ფლანგვის დეტექტორმა მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირების მიერ სახელმწიფო ტენდერების მოგების არა ერთი შემთხევვა გამოააშკარავა. მათ შორის იყო ჭიათურაში ქართულ ოცნებასთან დაახლოებული გაგა (გაგალე) ბრეგვაძის კომპანიებიც, რომელთაც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი მიიღეს.
2020 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში მოთხრობილი იყო გაგალე ბრეგვაძის კავშირებზე ადგილობრივ მაღალჩინოსნებთან და შედეგად მოგებულ 6 ტენდერზე. ამ კვლევის გამოქვეყნებიდან 2 წლის თავზე ფლანგვის დეტექტორმა გამოაქვეყნა ახალი კვლევა, რითაც ირკვეოდა რომ 2014-2022 წლებში გაგა ბრეგვაძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი მიიღეს.
მიუხედავად ამ საკითხზე არაერთგზის გამოქვეყნებული კვლევისა, არც შესაბამისი ანტიკორუფციული ორგანიზაციები და არც ადგილობრივი თვითმმართველობები, ამ თემით არ დაინტერესებულან. გაგა ბრეგვაძესთან დაკავშირებული კომპანიები კვლავ აკრძელებენ სახელმწიფო ტენდერების მიღებას და მხოლოდ 2023 წელს სხვადასხვა საჯარო უწყებებმა მათთან 10,060,568 ლარის ხელშეკრულებები გააფორმეს. 2014-2023 წლებში გაგალე ბრეგაძისა და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ბიუჯეტიდან 26,078,400 ლარი მიიღო.
კომპანიები
შპს „გაგალე“-მ 2014 წელს 3 ტენდერში გაიმარჯვა და ბიუჯეტიდან 63,200 ლარი მიიღო. ამასთანავე, 2014-2019 წლებში კომპანიას 38,600 ლარის 4 გამარტივებული შესყიდვა გაუფორმეს. ყველა შემთხვევაში შემსყიდველი ჭიათურის მუნიციპალიტეტი იყო, რომელმაც აღნიშნული თანხები გაგალე ბრეგვაძის კომპანიას სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშოებისთვის ჩაურიცხა.
შპს „გაგალე 2018“ -მა 2018-2022 წლებში 27 სახელმწიფო ტენდერში გაიმარჯვა, მათ შორის 24-ში უკონკურენტოდ ან კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე. ჯამში ამ ტენდერებიდან შპს “გაგალე 2018”-მა 452,500 ლარი მიიღო. იმავე წლებში ამ კომპანიას 264,900 ლარის 28 გამარტივებული შესყიდვა გაუფორმეს.
ხოლო 2023 წელს ამ კომპანიამ ჭიათურის გაერთიანებული საბავშვო ბაღისგან 16,500 ლარის 3 გამარტივებული შესყიდვა კვლავ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ფლანგვის დეტექტორმა შესაძლო კორუფციაზე რამდენიმე კვლევა მოამზადა.
აღსანიშნავია, რომ 185,000 ლარის გამარტივებული შესყიდვა ჭიათურის მერიისგან ამ კომპანიამ 2020 წელს, პანდემიის პერიოდში მიიღო. ჯამში 2018-2023 წლებში შპს „გაგალე 2018“-მა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 733,900 ლარი მიიღო.
შპს „აპრილი 2015“ -მა 2015-2019 წლებში 261,750 ლარის 9 ტენდერში გაიმარჯვა, აქედან ექვს ტენდერში უკონკურენტოდ, ან კონკურენტის დისკვალიფიცკაციის ხარჯზე. იმავე წლებში შპს აპრილი 2015-მა 23,150 ლარის 7 გამარტივებული შესყიდვა მიიღო. აღსანიშნავია, რომ კომპანია ხან სამშენებლო მასალებს აწვდიდა შემსყიდველებს, ხან საკვებ პროდუქტებს. ჯამში, ამ კომპანიის მეშვეობით გაგალე ბრეგვაძემ ბიუჯეტიდან 2015-2019 წლებში 284,900 ლარი მიიღო. გაფორმებული 16 სახელმწიფო შესყიდვიდან 13 შემთხვევაში მისმა კომპანიამ ან უკონკურენტოდ გაიმარჯვა, ან გამარტივებული შესყიდვა მიიღო.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გაგალე ერთი და იგივე კომპანიით შემსყიდველს ხან სამშენებლო მასალებს აწვდიდა და სარეაბილიტაციო სამუშოებს უსრულებდა, ხანაც საკვებ პროდუქტებს აწვდიდა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ კომპანიას საქმიანობის გამოკვეთილი სფერო არ გააჩნია და იმის მიხედვით მუშაობს, თუ რა მომსახურების შესყიდვაში აპირებს ფულის დახარჯვას ჭიათურის მერია ან სხვა სახელმწიფო ორგანო.
გაგალე ბრეგვაძის სახელთან დაკავშირებული კიდევ ორი კომპანია არის შპს „გოლდ ენდ ბრო“ და შპს „მემორიალი“. ორივე კომპანიის ფორმალური მეპატრონე და დირექტორი ჭიათურის მკვიდრი ზვიად გელაშვილია. თუმცა მაგალითად შპს „მემორიალი“-ის შემთხვევაში, 2015 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერში კომპანიის იურიდიულ მისამართად მითითებული იყო გაგა ბრეგვაძის საცხოვრებელი სახლი, რასაც თავადაც არ უარყოფს ტვ ფორმულასთან ინტერვიუში. ხოლო შპს „გოლდ ენდ ბრო“-ს შემთხვევაში, 2020 წლის 11 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებაში დაინტერესებულ პირად გაგა ბრეგვაძე ფიგურირებს.
ამ ორი ფაქტით შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ გაგალე ბრეგვაძე ზვიად გელაშვილის სახელზე არსებულ ორ კომპანიასთანაც საკმაოდ მჭიდროდაა დაკავშირებული.
შპს „გოლდ ენდ ბრო“-მ 2015-2023 წლებში 148 ტენდერში გაიმარჯვა, რის შედეგადაც ამ კომპანიამ ბიუჯეტიდან 23,940,000 ლარი მიიღო. 2012-2019 წლებში მასთან აგრეთვე 514,700 ლარის 14 გამარტივებული შესყიდვა გაფორმდა. ყველა შემთხვევაში შემსყიდველი ჭიათურის მერია იყო. მოგებული 148 ტენდერიდან 124 შემთხვევაში მასთან ხელშეკრულება აგრეთვე ჭიათურის მერიამ გააფორმა,
ხოლო 148-დან 103 ტენდერში კომპანიამ ან უკონკურენტოდ, ან კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა, რაც კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ ხელშეკრულებები მასთან მორგებული პირობებით ფორმდება.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ბოლოს ფლანგვის დეტექტორმა მორიგი კვლევა გამოაქვეყნა ამ კომპანიის სავარაუდო კორუფციულ კავშირებზე. თუმცა ამის შემდეგაც შპს გოლ ენდ ბრო-მ კიდევ მრავალ ტენდერში გაიმარჯვა. კერძოდ, 2023 წელს კომპანიამ 10,060,568 ლარის 21 ტენდერში გაიმარჯვა. ცნობისთვის, 2021 წლის აგვისტოში შპს „გოლდ ენდ ბრო“-მ ქართულ ოცნებას 3,500 ლარი შეწირა.
რაც შეეხება შპს “მემორიალს”, რომლის თავდაპირველი რეგისტრაციის მისამართდ გაგალე ბრეგვაძის სახლი იყო მითითებული, ამ კომპანიამ 2017-18 წლებში 5 ტენდერში გაიმარჯვა. აქედან ორში – უკონკურენტოდ, რისთვისაც ბიუჯეტიდან 74,600 ლარი მიიღო. ყველა შემთხვევაში შემსყიდველი ჭიათურის მერია იყო. იმავე წლებში ამ კომპანიამ 46,100 ლარის ორი გამარტივებული შესყიდვა მიიღო ჭიათურის მუნიციპალიტეტისგან. ეს კომპანია მერიას სამშენებლო მასალებს აწვდიდა ან სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა.
2022 წლის სექტემბერიდან შეიცვალა ამ კომპანიის მფლობელი და მისი დასახელება, კერძოდ მისი დირექტორი და 100% წილის მფლობელი გახდა ჭიათურელი ბაჩო ჩალაძე. ამის შემდეგ ამ კომპანიამ მხოლოდ ერთი გამარტივებული შესყიდვა მიიღო საჩხერის მუნიციპალიტეტისგან 2023 წლის ივლისში, 35,500 ლარის ღირებულებით.
ჯამში გაგალე ბრეგვაძესთან დაკავშირებულმა ორმა კომპანიამ, რომლის ოფიციალური მეპატრონეც წარსულში ან ახლა ზვიად გელაშვილია 2015-2023 წლებში ბიუჯეტიდან ჯამში 23,961,900 ლარი მიიღო.
ტენდერების კრიტიკულ უმრავლესობაში ამ კომპანიაბმა უკონკურენტოდ ან კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ მოგებული 152 ხელშეკრულებიდან 129 შემთხვევაში შემსყიდველი ჭიათურის მერია იყო.
დასკვნა
ჭიათურაში ადგილობრივი მაღალჩინოსნების ახლობელთან, გაგალე ბრეგვაძესთან დაკავშირებულმა ხუთმა კომპანიამ 2014-2023 წლებში ბიუჯეტიდან ჯამში თითქმის 26,078,400 ლარი მიიღო. აქედან უშუალოდ მის სახელზე რეგისტრირებულმა სამმა კომპანიამ 1,116,000 ლარი, ხოლო მასთან დაკავშირებულმა ორმა კომპანიამ, რომლის ოფიციალური მეპატრონეც ზვიად გელაშვილია, 23,961,900 ლარი.
ამ ხუთ კომპანიასთან გაფორმებული 236 ხელშეკრულებიდან 193 შემთხვევაში კომპანიებს ან კონკურენტი არ ჰყავდათ, ან მათი დისკვალიფიკაცია ხდებოდა ან სულაც პირდაპირი შესყიდვა ხორციელდებოდა. ანუ შესყიდვების 82%-ში საქმე გვაქვს სავარაუდოდ მორგებული პირობებით დადებულ ხელშეკრულებებთან.
გაგალე ბრეგვაძე არ უარყოფს, რომ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირია. მას ფეისბუქგვერდზე უდევს ფოტოებიც, რომლებშიც ჭიათურის მერთან - გივი მოდებაძესთან, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილესთან და სხვა ადგილობრივ მაღალჩინოსნებთან ერთად არის წარმოდგენილი. ის აგრეთვე აქტიურად აზიარებს ქართული ოცნების მხარდამჭერ მასალებს მის ფეისბუქ გვერდზე. ადგილობრივების ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდში გაგალე ბრეგვაძე აქტიურადაა ჩართული ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიაშიც.
წყარო:
-
შპს „გოლდ ენდ ბრო“ (ს/კ 415590097)
-
შპს „მემორიალი“ (ს/კ 415594137)
-
შპს „აპრილი 2015“ (ს/კ 415593361)
-
შპს „გაგალე 2018“ (ს/კ 415596607)
-
შპს „გაგალე“ (ს/კ 415591942)