პოლიტიკური პარტიების მონიტორინგი 2023 წლის სექტემბრიდან ანტიკორუფციული სააგენტოს პრეროგატივაა. თუმცა პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის შესახებ სააგენტოს ვებგვერდი შეფერხებებით მუშაობს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოქალაქეებს პარტიების შემომწირველების სტატისტიკაზე სრული წვდომა არ ჰქონდათ. ანტიკორუფციულმა ბიურომ ვებ-გვერდი 15 იანვარს აღადგინა. ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ცხადი ხდება, რომ მმართველი პარტიისთვის ყველაზე შემოსავლიანი 2023 წლის ბოლო თვეები იყო. იანვარი-ოქტომბრის პერიოდში პარტიის შემოწირულებამ 3,073,000 ლარი შეადგინა. აპრილში, მაისსა და ივლისში ქართულ ოცნებას შემოწირულობა არ მიუღია. ხოლო 1-ლი ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით პარტია “ქართულმა ოცნებამ” საერთო ჯამში 5,348,000 ლარის შემოწირულობა მიიღო.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შემოწირულების მაქსიმალური ოდენობა 60,000 ლარია. ამ ოდენობის თანხა პარტიას ნოემბრის თვეში 20-მა, ხოლო დეკემბერში 16-მა ადამიანმა შესწირა, ანუ საერთო ჯამში 36-მა ფიზიკურმა პირმა პარტიას 2,220 000 ლარი შესწირა. დანარჩენ შემთხვევებში შემოწირულებების რაოდენობა 5,000-50,000 ლარს შორის მერყეობდა.
გულუხვი შემწირველები არა ერთი, არამედ რამდენიმე ბიზნესის მფლობელები არიან, რაც, თავის მხრივ. საინტერესო ტენდენციაა და შესაძლოა, საეჭვო გარიგებების არსებობაზე მიუთითებდეს. ფლანგვის დეტექტორი დეტალურად სწავლობს ყველა შემომწირველს და მათ კავშირებს მმართველ პარტიასთან, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას ჩვენს მომდევნო კვლევებში შეიტყობთ.