12 მარტს, ჭიათურაში, ახალი ეკოლოგიური პროექტის და შპს "ჯორჯიან მანგანეზის" მულტიფუნქციური ცენტრის შექმნის შესახებ დისკუსია გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, ადგილზე მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა “ჯორჯიან მანგანეზს” შემდეგი მოთხოვნები გააცნეს:
1) 2019 წელს, კომპანიის გადაწყვეტილებით გაჩერებული 11 საბაგირო გზის ეტაპობრივი რეაბილიტაცია;
2) სახელმწიფოს და შპს "ჯორჯიან მანგანეზს" შორის ოფიციალური შეთანხმების გაფორმება დაზარალებული მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურების შესახებ;
3) კომპლექსური მუშაობა ეკოლოგიური პრობლემების და შრომითი უფლებების საკითხებზე "ჯორჯიან მანგანეზის" შესაბამის სამსახურებთან;
4) ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ყოფილი შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება და მულტიფუნქციური ცენტრის სამომავლო საქმიანობა.
სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში შპს "ჯორჯიან მანგანეზთან" ერთად ჩართულნი უნდა იყვნენ ჭიათურაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი ხელისუფლება და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.
დისკუსია "მმართველობის მონიტორინგის ცენტრის" (GMC) და ასოციაცია "მხარდამხარის" ორგანიზებით მიმდინარეობდა. ეკოლოგიასთან დაკავშირებულ მწვავე საკითხებზე საჯარო შეხვედრები სამომავლოდაც გაგრძელდება.
პროექტის მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.