ნუ დასჯი კურიერს: პლატფორმული შრომა რეფორმებს საჭიროებს

ავტორი: შოთა დიღმელაშვილი

ციფრულმა პლატფორმებმა, რომლებიც მოკლევადიან და შტატგარეშე კონტრაქტებს ეფუძნება, შრომის სამყარო შეცვალა. საქართველო გამონაკლისი არ არის. Wolt, Bolt, Glovo და სხვა პლატფორმები ქართველების ყოფითი ცხოვრების ნაწილი გახდა. ერთი მხრივ, პლატფორმულ შრომას აქებენ დასაქმების ახალი შესაძლებლობების გაჩენისთვის, რომელიც ამავდროულად მოქნილიცაა და მშრომელს ავტონომიის მაღალ ხარისხსაც სთავაზობს; თუმცა, მეორე მხრივ, შეშფოთებას იწვევს ამ სფეროს ძირითადი მახასიათებლები - შენიღბული შრომითი ურთიერთობები და დასაქმებულთა არასწორი კლასიფიკაცია, რაც მათ დაუცველობას განაპირობებს. საქართველოში პლატფორმულ მშრომელთა მდგომარეობას მეტად ამძიმებს პროფესიული კავშირების სისუსტე, ინსტიტუციურად განუვითარებელი შრომის ინსპექცია, არასტანდარტული და თვითდასაქმების დიდი წილი და ევროპულ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა.

საქართველოს სახალხო დამცველმა და შრომის ინსპექციის სამსახურმა დაადგინეს, რომ კურიერები დასაქმებულის სტატუსით უნდა სარგებლობდნენ, თუმცა მათი რეკომენდაციები შრომის კოდექსში არ ასახულა. ქართველი კურიერები მხოლოდ გლობალური პლატფორმების კეთილ ნებაზე არიან დამოკიდებული. ხშირია უბედური შემთხვევები და ტრაგედიებთან ერთად, მსხვერპლთა ოჯახებს კოლოსალურ სამედიცინო ხარჯებთან გამკლავება უწევთ. ამგვარი დაუცველობა პლატფორმულ შრომაში ჩართული პირების პერიოდული პროტესტის მიზეზია. პროტესტის საპასუხოდ, ხშირად კომპანიები მშრომელებს საკუთარ პლატფორმებზე ანგარიშებს უუქმებენ.  ეს ყოველივე პოლიტიკის ზოგად გაუმართაობაზე მეტყველებს. 

წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი მომოიხილავს პლატფორმული შრომით გაჩენილ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, ზეგავლენას შრომის ბაზარზე, ხარვეზებს და მათ აღმოფხვრაზე მიმართული პოლიტიკის ვარიანტებს. 

შესავალი: გიგ ეკონომიკის აღზევება

ბოლო პროგნოზით, პლატფორმულ, იგივე გიგ ეკონომიკის მოცულობას 2023 წელს 311 მილიარდი დოლარისთვის უნდა გადაეჭარბებინა. მისი მასშტაბი ექსპონენტურად გაიზარდა არასტანდარტული დასაქმებისა და ტექნოლოგიური კომპანიების გაფართოებასთან ერთად. შრომის ციფრული პლატფორმების განვითარება ჯერ 2008 წლის მსოფლიო კრიზისმა, შემდეგ კოვიდ პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა, რაც, თავის მხრივ, საზოგადოებისა და ეკონომიკის საკვანძო შემადგენლის, შრომის ბაზრის ცვლილებით იყო გამოწვეული. 

გიგ ეკონომიკა, რომელსაც აგრეთვე გაზიარების ეკონომიკის ტერმინის ქვეშ მოიაზრებენ, მოიცავს ბიზნესებს, როგორებიცაა მგზავრობის გაზიარების სერვისები (Bolt), ერთჯერად სერვისებზე დაფუძნებული პლატფორმები (Mechanical Turk), ციფრული პროექტების ცალკეული კომპონენტის შესრულების შესათავაზებელი პლატფორმები (Upwork) და მიწოდების სერვისები (Glovo). ის ფაქტი, რომ ეს პლატფორმები მეტწილად შრომას ყიდიან, განასხვავებს მათ გაზიარების ეკონომიკის სხვა ციფრული პლატფორმებისგან, როგორიც შეიძლება იყოს airbnb, ამიტომ ამ დოკუმენტში ტერმინად მხოლოდ გიგ ეკონომიკას გამოვიყენებთ. 

სურათი 1: 2020 წელს ელ-კომერციის ბაზრის ზომა წლიურად 3.2-ჯერ 137.9 მლნ ლარამდე გაიზარდა

საქართველოში გიგ ეკონომიკის აღმასვლა შეიძლება მიეწეროს როგორც გლობალურ გავლენას, ასევე საქართველოს შრომის ბაზრის სტრუქტურას - კონკრეტულად კი პოსტსაბჭოთა გარდამავალი ეკონომიკების საერთო მახასიათებელს - ფართო არაფორმალურ სექტორს. ქართული გიგ ეკონომიკის შესახებ მონაცემები მწირია, თუმცა მისი ზრდის ტენდენციებზე გარკვეული წარმოდგენის ჩამოყალიბება მაინც შესაძლებელია. მაგალითად, პანდემიამდელი, 2018 წლის მონაცემებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში საქართველო მესამე ადგილს იკავებდა ერთ სულ მოსახლეზე ონლაინ ფრილანსერების პროცენტული მაჩვენებლით. 2020 წელს, ელექტრონული კომერციის ბაზარი სამჯერ გაიზარდა წინა წელთან შედარებით, ხოლო საკვების გამოძახების ბაზრის ზომამ დაახლოებით 167 მილიონი ლარი შეადგინა (სურათები 1; 2). 

სურათი 2: საკვების მიტანის სერვისზე დანახარჯები გასამმაგდა 2020 წელს წინა წელთან შედარებით

გლობალურ გიგ ეკონომიკაში ციფრული პლატფორმების მზარდი ჩართულობის გამო, ამ სექტორში მშრომელებისთვის დასაქმებულის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. მდგომარეობა განსაკუთრებულად რთულია საქართველოში, სადაც კურიერები შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით ხშირად აწყობენ აქციებსა და გაფიცვებს. პლატფორმული შრომის შესახებ მონაცემების ნაკლებობაც ცხადყოფს, რომ ამ მიმართულებით პოლიტიკის შექმნა ქართველი კანონმდებლებისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია. 

ჩვენი პოლიტიკის დოკუმენტი მომდევნო თავში ქართული გიგ ეკონომიკის მასშტაბებსა და სპეციფიკას გამოიკვლევს. ამის შემდეგ ამ სექტორის შესაძლებლობებს, პრობლემებსა და მშრომელთა კეთილდღეობის გარშემო დებატებს მიმოვიხილავთ. ბოლოს კი პოლიტიკის სხვადასხვა ვარიანტებს დავსახავთ, რასაც მოჰყვება რეკომენდაციები, თუ როგორ გაუმჯობესდეს გიგ ეკონომიკაში ჩართულ მშრომელთა მდგომარეობა.

გიგ ეკონომიკის მასშტაბი და სპეციფიკა საქართველოში და მის მიღმა

გიგ ეკონომიკაში დასაქმება გამოირჩევა რამდენიმე ნიშნით: ის ინდუსტრიებისა და მშრომელების ფართო სპექტრს მოიცავს, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ციფრულ პლატფორმებზე და მოკლევადიანი კონტრაქტების პარალელურად მშრომელებს მოქნილ სამუშაო გრაფიკს სთავაზობს. გიგ ეკონომიკაში გამოჰყოფენ ორი ტიპის პლატფორმას. პირველი, ე.წ. ქრაუდვორქინგ პლატფორმები, არალოკალიზებული და ხშირად ვირტუალურია. მათ მიერ საზღაურის სანაცვლოდ შეთავაზებული მიკრო-დავალებები შეიძლება ნებისმიერი ადგილიდან შესრულდეს. რაც შეეხება მეორე ტიპს, იგი კონკრეტულ ადგილთან დაკავშირებულ ფიზიკურ სამუშაოზეა დაფუძნებული და შესაბამისად, შრომითი უფლებების თვალსაზრისით მეტ გამოწვევას წარმოშობს.

ამ ბაზრის აქტორების შესახებ ზუსტი მონაცემების მოპოვება მეთოდოლოგიურად რთულია, წყაროები და ვერსიები კი განსხვავებული. თუმცა ზოგადი წარმოდგენის მაინც შესაძლებელია. მაგალითად, Mastercard-ის შეფასებით, რომელიც მიკრო-დავალებებისთვის გადარიცხული საზღაურის მნიშვნელოვან ნაწილს ამუშავებს, 2023 წლისთვის ფრილანსერების რაოდენობას 1 მილიარდი ადამიანისთვის უნდა მიეღწია და მათგან მეათედი უშუალოდ გიგ ეკონომიკაში ჩართული მშრომელები უნდა ყოფილიყვნენ (სურათი 3). სხვა შეფასებით, შეერთებულ შტატებში სამუშაო ძალის 25-30% არასტანდარტულ შრომაში ან გიგ ეკონომიკაში იყო ჩართული. ვირტუალური პლატფორმების მეშვეობით, წვდომა ისეთ სამუშაოზე, რომელსაც ინგლისური ენის ცოდნა სჭირდება, წელიწადში 25%-ით იზრდება. 2017 წლისთვის ინდოეთი, ფილიპინები და უკრაინა ამ ბაზრის უკვე დაახლოებით 40%-ს შეადგენდნენ

საქართველოში, სადაც ინგლისურის ფლობის დონე საშუალოა, ქრაუდვორქში ჩაბმული მშრომელები ძირითადად პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნოლოგიურ სფეროებზე სპეციალიზდებიან. ამ სექტორის ოთხ უმსხვილეს ინგლისურენოვან პლატფორმაზე საშუალო ხელფასი საათში დაახლოებით 19 აშშ დოლარს აღწევს, შესაბამისად ამ პირებს ყოველთვიურად 2500 დოლარის ან მეტის გამომუშავება შეუძლიათ, რაც ქვეყნის საშუალო თვიურ ხელფასს რამდენჯერმე აღემატება. თუმცა აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ ოთხ პლატფორმაზე, რომელიც ტრაფიკის მიხედვით გლობალური ბაზრის 70%-ს იკავებს, ქართველების წილი 2021 წელს ასეულებით უფრო გაიზომებოდა, ვიდრე ათასეულებით (სურათი 4). აქედან გამომდინარე, როდესაც ვსაუბრობთ ქართულ გიგ ეკონომიკაზე, მეტწილად იგულისხმება პლატფორმების მეორე, კონკრეტულ ადგილთან დაკავშირებული და ფიზიკურ შრომაზე დაფუძნებული ტიპი, შედარებით დაბალშემოსავლიანი და დაუცველი მშრომელებით. 

სურათი 3: საქართველოდან ჩართულ ფრილანსერთა რაოდენობა ოთხ უდიდეს საერთაშორისო ციფრულ პლატფორმაზე

წყარო: ონლაინ შრომის ინდექსი

საქართველოში არაფორმალური და არასტანდარტული დასაქმების მაღალი დონე თვითდასაქმებისა და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლებიდან გამომდინარეობს. 2023 წელს ახალგაზრდებში უმუშევრობა 30%-ს აღემატებოდა. სმარტფონებისა და ციფრული წიგნიერების გავრცელება ამ ახალგაზრდებს ციფრული პლატფორმებისთვის კარგ სამიზნედ აქცევს საკუთარ სისტემებში ჩასართავად. ეს ერთი მხრივ კარგია, რადგან ახალგაზრდების დასაქმებას უწყობს ხელს, მაგრამ მეორე მხრივ პრობლემურია, რადგან გიგ ეკონომიკაში ჩაბმულ მშრომელებს დასაქმებულის სტატუსი არ აქვთ და შესაბამისად საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დაცვის მექანიზმების მიღმა რჩებიან. 2019 წლის მონაცემებით ამ ახალგაზრდების 47%-ზე მეტი დაუცველი იყო

გიგ ეკონომიკის შესაძლებლობები და გამოწვევები

დავიწყოთ შესაძლებლობებით: პლატფორმული შრომა შეიძლება სარგებლის მომტანი იყოს როგორც კომპანიებისთვის, ისევე მშრომელებისთვის. კომპანიებისთვის იგი უზრუნველყოფს კარგ წვდომას გარკვეული უნარების მქონე ინდივიდების სიმრავლეზე, მშრომელებისთვის კი დასაქმების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ციფრულმა პლატფორმებმა შრომის სამყაროში რევოლუციური ძვრები გამოიწვიეს. მისი ადვოკატები გამოჰყოფენ პლატფორმების უნარს, მშრომელებს შესთავაზონ მოქნილი განრიგი, გამომუშავების ინოვაციური გზები და დამატებითი შემოსავლის წყარო, განსაკუთრებით დაბალანაზღაურებად პროფესიებში. მნიშვენლოვანია, რომ ეს შესაძლებლობები ხელმისაწვდომია სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვისაც - ახალგაზრდებისთვის, ქალებისთვის, შშმ პირებისთვის, მიგრანტებისთვის. განვითარებად ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, ციფრულ პლატფორმებს შესწევთ უნარი, შეამსუბუქონ ემიგრაციის პრობლემა და ადამიანები ქვეყანაშივე დაასაქმონ შრომის ბაზარზე შეღწევის გამარტივების გზით. ამიტომ ზოგმა განვითარებადმა ქვეყანამ პრიორიტეტად დასახა ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება და სამუშაო ძალის აღჭურვა სპეციფიური უნარებით, რომლებიც აუცილებელია გიგ ეკონომიკაში ნავიგაციისთვის. ამის მაგალითია მსოფლიო ბანკისა და როკფელერის ფონდის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივები, როგორებიცაა Digital Jobs Africa, Digital Malaysia და Naijacloud. ამ პროგრამების მეშვეობით ათასობით დაბალი შემოსავლის მქონე პირმა შეძლო შრომის ციფრული პლატფორმების გამოყენება. მსგავსი ინტერვენციები ცხადყოფს პლატფორმული შრომის პოტენციალს, გაუჩინოს ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობა ადამიანებს, რომელთაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ. 

გამოწვევები: მიუხედავად იმისა, რომ გიგ ეკონომიკის ადვოკატები მიმზიდველ სურათს ხატავენ, პლატფორმული შრომის გარშემო ეთიკური დებატები არ წყდება. მთავარი საკითხი დასაქმებულთა სტატუსია. მშრომელთა დასაქმებულის სტატუსის მიღმა დარჩენა, ანუ მათი მისკლასიფიკაცია დისკრიმინაციული ეფექტების რისკს ატარებს. აკრიტიკებენ აგრეთვე პლატფორმული შრომის საორგანიზაციო ელემენტებს,  ალგორითმულ კონტროლსა და ექსპლუატაციურ პრაქტიკებს.

ზემოაღნიშნული საკითხების გარდა, გიგ ეკონომიკაში ჩაბმული საქართველოს მოქალაქეები გამოჰყოფენ მათი უცხოელი კოლეგებისთვის კარგად ნაცნობ უარყოფით ფაქტორებს - ფინანსური სტაბილურობის ნაკლებობას, ზედმეტი მუშაობით გადაღლას და ამით გამოწვეულ შრომითი უსაფრთხოების დეფიციტს, აგრეთვე სოციალურ იზოლაციას. ყურადღებას იმსახურებს შუამავლობის პრაქტიკაც, როცა მშრომელებს სხვებისგან პლატფორმის ანგარიშის დაქირავება უწევთ. საქართველოს სახალხო დამცველმა რამდენიმე ანგარიში მიუძღვნა ტარიფების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო “ვოლტის”, “ბოლტისა” და გლოვოს კურიერებთან კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევებს. ამ თემას ანგარიში მიუძღვნა საქართველოს შრომის ინსპექციამაც, რომელმაც გლოვოს მიერ შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევა და კომპანიის მიერ სამუშაო ტრავმის დამალვის მცდელობა დაადგინა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ეს პლატფორმები მუდმივად უარყოფდნენ კურიერებთან დამსაქმებელ-დასაქმებულის ტიპის ურთიერთობას, სახალხო დამცველმა კურიერები დასაქმებულად აღიარა. თუმცა სახალხო დამცველის რეკომენდაციები შრომის კოდექსში არ ასახულა, შრომის ინსპექცია კი ინსტიტუციურად განუვითარებელ სტრუქტურად რჩება, არასტანდარტული შრომის მიმართ ბუნდოვანი მანდატით, რომელიც მეტწილად მხოლოდ გაფრთხილებებითა და მცირე ადმინისტრაციულ ჯარიმებით შემოიფარგლება.

პლატფორმული შრომის პოლიტიკის გადაუჭრელი პრობლემები

მისკლასიფიკაცია: გიგ-დასაქმების მოქნილობამ შექმნა ექსპლუატაციისთვის და სამართლებრივი თუ ფინანსური ვალდებულებების თავიდან აცილებისთვის ხელსაყრელი გარემო. კომპანიები მუშახელს თვითდასაქმებულებად ან დამოუკიდებელ კონტრაქტორებად აკლასიფიცირებენ. შრომის კანონმდებლობის ეს ფანჯარა მშრომელებს უზღუდავს წვდომას ჯანმრთელობის დაზღვავაზე და მნიშვნელოვან უფლებებზე, როგორიცაა უსაფრთხოება ან პროფესიული გაერთიანების შესაძლებლობა. ქართველი კურიერები ხშირად ჩიოდნენ ისეთ პირობებზე მიბმულ საბონუსე სისტემაზე, რომლის შესრულებაც მოძრაობის უსაფრთხოების წესების უგულებელყოფის გარეშე თითქმის შეუძლებელი იყო. მისკლასიფიკაცია შესაძლებლობას აძლევდა კომპანიებს, მსგავს საკითხებზე უკმაყოფილების გამომთქმელი მშრომელების ანგარიშები გაეუქმებინა. დასაქმებულის სტატუსის არქონა კომპანიებს ხარჯებს უმცირებს და კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს, რაც საბოლოო ჯამში სოციალურ დემპინგს იწვევს, რადგან სხვა კომპანიებსაც არათანაბარი შრომითი ურთიერთობებისკენ უბიძგებს და შრომის პირობებს მასობრივად აუარესებს.

არასტაბილურობა: შრომის მოქნილობა, რომლითაც მეტწილად დადებით შუქში არის აღქმული, უპრობლემო არ არის. მშრომელებს შეიძლება მეტად აწყობდეთ უფრო სტრუქტურირებული გრაფიკი, რისი მიღწევაც პლატფორმული შრომის პირობებში თითქმის შეუძლებელია. ბარიერი მშრომელთა სურვილებისგან დამოუკიდებელი ფაქტორებია. პლატფორმულ შრომაში ჩართული ბევრი ადამიანისთვის “მოქნილობა” არ ნიშნავს საკუთარი სურვილისამებრ სამუშაო დროის შერჩევას, განსაკუთრებით, მშრომელთა შორის მაღალი კონკურენციის პირობებში. “მოქნილობა” მათთვის მუშაობისთვის მუდმივ მზაობას უფრო გულისხმობს, რადგან ისინი მოთხოვნის ცვალებად ციკლებს უნდა მოერგონ. ქრაუდვორქ პლატფორმების შემთხვევებში გასათვალისწინებელია შეკვეთების გამოქვეყნების (რაც ხშირად დასავლეთის ქვეყნებიდან ხდება), დროითი განზომილებაც. ამ შეკვეთების მისაღებად მშრომელებს კონკურენცია უწევთ და ვინაიდან ისინი პლანეტის სხვადასხვა ზონებში არიან, ბევრი მათგანი ძილის დროს შეკვეთების ლოდინსა და განაცხადების გაკეთებას უთმობს. 

ბუნდოვანება: ტექნოლოგიური მენეჯმენტი და შრომის მართვის ახალი სისტემების განვითარება მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის. ციფრული პლატფორმები ალგორითმულ პროცესებს ეფუძნება, რომლებიც არეგულირებენ სამუშაოს განაწილებას, მომხმარებელთა დაკავშირებას, სერვისების ფასებს, სამუშაოს შესრულების შეფასებას და სანქციებს. ალგორითმები მეტწილად კომპანიების მოგების მაქსიმალიზაციაზეა მიმართული და მშრომელთა უფლებებსა და ინტერესებს ნაკლებად ითვალისწინებს. ამ პირობებში მშრომელები უსამართლო შეფასებებისა და სანქციების მსხვერპლნი შეიძლება აღმოჩნდნენ, რაც მათი შესრულებული სამუშაოს ფასზე გავლენას ახდენს. აგრეთვე, მათ არ აქვთ კონტროლი პირად ინფორმაციასა და სისტემის პროგრამულ თავისებურებებზე. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ალგორითმულ მენეჯმენტი ადამიანური კონტროლის ქვეშ უნდა მოექცეს, რათა შრომითი ურთიერთობები მეტად სამართლიანი გახდეს და არ იყოს მხოლოდ ტექნოლოგიაზე დამოკიდებული.

პლატფორმული შრომის პოლიტიკის ვარიანტები და მსოფლიო პრაქტიკა

უპირობოთი დავიწყოთ: შრომის ფუნდამენტური პრინციპები და უფლებები მშრომელთა შეკრების თავისუფლებას, კოლექტიური მოლაპარაკებების უფლებას და დისკრიმინაციისა და იძულებითი შრომისგან დაცვას განსაზღვრავს. აუცილებელია, შევიწროვდეს დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებს შორის უფლებრივი ნაპრალი ისეთი აუცილებელი პრინციპების დანერგვით, როგორიცაა შრომის უსაფრთხოება (სურათი 5). შრომითი უფლებების დაცვის არსებული მექანიზმები შეიძლება გაფართოვდეს და გიგ ეკონომიკის ნაწილიც დაფარობს.

სურათი 4. ღირსეული შრომის ელემენტები, რომლებიც პლატფორმულ შრომაში ჩაბმულ ყველა ადამიანზე უნდა იყოს მორგებული, მიუხედავად მისი საკონტრაქტო სტატუსისა

ამასთან, პლატფორმულ შრომაში ჩართულ მშრომელთა დაცვა შესაძლებელია მათი მისკლასიფიკაციის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის შემუშავებით. ამისათვის საჭიროა, შეიქმნას რეგულაციური ჩარჩო, რომელიც არა მხოლოდ ხელს შეუშლის კომპანიებს შრომითი ურთიერთობების შენიღბვაში, არამედ მშრომელთა უფლებების დაცვის მყარ გარანტიებს უზრუნველყოფს. 

რაც შეეხება ალგორითმების გაუმჭვირვალობის წინააღმდეგ პოლიტიკის შემუშავების საკითხს, ევროკავშირის რეგლამენტი ონლაინსერვისების სამართლიანობის შესახებ ციფრული პლატფორმებისგან მოითხოვს, გაამჟღავნონ ალგორითმების პარამეტრები, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ როგორ ფასდებიან გიგ ეკონომიკაში ჩართული მშრომელები: შეფასების ლოგიკა, გავლენის მომხდენი ფაქტორები, თითოეული პარამეტრის შედარებითი მნიშვნელობა და უარყოფითი შეფასების კრიტერიუმები. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის “მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციები” კომპანიისა და თანამშრომლის ურთიერთობას ისე არეგულირებს, რომ მშრომელს უფლება ეძლევა გააპროტესტოს გადაწყვეტილების ავტომატიზებული მიღება და შეფასების პროცესში ადამიანის ჩართულობა მოითხოვოს. თანამშრომლებს ასევე აქვთ უფლება, გამოხატონ თავიანთი შეხედულებები და გაასაჩივრონ გადაწყვეტილებები.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა გიგ ეკონომიკაში ჩართულ მშრომელების უფლებების დასაცავად სამართლებრივი მექანიზმების შემუშავების პროცესშია (სურათი 5). 

სურათი 5: პლატფორმული შრომის რეგულაციების მრავალფეროვანი პრაქტიკა მთელი მსოფლიოდან

ამავდროულად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია შრომითი ურთიერთობების ხასიათის განსაზღვრისას და სტატუსის დადგენისას ფაქტობრივი გარემოებების პრიორიტეტულობას აღიარებს, მიუხედავად კომპანიების მიერ თვითდასაქმებულის სტატუსის გამოყენებისა. ეს პრინციპი შენიღბული შრომითი ურთიერთობების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. მშრომელი კომპანიის მიერ დასაქმებულად შეიძლება ჩაითვალოს თუ სუბორდინაციისა ნიშნები არსებობს. მაგალითად, საკურიერო მომსახურების შემთხვევაში ეს ფენომენი აშკარაა, რასაც დაეყრდნო კიდეც საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში და მისი რეკომენდაციები.

თუმცა გიგ ეკონომიკაში კომპანიასა და თანამშრომელს შორის ურთიერთობის სამართლებრივ და სამართლიან ჩარჩოში მოქცევის სხვა ბევრი მექანიზმიც არსებობს:

  • ერთ-ერთი მათგანია გიგ ეკონომიკაში ჩართულ მშრომელთა პროფესიული კავშირების გაძლიერება და მოქმედი კანონმდებლობის გაფართოება სასამართლო პრეცედენტების გამოყენებით, რისი მაგალითებიც მრავლადაა. მაგალითად, ავსტრალიაში სასამართლო შრომის ომბუცმენის დასკვნებს დაეყრდნო “უბერის” მძღოლების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საქმის განხილვისას. საქართველოს სახალხო დამცველისა და შრომის ინსპექციის ანგარიშები მყარ სამართლებრივ არგუმენტებს ქმნიან ჯგუფური სარჩელისთვის, რომელსაც პრეცედენტული ხასიათი შეიძლება ჰქონდეს. 

  • აგრეთვე, შესაძლებელია დაიხვეწოს და გაფართოვდეს დასაქმების საკანონდებლო განმარტება და აქტივობების ისეთი სპექტრიც მოიცვას, რომელიც არსებული კლასიფიკაციით დაფარული არ არის. ციფრული პლატფორმული შრომის იურიდიული განმარტება ტრადიციული დასაქმების სფეროებისას შეიძლება დაუახლოვდეს, რაც ამ სექტორში დასაქმებულებს შრომის კოდექსის ველში მოაქცევდა.

  • კიდევ ერთი შესაძლო ვარიანტია დასაქმების სრულიად ახალი სტატუსის შექმნა, მაგალითად, როგორიცაა ზოგ ქვეყანაში დამკვიდრებული კლასიფიკაცია “დამოკიდებული კონტრაქტორი”. დასაქმებულსა და თავისუფალ კონტრაქტორის კლასიფიკაციებს შორის არსებული დასაქმების მსგავსი სტატუსები კომპანიებს პლატფორმულ შრომაში ჩართული პირების დაცვის გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს. თუმცა, ახალი კლასიფიკაციები სიფრთხილით უნდა იქნას განხილული, რადგან არსებულ რეგულაციურ ჩარჩოებთან კონფლიქტში შეიძლება მოდიოდნენ, ანაც კომპანიებს არასტანდარტულ შრომაში ჩართულთა მისკლასიფიკაციის და/ან შრომის კოდქსის გვერდის ავლის ახალ შესაძლებლობებს უჩენდეს.

  • შედარებით განსხვავებეული და უფრო რადიკალური სტრატეგიაა კანონმდებლობის ისე რესტრუქტურირება, რომ რეგულაციების ფოკუსი იყოს უშუალოდ შრომა და არა ურთიერთობა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის. ამ მოდელის მიხედვით, ყველა, ვინც გარკვეულ შრომას ასრულებს ავტომატურად იმსახურებს გარკვეულ ბენეფიტებს. ამ სტრატეგიის სისუსტე იმაში მდგომარეობს, რომ კანონმდებლებს გაუჭირდებათ შრომითი უფლებებისა და ფინანსური ბენეფიტების ისეთი დეტალური სქემების შედგენა, რომლებიც შრომის მუდმივად პროგრესირებად ტიპოლოგიას ფარავს. 

  • დაბოლოს, ზემოთ ხსენებული სტრატეგიის მსგავსად, კიდევ ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს დასაქმებულის სტატუსიდან აქცენტის დამსაქმებლის სტატუსზე გადატანა, პასუხისმგებლობების შესაბამისი გადანაწილებით. თუმცა ამ პრინციპსაც გააჩნია მნიშვნელოვანი სისუსტეები. მაგალითად, ციფრული პლატფორმები, რომლებიც განვითარებად ქვეყნებში მოქმედებენ, ხშირად უცხოური კომპანიები არიან. შესაბამისად, მათ სხვა ქვეყნების იურიდიქცია ფარავს, რაც ამ ვარიანტის ხორცშესხმას გაართულებს. 

პოლიტიკის თითოეულ ამ ვერსიას თავისი უპირატესობები და სისუსტეები აქვს. მოქნილი, სამართლიანი და ამავდროულად შრომის მუდმივად განვითარებად სამყაროზე მორგებული მოქნილი სისტემის შექმნა საფუძვლიან და ღრმა განხილვებს მოითხოვს. თუმცა სამწუხაროდ საქართველოში კანონმდებლების მხრიდან ამ თემის ზედაპირული განხილვაც კი არ არსებულია. ამ სფეროში ჩართული ადამიანების სიმრავლისა და მათი სავალალო უფლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია შემუშავდეს პოლიტიკა, რომელიც პლატფორმული შრომის სამყაროში მიმდინარე რეალობებებს გაითვალისწინებს - უპირველეს ყოვლისა მშრომელთა დამოკიდებულებას ციფრულ პლატფორმებზე, მათ სტატუსს, მოლაპარაკების ძალასა და კონტროლის ხარისხს, რომელითაც ციფრული პლატფორმები ამ სფეროში დასაქმებულებზე განაგებენ.

რეკომენდაციები:

მონაცემთა მოპოვება და დამუშავება: აუცილებელია, ეროვნულმა კვლევებმა დასაქმების არასტანდარტული ფორმები მოიცვას. სახელმწიფომ ციფრულ პლატფორმებს მათი სამუშაო ძალის პროფილისა და მასშტაბის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება უნდა მოსთხოვოს.

მშრომელთა უფლებრივი უზრუნველყოფა: გიგ ეკონომიკაში ჩართული მშრომელები დაცულები უნდა იყვნენ. მათ ხელი უნდა მიუწვდებოდეთ ისეთ მნიშვნელოვან უფლებებზე და თავისუფლებებზე, როგორებიცაა შეკრების თავისუფლება, კოლექტიური მოლაპარაკების უფლება, დისკრიმინაციისგან დაცულობა და შრომის უსაფრთხოება. 

შეღავათებზე ხელმისაწვდომობის ზრდა: ადაპტირდეს და შეიცვალოს რეგულაციები ისე, რომ გიგ ეკონომიკაში ჩართული მშრომელებისთვის გარანტირებული იყოს ჯანმრთელობის დაზღვევაზე, საპენსიო შენატანებსა და სოციალური დაცვის სხვა მექანიზმებზე ხელმისაწვდომობა. 

აღმოიფხვრას მშრომელთა მისკლასიფიკაცია: კანონმდებლობა უნდა იძლეოდეს არსებით გარანტიებს, რათა გიგ ეკონომიკაში ჩართულთა უფლებები დაცული იყოის და აღმოიფხვრას ამ სექტორისთვის დამახასიათებელი დაფარული შრომის პრაქტიკები. 

ალგორითმების გამჭვირვალობა: მშრომელებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციაზე, თუ კონკრეტულად როგორ ხდება მათი სამუშაოს შეფასება. აგრეთვე, მათ უნდა შეეძლოთ ავტომატიზებული გადაწყვეტილებების გადახედვა და გასაჩივრება. 

მშრომელთა ორგანიზების მხარდაჭერა: პლატფორმულ შრომაში ჩართულებს უნდა ჰქონდეთ კოლექტიური მოლაპარაკების დაწყების შესაძლებლობა და სარგებლობდნენ უკეთესი სამართლებრივი გარანტიებით, რათა შეეძლოთ უფლებრივად გაძლიერდნენ მობილიზაციისა თუ ჯგუფური სარჩელების მეშვეობით. 

მშრომელთა პირადი ინფორმაციის დაცვა: მშრომელთა პერსონალური და სამუშაოსთან დაკავშირებული ინფორმაცია, ისევე როგორც ციფრულ პლატფორმებში მათი ოპერირების შესახებ მონაცემები, შესაბამისი პოლიტიკით უნდა იყოს დაცული. 

აღსრულების მექანიზმების გაძლიერება: შრომის ინსპექციის მანდატი უნდა გაფართოვდეს და სანქციები უფლებების დარღვევის წინააღმდეგ - გამკაცრდეს. შეიქმნას პლატფორმულ შრომაში ჩართულ პირთა დაცვაზე სპეციალიზებული განყოფილება.