ავტორი: ანა აბაშიძე
მიუსაფარ ცხოველთა პრობლემა საქართველოში და ქვეყნის დედაქალაქში ძალიან მწვავედ დგას. 2015 წლის შემდეგ თბილისში არ ჩატარებულა უსახლკარო ცხოველების აღრიცხვა, შესაბამისად უცნობია მათი რაოდენობა, თუმცა შესამჩნევია, რომ მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა ქუჩებში არ იკლებს. პრობლემის არსებობას აღიარებენ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოშიც, სადაც გამოსავლად ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად სტერილიზაცია/კასტრაციის პროგრამა ესახებათ. მიუხედავად ამისა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩატარებული ოპერაციების რაოდენობა ყოველ წელს, საშუალოდ, ერთი და იგივეა და სურათის შეცვლისთვის საკმარისი არ არის.
აშშ-ს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა სამ ყველაზე დიდ ინფრასტრუქტურულ პრობლემაში უსახლკარო ცხოველებს ასახელებს. წლევანდელი მაჩვენებელი რეკორდულია: 2015 წლის შემდეგ ყველაზე დიდ რაოდენობას - მოსახლეობის 23%-ს უსახლკარო ცხოველები ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ პრობლემად მიაჩნია.
თბილისის მერიის სსიპ-ი - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სწორედ აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის შექმნილი სამსახურია, რომელმაც ფუნქციონირება 2015 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვა “თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით” ევალება. ჰუმანური პრინციპები ამ შემთხვევაში გულისხმობს ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაციას, ვაქცინაციას და იდენტიფიკაციას (მიკროჩიპით, ტატუირებით ან ე.წ. “ბირკით”). გარდა ამისა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მოვალეობებში შედის, რომ გააჩუქოს, მიაკედლოს ან დაინტერესებულ პირს დაუბრუნოს ცხოველი მისთვის პროცედურების ჩატარების შემდეგ.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ასევე ევალება ჩაატაროს უსახლკარო ცხოველების აღრიცხვა, რაც გულისხმობს მათი რაოდენობის გამოთვლას თბილისის მასშტაბით, რათა შემდგომი სტერილიზაცია/კასტრაციის პროცედურები უფრო მეტი სიზუსტით დაიგეგმოს და არსებობდეს წარმოდგენა, რა მასშტაბის პოპულაციაზეა საუბარი. უკანასკნელი აღრიცხვა თბილისში 2015 წელს ჩატარდა.
იმისთვის, რომ უსახლკარო ცხოველების რაოდენობის ზრდის შესაჩერებლად ჩატარებული სამუშაოები ეფექტიანი იყოს, უნდა მოწესრიგდეს კანონმდებლობაც. ერთი მხრივ, ეს გულისხმობს კანონმა დაარეგულიროს, რა ჯიშის ძაღლების მოშენება და შემდგომ გაყიდვაა შესაძლებელი, რადგან ცხოველის უკონტროლო მოშენება ზრდის მათი ნაწილის უსახლკაროდ დარჩენის საფრთხეებს.
ამასთან, 2015 წელს თბილისის საკრებულომ შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვით სავალდებულია პატრონების მიერ შინაური ძაღლებისა და კატების რეგისტრაცია. პატრონმა ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის ან რეგისტრაციის მომენტიდან ერთი თვის ვადაში, უნდა უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა მიკროჩიპირებით, ან ტატუირებით, ან "საჭდით"(ბირკით) და ყელსაბამით, თუმცა აშკარაა, რომ ცხოველთა მონიტორინგის სამსახური აღნიშნულ პროცესს სათანადო კონტროლს ვერ უწევს. შესაბამისად, ცხოველთა რეგისტრაციის ტრადიცია საზოგადოებაში ფაქტობრივად არ არსებობს. ამასთან, არ არსებობს საკანონმდებლო ჩანაწერიც, რომელიც შინაური ცხოველის მიტოვებას დასჯადს გახდის. იმ შემთხვევაშიც, თუ ამ კანონს შემოიღებენ, მისი აღსრულება სათუო იქნება სათანადო აღრიცხვის უქონლობის გამო. მიტოვებული ძაღლის/კატის პატრონის დადგენა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მას იდენტიფიკატორი ექნება, რომელიც საიდენტიფიკაციო დეტალების დადგენის საშუალებას მოგვცემს.
აღნიშნულ თემაზე კანონპროექტი პარტია “მოქალაქეებმა” 2021 წელს მოამზადეს, რომლის მიხედვით ძაღლის ან კატის მიტოვება ადმინისტრაციული წესით დასჯადი ხდებოდა, თუმცა კანონი არც ერთი რედაქციით არ არის დღემდე მიღებული.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ფორმალურად ევროპული მიდგომები აქვს მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის კონტროლისთვის, აშკარაა, რომ ქმედებაში ეს არ ითარგმნება და მდგომარეობა არ უმჯობესდება, რასაც სააგენტოშიც აღიარებენ.
Როგორ ნაწილდება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ბიუჯეტი?
წლებია, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფინანსება 3-4 მილიონ ლარს შორის მერყეობს. თანხის ნახევარზე მეტი ანაზღაურებებში - კერძოდ კი თანამდებობრივ სარგოში, პრემია/ჯილდოსა და დანამატებში იხარჯება.
2018 წლიდან 2022 წლის ჩათვლის მონაცემები ასე გამოიყურება:
Წყარო: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, თანხა მოცემულია ლარებში
ცხოველთა მონიტირინგის სააგენტოს ბიუჯეტმა პიკს 2022 წელს მიაღწია და მან 4,282,728 ლარი შეადგინა. ამასთან, ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, ამავე წელს გაიცა ყველაზე მეტი რაოდენობის თანამდებობრივი სარგო, პრემია/ჯილდოები და დანამატები. თუმცა გაზრდილი თანხების პარალელურად, წლიდან-წლამდე მცირედით იცვლება სტერილიზებულ, კასტრირებულ და ვაქცინირებულ ცხოველთა რიცხვი.
გარდა ამისა, ყურადღებას იქცევს შტატგარეშე თანამშრომლებში ანაზღაურების სახით გადახდილი თანხის ზრდა. არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო უწყებებს და მათ დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებს მოუწოდებენ, შეამცირონ შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა, რადგან ასეთი თანამშრომლების შემთხვევაში განსაკუთრებით იკლებს კონტროლისა და გამჭვრივალობის მექანიზმები, ხშირად კი მათი რაოდენობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზღვარს აჭარბებს.
წყარო: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, თანხა მოცემულია ლარებში
იმისთვის, რომ ქუჩებში მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობა შემცირდეს, ხოლო არსებული ცხოველები უსაფრთხონი იყვნენ გარშემომყოფებისთვის, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გაწერილი ვალდებულებაა, მოხდეს მათი აღრიცხვა, შემდეგში კი კასტრაცია/სტერილიზაცია და ყოველწლიური ვაქცინირება. Მიუხედავად ამისა, უსახლკარო ცხოველების რაოდენობა 2015 წლის შემდეგ აღრიცხული არ არის, რის მიზეზადაც კვლევის მეთოდის არ არსებობა სახელდება. წლების განმავლობაში ჩატარებული კასტრაცია/სტერილიზაციის ოპერაციების რაოდენობის დინამიკა კი ასე გამოიყურება:
Წყარო: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო
აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ცხოველებისთვის გამრავლების შემზღუდავი ოპერაციების ჩატარების რიცხვი დამაიმედებელი არ არის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო უკანასკნელი რამდენიმე წელია წელიწადში საშუალოდ 6,000 კასტრაცია/სტერილიზაციას ატარებს. ოპერაციების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდი რომ უნდა იყოს, ამავეს ამბობს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ამჟამინდელი ხელმძღვანელიც, გიორგი კობიაშვილი. Მისი თქმით, ისინი რაოდენობის გაზრდაზე “მუშაობენ”.
გამოდის, 2018 წლიდან 2022 წლის ჩათვლით თითქმის 19 მილიონი დაიხარჯა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოზე, თუმცა მხოლოდ 25,800 მიუსაფარი ცხოველის კასტრაცია/სტერილიზაცია მოხერხდა. თანხის უდიდესი ნაწილი - 10,845,128 ლარი თანამდებობრივ სარგოსა და პრემია/ჯილდო/დანამატში დაიხარჯა.
საუკეთესო პრაქტიკა
არ არსებობს უნივერსალური შეთანხმება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიძლიოს უსახლკარო ცხოველების პრობლემა და იმართოს მათი პოპულაცია. წლების განმავლობაში, აღნიშნული პრობლემის მოგვარების ეფექტიან გზად ცხოველების თავშესაფარში გადაყვანა, ან მათი ევთანაზია მიიჩნეოდა, თუმცა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ მიდგომების პოპულარობა დაღმასვლას განიცდის. განვითარებული ქვეყნებისთვის მეტად მისაღები ცხოველების კასტრაცია/სტერილიზაციის პროგრამა ხდება.
სტერილიზაციის პროგრამებს სხვადასხვა სახელი, თუმცა მსგავსი შინაარსი აქვს: CNVR - Collect (აიყვანე), Neuter (დაკოდე), Vaccinate (აცერი), and Return (დააბრუნე) ან TNR - Trap (დაიჭირე), Neuter (დაკოდე), Return (დააბრუნე).
Მმნიშვნელოვანია, რომ ცხოველი იმავე ბუნებრივ არეალში დაბრუნდეს, რათა ეს გარემო სხვა ცხოველმა არ აითვისოს, რომელსაც გამრავლების საწინააღმდეგო ოპერაცია არ აქვს ჩატარებული და შთამომავლობის წარმოქმნა შეუძლია.
ერთ-ერთი ყველაზე ძველი TNR პროგრამა აშშ-ის შტატ მასაჩუსეტსის ქალაქ Newburyport-ში 1992 წელს დაინერგა, ცხოველთა თავშესაფრის MRFRS-ის მიერ. Პროგრამა დაახლოებით 17 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მხოლოდ უსახლკარო კატებს შეეხებოდა. კვლევის ავტორების მტკიცებით, 2009 წლის მიწურულისთვის პროგრამამ არეალი მიუსაფარი კატებისგან სრულად გაათავისუფლა. კატების დაახლოებით ⅓ პროგრამის ფარგლებში გაჩუქდა, ან პატრონს მიეკედლა, დანარჩენები კი გასტერილდნენ, ან კასტრაცია ჩაუტარდათ და იმავე არეალში დაბრუნდნენ, თუმცა ცხადია შთამომავლობა აღარ წარმოუქმნიათ. შეგახსენებთ, რომ PETA-ს მონაცემების მიხედვით ერთ კატასა და მის შთამომავლობას 7 წელიწადში ჯამში 370,000 კნუტის წარმოქმნა შეუძლია, სწორედ ამიტომ ფასდება მასაჩუსეტსში ჩატარებული TNR “ექსპერიმენტი” წარმატებულად.
თუმცა ერთია შტატის მომცრო ქალაქის მდინარისპირა დასახლება, მეორე კი ქვეყანა, სადაც უსახლკარო კატებისა და ძაღლების ბევრად დიდი რაოდენობაა და ცხადია, მათი პოპულაციის მართვა ბევრად უფრო კომპლექსურია. სწორედ ამიტომ, გარდა უშუალოდ მათი რაოდენობის მართვისა, ქვეყნები აწესრიგებენ საკანონმდებლო ბაზებსაც, რომელიც მაქსიმალურად დააზღვევს სახლში აყვანილ ცხოველებს მიტოვებისგან და მათ უსახლკაროებად არ აქცევს. ასეთი ქვეყნის მაგალითი ნიდერლანდებია, სადაც მოახერხეს, რომ თითქმის აღარ ჰყავდეთ მიუსაფარი ცხოველები CNVR მეთოდისა და კანონმდებლობის ცვლილების გზით, ამაზე ზრუნვა კი 1864 წლიდან დაიწყეს, როდესაც ჰააგაში პირველი “ცხოველთა დაცვის საზოგადოება” დაარსდა, რომლის მიზანიც ცხოველთა წამების საპირისპიროდ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება იყო. 1864 წლიდან 13 წელიწადში - 1877 წელს, ნიდერლანდებში ცხოველთა პირველი თავშესაფარი გაიხსნა, ცხოველთა წამება დასჯადი კი 1886 წლიდან გახდა.
Შემდეგი გარდამტეხი მომენტი ნიდერლანდებისთვის 1962 წელს მიღებული “ცხოველთა დაცვის აქტი” იყო, რასაც 1981 წელს კიდევ ერთი აქტი მოყვა. აქტები განსაზღვრავდა, რომ ცხოველები დაცულები უნდა იყვნენ არა უბრალოდ მათი სარგებლიანობის, არამედ თავისთავადი ღირებულების გამო. მეოცე საუკუნის მიწურულს სავალდებულო გახდა ძაღლების კასტრირება/სტერილიზაცია. ოპერაციებს სახელმწიფო აფინანსებდა. ამასთან, გამკაცრდა კანონი ცხოველის წამებაზე, რაც სასჯელად საშუალოდ 16,000 ევროს, ან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
1990 წელს WHO-მ (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია) და WSPA-მა (World Animal Protection International) გამოსცეს გაიდლაინი, რა არის ყველაზე ეფექტიანი მეთოდი უსახლკარო ცხოველების პოპულაციის ზრდის შესაჩერებლად:
-
Სტერილიზაცია (სულ მცირე მდედრი ძაღლების 70%-ის)
-
ცნობიერების ამაღლება (პასუხისმგებლიან პატრონობაზე, გამრავლებაზე, ცხოველის მიტოვებაზე)
-
რეგისტრაცია (ცხოველისა და პატრონის)
აღნიშნული გაიდლაინი ამტკიცებს, რომ პრობლემის მოგვარებისთვის არ არის საკმარისი ცალკე აღებული სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაციები, ან კანონმდებლობის ცვლილება, საჭიროა ყველაფერი იყოს ერთი რეფორმის ნაწილი და გატარდეს ერთმანეთის პარალელურად.
რეკომენდაციები:
-
გაიზარდოს სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაციების რიცხვი
იმისთვის, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ვალდებულებები შეასრულოს, საჭიროა სწორად გადაანაწილოს მათთვის მინიჭებული ბიუჯეტი და პრიორიტეტად მართლაც მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის შემცირება იქცეს.
-
მოწესრიგდეს კანონმდებლობა
საჭიროა, გამკაცრდეს კონტროლი შინაური ცხოველების რეგისტრირებაზე და დასჯადი გახდეს ცხოველის მიტოვება, რაც ცხოველის აყვანას უფრო პასუხისმგებლობიან აქტად აქცევს, ხოლო მიტოვებაში კი ადამიანს “ფასს” გადაახდევინებს.
-
აღირიცხონ მიუსაფარი ცხოველები
2023 წლის დასაწყისში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ამბობდა, რომ კვლევა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყებოდა, თუმცა ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი გარემოებები უცნობია.