს, თუ რამდენად შეასრულა კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. 

როგორც წესი, სამუშაოების ხარისხს სპეციალურად შექმნილი საექსპერტო ჯგუფი ამოწმებს. საექსპერტო ჯგუფის დასკვნის შედეგად კი ხდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ მიიღო შესრულება და დამაკმაყოფილებლად ჩათვალა კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები. 

არის შემთხვევები, როდესაც კომპანიასთან შესრულებული სამუშაოების ხარისხის ექსპერტიზა სათანადოდ არ ხდება, მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება და მალევე ობიექტს ხარვეზები აღენიშნება, ზოგჯერ ხარვეზების მოცულობა ისეთია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტი სრულიად უფუნქციოც კი ხდება, რადგან გამოყენება და სარგებლობა შეუძლებელია. 

აუდიტის სამსახურის დასკვნებში ხშირად ვხვდებით ინფორმაციას უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოების შესახებ, რომლებშიც ბიუჯეტიდან ფული გაიფლანგა. ამჯერადაც, სწორედ ადიგენის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ აუდიტებზე ვისაუბრებთ. 

2024 წლის 2 თებერვალს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნები კიდევ ერთი დადასტურებაა, იმ სისტემური ხარვეზებისა, რომელიც ინსპექტირების თუ საექსპერტო ჯგუფის მიერ მოვალეობის არაჯეროვან განხორციელებას უკავშირდება, რასაც საბოლოო ჯამში საბიუჯეტო თანხების ფლანგვასთან და უხარისხოდ შესრულებული პროექტების ჩაბარებასთან მივყავართ. 

2021-2022 წლებში ადიგენის, ნინოწმინდის და ახალციხის მუნიციპალიტეტებში განხორციელებულ 3,511,033 ლარის ღირებულების პროექტებს ხარვეზები და დაზიანებები დაუდგინდა. თუმცა, შესაბამისმა სამსახურებმა ინსპექტირების ჯგუფმა და საექსპერტო დაწესებულებამ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ვერ გამოავლინეს. 

დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები

2021-2022 წლებში ადიგენის მუნიციპალიტეტმა 182 ხელშეკრულება გააფორმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად. ხელშეკრულებათა საერთო ღირებულებამ 19,567,100 ლარი შეადგინა. აუდიტის მონიტორინგის შედეგად 12 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ პროექტებზე, რომელთა ღირებულება 833,933 ლარია, გამოვლინდა დაზიანებები. 

მსგავსი მდგომარეობაა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშიც. 2021-2022 წლებში მერიამ ჯამში 138 ხელშეკრულება გააფორმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად. ხელშეკრულებათა საერთო ღირებულებამ 16,769,600 ლარი შეადგინა. აუდიტის მონიტორინგის შედეგად ხარვეზები გამოვლინდა 15 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ პროექტებზე, რომელთა ღირებულება 924,700 ლარია. კერძოდ, დაზიანებულია საბავშვო ბაღები, კულტურის სახლები, საგზაო და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები

კიდევ უფრო დიდია თანხები ახალციხის მერიის შემთხვევაში. 2021-2022 წლებში მერიამ ჯამში 132 ხელშეკრულება გააფორმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად. ხელშეკრულებათა საერთო ღირებულებამ 24,617,400 ლარი შეადგინა. აუდიტის სამსახურმა დათვალიერების დროს ხარვეზები 11 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ პროექტებზე, რომელთა ღირებულება 1,752,400 ლარია. დაზიანებულია სკვერები, სპორტული მოედნები და საგზაო ინფრასტრუქტურული ობიექტები. 

ადიგენის, ნინოწმინდის და ახალციხის მერიებს გარდა უხარისხოდ განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა სხვა რამ აერთიანებთ. სამივე მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული თითოეული ხელშეკრულება მოიცავს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას, რაც, როგორც აღვნიშნეთ, იმას ნიშნავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ მერია ამოწმებს რამდენად შესრულდა ხელშეკრულების პირობები, რის შემდეგაც სრულად იხდის თანხას და იბარებს სამუშაოების იმ ფორმით და ხარისხით შესრულებას, რომელიც კონტრაქტორმა კომპანიამ უზრუნველყო.

უფრო დეტალურად კი სამივე მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებას და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მერიის ინსპექტირების ჯგუფი აკონტროლებდა. მერიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები ასევე ითვალისწინებდა სამუშაოების მიღებას საექსპერტო/ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფის დასკვნების შედეგად. 

როგორც გამოვლინდა, მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმები ზოგიერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნებას სამუშაოების ხარისხის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. შედეგად, ობიექტები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. ობიექტების ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, ძირითადად, აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების დარღვევის შედეგია, რომელთა გამოვლენა ინსპექტირების ჯგუფისა და საექსპერტო დაწესებულების ვალდებულებაა. 

შესრულებული სამუშაოების კონტროლი, ხარვეზების და გამომწვევი მიზეზების დადგენა, ისევე როგორც ხარისხის სათანადო შემოწმება მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, რათა მოქალაქეებმა სათანადოდ შეძლონ ინფრასტრუქტურით სარგებლობა, ხოლო მეორე მხრივ, რათა მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების დახარჯვა აირიდოს. როდესაც ხარვეზის დადგენა საგარანტიო ვადაში ხდება, საჯარო ორგანოს შეუძლია, კომპანიის ბრალეულობის შემთხვევაში, კომპანიას მოსთხოვოს გამოსწორება და ამისთვის დამატებითი თანხები აღარ გამოყოს. გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც მერიას სპეციალურად შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი ემსახურება, ინსპექტირების ჯგუფმა ჯეროვნად უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება, სამუშაოების მიღება-ჩაბარებამდე კარგად შეისწავლოს შესრულებული სამუშაოების ხარისხი და საგარანტიო ვადის პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

წყარო:

  1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი - https://shorturl.at/oMU02 

  2. ადიგენის მუნიციპალიტეტი - https://shorturl.at/fGHO8

  3. ახალციხის მუნიციპალიტეტი - https://shorturl.at/cO458