ვიქტორ სანიკიძის კომპანიას სახელმწიფო ქონება, 50 წლით, სრულიად უფასოდ გადაუფორმეს

ვიქტორ სანიკიძეს “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანების შემდეგ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება 50 წლით უფასოდ გადასცა. 

შპს ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემია 2020 წელს ამჟამინდელმა პარლამენტის წევრმა ვიქტორ სანიკიძემ დააარსა. წესდების თანახმად, კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენს. 

  • კალათბურთის განვითარების ხელშეწყობა;

  • ახალგაზრდების ჩართულობა სპორტულ აქტივობებში;

  • ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

კომპანიის დირექტორი თავად ვიქტორ სანიკიძე იყო, თუმცა გადეპუტატების შემდეგ, კანონის შესაბამისად, წილის მმართველად საკუთარი ძმა, ზურაბ სანიკიძე დანიშნა. 

კომპანიის თავდაპირველი საფირმო სახელწოდება “შპს ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემია” იყო, თუმცა სახელი შეიცვალა და არსებული მონაცემებით “შპს სანი სპორტს” ქვია.

კომპანიის დაარსებიდან 9 თვეში, ხოლო ვიქტორ სანიკიძის პარლამენტის წევრობიდან 5 თვეში, შპს ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემიას სახელმწიფომ უზუფრუქტით, 50 წლით გადასცა 12,858 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწა და მასზე განთავსებული 6,481 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობა. ქონება ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის დასახლებაში მდებარეობს

უზუფრუქტი გარკვეული დროის პერიოდით საკუთრების უფლების მინიჭებაა იმ განსხვავებით, რომ პირს არ აქვს ამ ნივთის გასხვისების, დაგირავების ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება. შესაბამისად, მომავალი 50 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს ეს საკუთრება ვიქტორ სანიკიძის კომპანიის განკარგულებაში იქნება, თუმცა ვერ შეძლებს საკუთრების დაგირავებას, გასხვისებას და მემკვიდრეობით გადაცემას. ეს ყველაფერი ვიქტორ სანიკიძეს 0 ლარი დაუჯდა. 

ხელშეკრულების თანახმად შპს ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემიას რამდენიმე ვალდებულება დაეკისრა. 

  • ქონებაზე ან მის ნაწილზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში უზრუნველყოს სპორტული ცენტრის მოწყობა და ცენტრის ფუნქციონირება;

  • უზრუნველყოს ქონებით სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში ქონების სპორტული პროფილით გამოყენება;

  • უზრუნველყოს სოც.დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული არანაკლებ 50 პირის სპორტული ცენტრით უსასყიდლოთ სარგებლობის შესაძლებლობა;

  • უზრუნველყოს საქართველოს ქალთა და ვაჟთა ეროვნული ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის სპორტსმენისათვის უფასო სავარჯიშო დროის გამოყოფა;

  • უზრუნველყოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პირისან/და ქალაქის მერიის მიერ წინასწარ შეტყობინების შემთხვევაში, მისთვის ყოველწლიურად არაუმეტეს ორდღიანი, 15 ღონისძიების უსასყიდლოდ ჩატარების შესაძლებლობის მიცემა;

  • არასრულწლოვან სპორტსმენთა მომზადების გადასახადის განსაზღვრის დროს უზრუნველყოს სწავლების ხარისხის შესაბამისად, სპორტის სახეობის - კალათბურთის ხელმისაწვდომობის გათვალისწინება;

  • უზრუნველყოს საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციასთან სპორტული ცენტრის უსასყიდლოდ სარგებლობა.

აღსანიშნავია, რომ თავად შენობის მშენებლობა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა 2015-ის ფარგლებში დაიწყო. როგორც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურიის დოკუმენტებიდან ირკვევა, ფესტივალის ფარგლებში შესაბამისი სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება 2014 წელს მიიღეს, რის შედეგადაც ააიპ “თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015 საორგანიზაციო კომიტეტმა” შესაბამის სამსახურს მშენებლობის ნებართვის მისაღებად მიმართა.