ავტორები: დავით მჟავანაძე და სალომე კვირიკაშვილი
თბილისში 2023 წელს ჩატარებული 12 სხდომა დეპუტატებმა 106-ჯერ გააცდინეს. ქუთაისში 34 სხდომა სულ 173-ჯერ, ხოლო ფოთში 13 სხდომა დეპუტატებმა სულ 70-ჯერ გააცდინეს.
გაცდენის მაჩვენებლებით ლიდერობენ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, რომლებმაც თბილისში სხდომები 65-ჯერ, ქუთაისში 141-ჯერ, ხოლო ფოთში 45-ჯერ გააცდინეს.
თბილისში ჩატარებული 12 სხდომიდან 10-10 გააცდინა სოფო ჯაფარიძემ და ირაკლი ეძგვერაძემ, ხოლო 7 ზვიად კუპრავამ.
საკრებულოს სხდომებზე მუნიციპალიტეტის ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება და მათზე დასწრება არჩეული დეპუტატების პირდაპირი ვალდებულებაა
კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები თავის უფლებამოსილებას უსასყიდლოდ და ჩვეული სამსახურებრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად უნდა ახორციელებდნენ.
თუმცა მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატები სხდომებს არ ესწრებიან, არც რაიმე შეხვედრები აქვთ მოსახლეობასთან და არ არსულებენ დეპუტატის ფუნქციას, ისინი ბიუჯეტიდან დაფინანსებას მაინც იღებენ.
თვითმმართველი ქალაქების საკრებულოები - 2023 წელი
საკრებულო მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოა. კანონის საკრებულოს უფლებამოსილებების გრძელ სიას განსაზღვრავს. მოკლედ კი წევრთა ძირითად ვალდებულებებს წარმოადგენს აღმასრულებელი ორგანოსა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი და საკრებულოს უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული ყველა საკითხის განხილვა.
ფლანგვის დეტექტორი ადრეც წერდა საკრებულოების შესახებ, მათ შორის მათი ხელფასების ზრდის ტენდენციებზე, საკრებულოს სხდომების გაცდენების მაჩვენებლებსა და საკრებულოს წევრების ავტომობილების მოვლასა თუ საწვავზე დახარჯულ თანხებზე. ამჯერად, 2023 წლის განმავლობაში 5 თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს შესახებ ინფორმაციას 2 მიმართულებით (შრომის ანაზღაურება და დასწრების მაჩვენებელი) მიმოვიხილავთ.
2023 წლის მონაცემებით 5 თვითმმართველ ქალაქის მოსახლეობა ჯამში 1,725,100 მოქალაქე იყო. საკრებულოში მათ ინტერესებს კი 190 წევრი წარმოადგენდა. ბათუმის, ქუთაისის, ფოთის და რუსთავის საკრებულო 35 წევრისგან, ხოლო თბილისის საკრებულო 50 წევრისგან შედგება.
აღსანიშნავია, რომ არ არსებობს ერთიანი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს წარმომადგენლობით ორგანოებში არჩევით თანამდებობებზე პირთა რაოდენობას, მათ შორის არც საკრებულოს წევრთა რაოდენობას, თუ რამდენ მოქალაქეს რამდენი პირი უნდა წარმოადგენდეს. აღნიშნულზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას – ტერიტორიული დაყოფა, მოქალაქეთა რაოდენობა, ქვეყნის ტერიტორიული თუ პოლიტიკური მოწყობის ფორმა.
თუმცა შედარებისთვის, თუ თბილისის 1,241,700 მოქალაქეს 50 საკრებულოს წევრი წარმოადგენს, ლონდონის საკრებულოში 8.8 მილიონ მოქალაქეს წარმოადგენს 100 საკრებულოს წევრი. ლონდონი, დაყოფილია 25 ნაწილად (ward). ამ ნაწილებიდან ჯამურად აირჩევა 100 ადამიანი ქალაქის საბჭოში და 25 ალდერვორდი, ე.ი ოლქის უშუალო წარმომადგენელი. შესაბამისად ქალაქ ლონდონის არჩევითი ორგანო - საკრებულო ჯამში შედგება 100 საბჭოს წევრისგან და 25 ოლქის წარმომადგენლისგან. აღსანიშნავია, რომ ლონდონის მოსახლეობა 7-ჯერ მეტია თბილისის მოსახლეობაზე, ხოლო თვითმმართველ ორგანოში არჩეულ წევრთა რაოდენობა კი მხოლოდ 2-ჯერ აღემატება თბილისის საკრებულოს.
საკრებულოს ყველა წევრი იღებს შრომის ანაზრაურებას?
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 41-ე თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. ანაზღაურებადია მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის საქმიანობა. თანამდებობის პირები არიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები. შესაბამისად, თითოეული პირისათვის არჩევნების მონაწილეობის ეტაპზევე ცხადია, რომ როგორც საკრებულოს წევრი შრომის ანაზღაურებას ვერ მიიღებს.
თუმცა კანონი ითვალისწინებს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას. მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განისაზღვრება . ამავე მუხლის თანახმად, დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება ფულადი ჯილდოს და სახელფასო დანამატის სახით.
შესაბამისად ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში არათანამდებობის პირი საკრებულოს დეპუტატების საქმიანობის ანაზღაურების წესი განისაზღვრება ინდივიდუალურად – სხვადასხვა საკრებულოში სხვადასხვა ოდენობით. მაგალითად, თბილისის საკრებულოს 2014 წლის დადგენილების თანახმად, საკრებულოს თითოეული წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობა შეადგენს თვეში 1700 ლარს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ეს თანხა 400 ლარითაა განსაზღვრული და ა.შ.
დამკვიდრებული პრაქტიკისა და საკრებულოების მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციების თანახმად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკრებულოს წევრები ყოველ თვეში იღებენ დადგენილი თანხის მაქსიმალურ ოდენობას, რასაც ფაქტობრივად ხელფასის სახე აქვს მიცემული. ეს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად დაუშვებელია. ამავე დროს, მუნიციპალიტეტებში არ არსებობს შიდა აუდიტის სამსახურები, რომლებიც შეამოწმებდნენ საკრებულოს წევრების მიერ განხორციელებული საქმიანობის ნამდვილობას და მათი ბიუჯეტიდან დაფინანსების აუცილებლობას. ხშირად დეპუტატები სხდომებს სულაც არ ესწრებიან, არც რაიმე შეხვედრები აქვთ მოსახლეობასთან და ფაქტობრივად არ არსულებენ დეპუტატის ფუნქციას, თუმცა ბიუჯეტიდან დაფინანსებას მაინც იღებენ ამ ფუნქციათა შესრულების ეგიდით.
რატომ არის საკრებულოს წევრის სხდომაზე დასწრება მნიშვნელოვანი?
როგორც ზემოთ აღვმნიშნეთ, კანონი საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების გრძელ სიას განსაზღვრავს. ძირითადი უფლებამოსილებების სფეროები ასე გამოიყურება:
-
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზებისა და მისი იდენტურობის განსაზღვრის სფერო;
-
ორგანიზაციული საქმიანობის სფერო;
-
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის სფერო;
-
საფინანსო-საბიუჯეტო სფერო;
-
მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფერო.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტის შესახებ, ყველა არსებითი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკრებულოს აქტიური როლი უკავია. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ბიუჯეტის მიღების პროცესი, რომელიც მთავარი ფინანსური დოკუმენტია და მუნიციპალიტეტის მთელი წლის ფუნქციონირებას დიდწილად სწორედ ბიუჯეტი განსაზღვრავს. გარდა ბიუჯეტისა, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფერო.
ამ მიმართულებით საკრებულოს რამდენიმე გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. მათ შორის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება, მუნიციპალიტეტის ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტყისა და წყლის რესურსების მართვის წესის დადგენა.
მაგალითად, საკრებულოების მიერ განხილული გახმაურებული საკითხებიდან აღსანიშნავია თბილისის საკრებულოს მიერ რამდენიმე საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება. მათ შორის იყო 65 სართულიანი კომპლექსი გმირთა მოედანზე და ვაგონშემკეთებელი ქარხნის 200 ათას კვადრატულ მეტრზე დიდ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის საკითხი.
საკრებულოს სხდომები, არის შესაძლებლობა ხალხის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა მოქალაქეებისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღონ ადგილობრივ დონეზე.
ბუნებრივია, გადაწყვეტილების მისაღებად საკრებულოს წევრის მხრიდან მინიმუმ სხდომაზე დასწრება, განხილვაში მონაწილეობის მიღება და საკუთარი მოსაზრების თუ ხმის დაფიქსირებაა საჭირო. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, თუ როგორია საკრებულოს წევრთა სხდომებზე დასწრების ინტენსივობა.
თბილისის საკრებულო
თბილისში რეგისტრირებულ ამომრჩეველს ყველაზე მეტი პირი წარმოადგენს საკრებულოში, რაც მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით გასაკვირი სულაც არ არის. საკრებულო 50 წევრისგან შედგება. მათი შრომის ანაზღაურებაზე 2023 წელს 1,906,455 ლარი დაიხარჯა. წლის განმავლობაში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებზე ფულადი ჯილდო და სახელფასო დანამატი არ გაცემულა.
2023 წლის განმავლობაში თბილისის საკრებულოში 12 სხდომა გაიმართა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სხდომებზე მრავალი საკითხი განიხილებოდა, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც ქალაქში მასშტაბური მშენებლობებია. მიუხედავად განხილული საკითხის მნიშვნელობებისა, აღმოჩნდნენ საკრებულოს წევრები, რომლებიც სხდომათა უმრავლესობას უბრალოდ არ ესწრებოდნენ. მაგალითად 12 სხდომიდან 10 სხდომას არ ესწრებოდა საკრებულოს 3 წევრი.
-
ბიკაშვილი თორნიკე - 10 გაცდენა/ენმ
-
შოთა გრიგოლია - 10 გაცდენა/ენმ
-
ირაკლი ეძგვერაძე - 10 გაცდენა/ენმ
-
სოფიო ჯაფარიძე - 8 გაცდენა
-
ზვიად კუპრავა - 7 გაცდენა
გაცდენების მაჩვენებლებით ოპოზიციის წევრები ლიდერობენ. თბილისის საკრებულოს შემთხვევაში კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები. აღსანიშნავია, რომ სოფიო ჯაფარიძე გაცდენების მაჩვენებლებით 2022 წელსაც ლიდერობდა, უფრო კონკრეტულად კი 2022 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით იგი 6-დან, 5 სხდომა არ ესწრებოდა.
ქუთაისის საკრებულო
თბილისისაგან განსხვავებით 2023 წელს ჩატარებულ სხდომათა რაოდენობით გამოირჩეოდა ქუთაისის საკრებულო. წლის განმავლობაში საკრებულოში 34 (22 რიგითი და 12 რიგგარეშე) სხდომა გაიმართა. რაც შეეხება 2023 წელს ქუთაისის საკრებულოს წევრთა შრომის ანაზრაურებას, მასზე 1,195,826 ლარი დაიხარჯა. თვეების მიხედვით განსხვავდებოდა შრომის ანაზრაურებაზე დახარჯული თანხები. ამ მხრივ ყველაზე დიდი რაოდენობით თანხები 2023 წელს ივნისის თვეში გაიცა. ივნისის თვეში შრომის ანაზრაურებაზე 117,319 ლარი დაიხარჯა, როდესაც სხვა თვეების განმავლობაში ეს მაჩვენებელი 106-დან 110 ათას ლარამდე მერყეობდა.
შრომის ანაზღაურების პარალელურად, ქუთაისის შემთხვევაშიც აქტუალურია გაცდენების მაჩვენებელი. აღსანიშნავია, რომ გაცდენებით 2022 წლის მაგავსად მსგავსად კვლავ ოპოზიციის წევრები გამოირჩევიან. გაცდენების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უფიქსირდებათ:
-
კახაბერ გაბუნია - 14 გაცდენა
-
დავით ბახტაძე - 13 გაცდენა
-
დარეჯან ფხაკაძე - 13 გაცდენა
-
ანა კოხრეიძე - 12 გაცდენა
-
ქეთევან ხურციძე; ნინო ბიბილეიშვილი; თედო მესხი; ნინო ჩიკვაშვილი - 11 გაცდენა.
ბუნებრივია, საკრებულოს წევრები შესაძლოა მართლა ხვდებოდნენ მოსახლეობას, სწავლობდნენ მათ პრობლემებს, თუმცა პრობლემებზე რეაგირების მათ ხელთ არსებული ბერკეთი საკრებულოს სხდომებზე დასწრება, თემების დღის წესრიგში დაყენება, მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღებაა. როგორც ჩანს საკრებულოს წევრების ნაწილი საერთოდაც არ მიიჩნევს, რომ ხალხის დასახმარებლად საკრებულოს სხდომაზე დასწრება აუცილებელია.
დარეჯან ფხაკაძე ენმ-ს ყოფილი წევრი იყო. მან საკრებულოს ფრაქცია და პარტია 2023 წლის ნოემბერში დატოვა და გადაწყვეტილების განმარტების დროს კი განაცხადა “საკრებულოში შემოსვლისას მინდოდა ხალხს დავხმარებოდი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. დღეს არის სკამებისთვის ბრძოლა. მე მათთვის არ მიღალატია, მათ მიღალატეს, ამიტომ ვტოვებ ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" და პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". საინტერესოა, როგორ აპირებდა საკრებულოს წევრი ხალხის დახმარებას, საკრებულოს სხდომების თითქმის ნახევარის გაცდენით.
ფოთის საკრებულო
წლის განმავლობაში ჩატარებული 13 სხდომით შემოიფარგლა ფოთის საკრებულო. შრომის ანაზრაურებაზე 721,895 ლარი დახარჯა. საკრებულოს თავმჯდომარის შრომის ანაზრაურებამ 5566 ლარი შეადგინა. 3586 ლარს იღებდა საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო 3289 ლარს მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარეს 2023 წელს ჯამში 3 მოადგილე ყავდა. საკრებულოს თანამდებობის წევრებიდან ყველაზე დაბალ ხელფასს, 2585 ლარს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იღებდნენ.
რაც შეეხება გაცდენების მაჩვენებლებს, ამ შემთხვევაშიც იყვნენ საკრებულოს წევრები, რომლებიც თითქმის არ ესწრებოდნენ საკრებულოს სხდომებს.
-
მიხეილ ფირცხალავა - 10 გაცდენა
-
დარეჯან ცხვიტარია - 9 გაცდენა
-
დათო ხომერიკი - 9 გაცდენა
-
უჩა დოლიძე - 8 გაცდენა
-
ჟანა ჩაჩავა - 8 გაცდენა
აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეულ შემთხვევაში გაცდენის მიზეზი უცნობია. მხოლოდ ერთ შემთხვევაში, უჩა დოლიძე იმყოფებოდა შვებულებაში. შესაბამისად ცნობილია, რომ 2023 წლის ოქტომბრის თვეში ჩანიშნული სხდომა სწორედ შვებულებაში ყოფნის გამო გააცდინა.
ლოგიკურია ვარაუდი, რომ სხდომებზე დასწრების საკითხს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით საკრებულოს ის წევრები უნდა მოეკიდნონ, რომლებიც ამავდროულად თანამდებობის პირებიც არიან. თუმცა ფოთში გაცდენების მაჩვენებლებით მოწინავე პირებს შორის 3 თანამდებობის პირია:
-
უჩა დოლიძე ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილეა და ყოველთვიურად შრომის ანაზრაურების სახით 2585 ლარს იღებდა.
-
დარეჯან ცხვიტარია - ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეა და შრომის ანაზრაურების სახით ყოველთვიურად 2970ლარს იღებდა.
-
ენმ-ს თავმჯდომარის მსგავსად, გაცდენებით გამოირჩეოდა თავად თავმჯდომარის მოადგილეც, დათო ხომერიკი, რომელიც წლის განმავლობაში 9 სხდომას არ დაესწრო. მისი შრომის ანაზრაურება 2585 ლარს შეადგენს.
ბათუმის საკრებულო
თბილისის მსგავსად 12 სხდომა გაიმართა ბათუმის საკრებულოშიც. საკრებულოს 35 წევრიდან თანამდებობა უკავია 19 წევრს. მათი შრომის ანაზრაურებაზე კი ჯამში 833,448 ლარი დაიხარჯა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არსებული კანონმდებლობის და დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, საკრებულო წევრები, რომლებიც ამავდროულად თანამდებობის პირები არ არიან, ბიუჯეტიდან თანხებს იმ შემთხვევაში უნდა იღებდნენ, თუკი თავად წევენ ხარჯებს და შემდგომში ეს ხარჯები უნაზღაურდებათ. თუმცა ხშირ შემთხვევაში, მათ მიერ ყოველთვიურად მიღებული თანხა ხელფასს უფრო წააგავს, ვიდრე რეალური ხარჯების ანაზღაურებას.
ბათუმის საკრებულოში 16 წევრს აუნაზღაურდა გაწეული ხარჯები. საერთო თანხამ 159,975 ლარი შეადგინა. ძირითად შემთხვევაში, საკრებულოს თანამდებობის არმქონე წევრს ხარჯების მუხლიდან აუნაზრაურდა 10,800 ლარი, რაც ყოველთვიურად საშუალოდ 900 ლარს უდრის. თუმცა იყვნენ საკრებულოს წევრები, რომლებსაც შედარებით ნაკლები ხარჯი ჰქონდათ, მაგალითად ენმ-ს წარმომადგენელმა, ირაკლი ძიძიგურმა წლის განმავლობაში მხოლოდ 4275 ლარი მიიღო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბათუმის საკრებულო გაცდენების დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა. წლის განმავლობაში საკრებულოს სხდომა არასაპატიო მიზეზით მხოლოდ ოთხმა წევრმა გააცდინა.
-
ლაშა კილაბერია - 6 გაცდენა
-
ირაკლი ზოიძე - 5 გაცდენა
-
კახაბერ ქაშიბაძე -3 გაცდენა
-
გიორგი ლომთათიძე - 1 გაცდენა
რუსთავის საკრებულო
რუსთავის საკრებულოში წლის განმავლობაში 14 სხდომა გაიმართა (12 რიგითი და 2 რიგგარეშე). რუსთავშიც ბათუმის საკრებულოს პრაქტიკა მეორდება - საკრებულოს წევრები, რომლებიც კანონის თანახმად შრომის ანაზრაურებას არ იღებენ, ყოველთვიურად იღებენ ხარჯების ასანაზღაურებელ თანხას. საკრებულოს 13 არათანამდებობის პირი წლის განმავლობაში ყოველთვიურად ხარჯების მუხლიდან იღებდა 560 ლარს. ბათუმის საკრებულოსგან განსხვავებით, ეს თანხა შედარებით ნაკლებია, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით შეიძლება აღინიშნოს, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით, საკრებულოს ყველა წევრი იღებს ყოველთვიურ თანხას. ამ თანხას შრომის ანაზრაურება ეწოდება, ან საკრებულოს წევრის საქმიანობის ხარჯი. რაც შეეხება, თანამდებობის პირთა შრომის ანაზრაურებას, ამ შემთხვევაში საერთო ჯამში 705,903 ლარი დაიხარჯა.
ბათუმის მსგავსად გაცდენების თვალსაზრისით რუსთავის საკრებულოშიც უკეთესი მდგომარეობაა, თბილისის, ფოთისა და ქუთაისის საკრებულოებთან შედარებით.
14 სხდომიდან ყველაზე ბევრი გაცდენა მამუკა ხელაიას უფიქსირდება, რომელიც 6 სხდომას არ ესწრებოდა. 4 სხდომას არ ესწრებოდა თამარ გოგაძე, ხოლო მომდევნო ადგილს გაცდენილი 3 სხდომით ქეთევან ბენაშვილი და თამარ მეტრეველი იკავებენ.
აღსანიშნავია, რომ გაცდენების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსთავის საკრებულოს შემთხვევაში მამუკა ხელაიას უფიქსირდება, ვის შესახებაც ფლანგვის დეტექტორი ადრეც წერდა, მაგრამ სხვა კონტექსტში. მამუკა ხელაია ქართული ოცნების წევრია, თუმცა საკრებულოს წევრობამდე ქართული ოცნების შემომწირველი იყო, რომლის კომპანიაც აქტიურად იგებდა ტენდერებს. მათ შორის ტენდერში გამარჯვების შემთხვევები მოიცავდა ისეთ კორუფციულ რისკებს, როგორიც არის ტენდერში უკონკურენტოდ ან კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე გამარჯვება.
შეჯამება:
2023 წლის NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნება ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს; კიდევ უფრო მეტი ამბობს ამავეს არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზე. თუ სხდომებზე ოპოზიციის წევრების გაცდენების მაჩვენებელს გადავხედავთ მოსახლეობაში მსგავსი დამოკიდებულების ობიექტური მიზეზებიც შეიძლება ვიპოვოთ. საკრებულოში მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღების ფონზე, ოპოზიციური პარტიების აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა ამ პროცესში არსებითად მნიშვნელოვანია.
იხილეთ სტატისტიკური მონაცემები დეტალურად:
წყარო: