ბოლნისის მერის, დავით შერაზადაშვილის სიძის - დავით ხმელიძის კომპანია შპს დევეპლიუსი წლებია, მეტწილად უკონკურენტო გარემოში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, გარე განათების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს იგებს.
გამონაკლისი არც 2023 წელი ყოფილა:
2023 წლის იანვარში შპს დევეპლიუსმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. კომპანიას 2023 წლის განმავლობაში ბოლნისის ტერიტორიაზე გარე განათების საექსპლუატაციო მომსახურება დაევალა. ტენდერის ერთადერთი მონაწილე შპს დევეპლიუსი იყო და მასთან 439,000-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეა.
მეორე ტენდერი შპს დევეპლიუსმა 2023 წლის სექტემბერში მოიგო, ისევ ბოლნისის მუნიციპალიტეტის და ისევ უკონკურენტოდ. ამჯერად, ბოლნისის მერის სიძის კომპანიას მუნიციპალიტეტის ცენტრალური ქუჩის გარე განათების რეაბილიტაციის სამუშაოები დაევალა და ხელშეკრულების თანხად 194,760 ლარი განისაზღვრა.
კონტექსტი
Შპს დევეპლიუსის დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი ბოლნისის მერის, დავით შერაზადიშვილის სიძე - დავით ხმელიძეა. მას შემდეგ, რაც დავით შერაზადიშვილი 2014 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ დაინიშნა, შპს დევეპლიუსმა 35 ტენდერიდან 29-ში გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ 35 ტენდერიდან 25 ხმელიძის კომპანიას უკონკურენტოდ აქვს მოგებული და თითოეული მათგანი სწორედ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ არის გამოცხადებული.
ჯამში, შპს დევეპლიუსს 40 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული (გამოდის, რომ მხოლოდ 5-ში დავით შერაზადაშვილის თანამდებობაზე დანიშვნამდე) და აქედან, 35-ში გაიმარჯვა. Სატენდერო Ხელშეკრულებების გზით ხმელიძის კომპანია აღნიშნულ 35 შემთხვევაში ჯამურად 5,118,270 ლარს იღებს.
აშკარაა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და შპს დევეპლიუსის ურთიერთობა 10 წლის წინ დაიწყო და შერაზადიშვილის კარიერულ წინსვლის პარალელურად განვითარდა.
ბოლნისის მერი, დავით შერაზადიშვილი 2014 წლიდან გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2017 წელს იგი გამგებლის თანამდებობაზე აირჩიეს. იმავე წლის ნოემბრიდან კი მერის თანამდებობას იკავებს.
წყარო:
-
ტენდერი 1 - SPA220003255
-
ტენდერი 2 - NAT230018963
-
ტენდერი 3 - SPA210003454
-
2021 წლის კვლევა - https://shorturl.at/mDKQ