2018-2023 წლებში თბილისის მერიამ ₾20 მილიონამდე დახარჯა სააგენტოზე, რომელიც მეტწილად მის პიარს ემსახურება

2018-2023 თბილისის მერიამ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მუხლით (07 02 04) ბიუჯეტიდან 19,744,100 ლარი დახარჯა. აღნიშნული მუხლით დაფინანსება გამოიყოფა ა(ა)იპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოსთვის. თავის მხრივ, ა(ა)იპ “საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო”, თბილისის მერიის მიერ, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და დანაყოფების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების გააერთიანებით შეიქმნა. 

სააგენტოს შექმნისას მერმა, კახა კალაძემ განაცხადა: "მერიას ჰყავს ბევრი დაქვემდებარებული უწყება და თითოეული მათგანი აწარმოებდა საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ განხორციელდეს ერთიანი, მაღალი სტანდარტით საზოგადოებასთან კომუნიკაცია. სწორედ ამიტომ ვხსნით ახალ ააიპ-ს და ყველა ის თანამშრომელი გადმოყვანილი იქნება, ამ ააიპ-ში და მოსახლეობასთან კომუნიკაციის მაღალი სტანდარტი დაინერგება“.  ამასთანავე, მერმა აღნიშნა, რომ ყველა გამგეობასა თუ სამსახურს თავისი პიარი ჰყავდა და არ იგრძნობოდა ერთიანი ხაზი, რაც იწვევდა გარკვეულ პრობლემებს.

ა(ა)იპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოში 18 ადამიანია დასაქმებული. მათი შრომის ანაზრაურებაზე 2018-2023 წლებში 3,724,300 ლარი გამოიყო. 

წელი/დაფინანსება/შრომის ანაზღაურება:

2023 (6თვე)  - 1,240 000 - 367,312 

2022 - 2, 855 600 -  714,999

2021 - 2, 341 700 - 649 364

2020 - 2,884 500  - 592,900

2019 - 4,078 600 - 592,500

2018 - 2,717 500 - 512,700

დაფუძნებიდან დღემდე სააგენტოს დირექტორის პოზიციას უცვლელად ეკატერინე ჯოჯუა იკავებს. 2018-2022 წლებში მას ხელფასის სახით მიღებული აქვს 290,524 ლარი. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2022 წელს შრომის ანაზღაურების სახით ეკატერინე ჯოჯუამ მანძილზე 62,898 ლარი მიიღო. შესაბამისად, მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 5,241 ლარს უტოლდება. სააგენტოს დირექტორის შრომის ანაზღაურება 2-ჯერ აღემატება, თავად თბილისის მერის შრომის ანაზღაურებას. კახა კალაძემ 2022 წელს შრომის ანაზღაურების სახით 30,680 ლარი მიიღო. 

წესდების თანახმად  ორგანიზაციის მიზანია საკომუნიკაციო სისტემის შექმნა, საზოგადოებასთნ ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება, მერიის საქმინობის შესახებ მოსახლეობის მედიის ინფორმირება და სხვა. საინტერესოა, რამდენად ახორციელებს სააგენტო მიზნებს და როგორ უზრუნველყოფს მაღალი ხარისხით ინფორმაციის მიწოდებას მოქალაქეებისთვის ან რა სახის ინფორმაციას აწვდის. 

როგორც ეს თბილისის მერიის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებიდან ჩანს, თანხების უდიდესი ნაწილი სოციალური ქსელებით ინფორმაციის გავრცელებასა და სხვადასხვა ვიდეორგოლების დამზადებაზე იხარჯება. რაც შეეხება თავად ინფორმაციის შინაარსს, ძირითად შემთვევაში ვიდეო-რგოლები მერიის მიერ განხორციელებულ ან დაგეგმილ პროექტებს ეხება, ანაც ახალი წლისა და სადღესასწაულო მილოცვებს. 

მაგალითად თბილისის მერიის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით 552,900 ლარი დაიხარჯა შემდეგ თემების გაშუქებაში: პირდაპირი ეთერით ღონისძიებების (საახალწლო გალა კონცერტი, ახალი სამარშრუტო ტაქსების პრეზენტაცია, ვარკეთილის ახალი პარკის გახსნა, ქალაქის დასუფთავებისთვის შეძენილი ტექნიკის და სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია, თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში გალა კონცერტი/საპატიო თბილისელის დაჯილდოება, ახალი წლის დღესასწაულის ფარგლებში ნაძვის ხის ანთება/საახალწლო სოფლის გახსნა) გადაცემა და ვიდეორგოლების განთავსება საეთერო სივრცეში.

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე თვალის გადავლებით ნათელი ხდება, რომ სამსახურის მიზანი არა მხოლოდ ინფორმაციის მაღალი ხარისხით გავრცელებაა, არამედ მერიის პიარ-კამპანიაა. მაგალითად 2021 წელს დამზადებული და გავრცელებული 171 ვიდეორგოლიდან, 101 რგოლი სწორედ საიმიჯო რგოლი იყო, საინფორმაციო კი მხოლოდ 67. 

თბილისის მერია აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელს, განსაკუთრებით facebook-ს. როგორც მერია 2019, 2020 და 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში მიუთითებს, ჯამში სოციალურ ქსელებში ინფორმაციის განსათავსებლად 304,100 ლარი დახარჯა. 

სოციალური ქსელების აქტიურ გამოყენებაზე მერიის მიერ დარეკლამებული ნიუსების რაოდენობაც მიანიშნებს. მაგალითად, 2020 წლის 4 აგვისტოდან, 2023 წლის 1 ნოემბრამდე თბილისის მერიამ facebook რეკლამირებისთვის 12,129 აშშ დოლარი დახარჯა. 

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის გეგმის თანახმად საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბიუჯეტიდან  5,022,400 ლარის დახარჯვა იყო გათვალისწინებული. ნაკლები თანხების დახარჯვას გეგმავს მერია ისეთ პროგრამებში/ქვეპროგრამებში როგორიც არის:

  • პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა - 250, 000 ლარი

  • კეთილმოწყობის ღონისძიებები კრწანისის რაიონში - 3,800,000

  • ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 2,029,500

  • თბილისში შემომყვანი ტურიზმის მხარდაჭერა - 480,000

ნათელია, რომ თბილისის მერიის მთავარ მიზანს სწორედ რომ სტრუქტურის პოპულარიზაცია წარმოადგენს და შედარებით ნაკლებ თანხას ხარჯავს ისეთ პროგრამებზე, რაც მოსახლეობისთვის დადებითი შედეგის მომტანი იქნებოდა.

 

წყარო:

1. ბიუჯეტი  https://shorturl.at/afB46 

2. დეკლარაცია https://shorturl.at/bduyK 

3. მერის განცხადება https://shorturl.at/goyH6