აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიამ ჯერ კიდევ 2015 წელს გაავრცელა. ე.წ feeling-ის სექციაში კი მიუთითა, რომ თავს პოზიტიურად გრძნობდა. თუმცა რეაბილიტაცია პოზიტიურად არ დასრულებულა.
მუზეუმის სრული რეაბილიტაციისთვის ტენდერი ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდმა 2020 წელს გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 3,227,113 ლარი იყო და მასში 2 კომპანია იღებდა მონაწილეობას. "სამშენებლო კომპანია "ივერთმშენმა" თბილისის განვითარების ფონდს სამუშაოების განხორციელება კონკურენტ კომპანიაზე დაბალ ფასად, 3,111,111 ლარად შესთავაზა. შესაბამისად, ხელშეკრულება სწორედ ივერთმშენთან გაფორმდა.
მერის განცხადების თანახმად, აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია 2022 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მუზეუმის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ დაუსრულებელია.
რატომ ვერ დასრულდა მუზეუმის რეაბილიტაცია თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში? როგორც სადენტერო დოკუმენტებიდან ირკვევა კომპანია ივერთმშენმა რამდენჯერმე დაარღვია მასზე დაკისრებული ვალდებულებები. თბილისის განვითარების ფონდმა კომპანიას 2-ჯერ დააკისრა ჯარიმა ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, საბოლოოდ კი 2023 წლის 3 აპრილს ოფიციალურად მოშალა ხელშეკრულება კომპანიასთან.
როგორც ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის დასაბუთებაშია მითითებული, პრობლემური იყო როგორც სამუშაოების ვადებში შესრულების, ასევე თავად განხორციელებული სამუშაოების ხარისხი. მაგალითად, დასაბუთებაში ვკითხულობთ:
-
სამუშაოების ტემპთან და ზოგადად მუშა ხელის არასაკმარის რიცხოვნობასთან დაკავშირებით მიმწოდებელი არაერთხელ იქნა გაფრთხილებული როგორც წერილობით, ისე ზეპირსიტყვიერად. თბილისის განვითარების ფონდმა სამუშაო ძალის არასათანადოდ ორგანიზებულობის შესახებ პირველი პრეტენზია ხელშეკრულების გაფორმებიდან მალევე, ჯერ კიდევ 2020 წლის 11 აპრილის წერილით განაცხადა, თუმცა, აღნიშნული პრობლემა სარეაბილიტაციო ობიექტზე პრაქტიკულად მუდმივად იჩენდა თავს. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ არასაკმარისი რაოდენობის მუშახელის პირობებში კომპანია ვერ შეძლებდა დათქმულ ვადებში სამუშაოების დასრულებას, მიმწოდებელს პრაქტიკულად არავითარი ქმედითი ღონისძიებისთვის არ მიუმართავს ვითარების გამოსასწობლად და მიმწოდებელმა დაარღვია შეთანხმებული გეგმა-გარფიკი.
-
სამუშაოთა წარმოების არასთანადო ტემპს მისი არაკვალიფიციურად შესრულების პრობლემაც დაერთო. კერძოდ, მუშახელმა თვითნებურად, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში შეთანხმებული პროექტის დარღვევით, მოშალა შენობის უკანა ფასადზე გამავალი ფანჯრის ღიობი. მეტიც, პირველი სართულის ერთ-ერთ ოთახში რეაბილიტაციის დროს აღმოჩენილი გვიანდელი ხანის ჭერის მხატვრობა, რომლის რესტავრაციასაც მოითხოვდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესები, სუსტი დენების სადენების გასატარებელი ღარების ამოღებით (გამოთხრით) დაზიანდა.
როგორც ფაქტობრივი გადახდების ველშია მითითებული, თბილისის განვითარების ფონდმა კომპანიას 1,660,329 ლარი გადაუხადა. დარღვეული ვადების, არაკვალიფიციურად შესრულებული სამუშაოსა და ხელშეკრულების მოშლის შემდეგ აბრეშუმის მუზეუმი დროებით დაილუქა, მანამ სანამ ტენდერის შედეგად ახალი კომპანია შეირჩეოდა.
აღსანიშნავია, რომ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე ძველი მუზეუმია მსოფლიოს მასშტაბით. შენობა, რომელშიც მუზეუმია განთავსებული, 1887 წელს სპეციალურად კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურისთვის აშენდა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
თავად კახა კალაძემ მუზეუმის მნიშველობასთან დაკავშირებით განაცხადა - “ამ მუზეუმში დაცული კოლექციები უნიკალურია და წარმოდგენას გვიქმნის კავკასიასა და მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში აბრეშუმის ქსოვილის წარმოებასა და გამოყენებაზე. აქ თავმოყრილია დიდი ინფორმაციის მქონე ნიმუშები, ექსპონატები და ვფიქრობ, მუზეუმის რეაბილიტაცია წარმოაჩენს არა მხოლოდ შენობის მნიშვნელობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, არამედ ზოგადად იმ ექსპონატებით არის განსაკუთრებული“.
2023 წლის 3 თებერვალს კახა კალაძემ აბრეშუმის მუზეუმი მოინახულა და ლაივ ჩართვაში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მუზეუმის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მნიშვნელობას. ლაივ ჩართვის მიზანი მოქალაქეთა ინფორმირება იყო, თუმცა მერს არაფერი უთქვამს გახანგრძლივებული ვადების, შეფერხებების, პრობლემებისა და კომპანიის მიერ დაზიანებული ან არაკვალიფიციურად შესრულებული სამუშაოების შესახებ.
თბილისის განვითარების ფონდმა კომპანია ივერთმშენთან ხელშეკრულება შეწყვიტა და ახალი ტენდერი გამოაცხადა. თავდაპირველად ტენდერი 2023 წლის აპრილში გამოაცხადა და სავარაუდო ღირებულება 2.7 მილიონი ლარი იყო, თუმცა ტენდერი არ შედგა. მოგვიანებით, 2023 წლის მაისში ტენდერი ისევ თავიდან გამოცხადდა, თუმცა ამჯერად ტენდერის სავარაუდო ღირებულება 3,964,455 ლარამდე გაიზარდა. ტენდერში 3 კომპანია მონაწილეობდა და ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზებით შპს დიკა 2010-მა გაიმარჯვა, რომელთანაც 3,852,469 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა.
აღსანიშნავია, რომ მერის განცხადების მიხედვით რეაბილიტაცია 2022 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო და პროექტის სავარაუდო ღირებულება კი 3,227,113 მილიონი ლარი იყო, თუმცა მუზეუმის რეაბილიტაცია კვლავ დაუსრლებელია, უკვე დაიხარჯა 1,660,329 ლარი და კიდევ 3,852,469 ლარის დახარჯვას იგეგმება.
წყარო:
-
ტენდერი 1 - NAT200008212
-
ტენდერი 2 - NAT230008794
-
ტენდერი 3 - NAT230011169
-
შპს „დიკა 2010“ (ს/ნ: 406027981) თეთრ სიაშია
-
facebook პოსტი - https://shorturl.at/auEY8
-
მერის ლაივ ჩართვა https://shorturl.at/fAKS1
-
მუზეუმუს შესახებ https://shorturl.at/pANZ8
-
სამუშაოების დასრულების შესახებ https://shorturl.at/ehzWZ