Შესყიდვების შავი სია: გვაქვს, მაგრამ მუშაობს?

ავტორი: ანა აბაშიძე

საქართველოში შესყიდვების სააგენტო “შავ სიას” აწარმოებს, რომლის ფარგლებშიც არაკეთილსიდნისიერ კომპანიებს და ინდმეწარმეებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლებას დროებით უჩერდებათ. მიუხედავად ამისა, სასჯელის სახით დაწესებული 1-წლიანი ვადა რიგ შემთხვევებში ბოლომდე არ არის დაცული. აგრეთვე, შავ სიაში მოხვედრილი კომპანიის მფლობელს კანონმდებლობა არ უკრძალავს ახალი შპს-ების დაარსებას. ამრიგად, შავ სიაში მყოფები ახერხებენ, შესაძლო კორუფციული გზებით უწყვეტი საბიუჯეტო სარგებელი “დასჯის” მიუხედავად ჰქონდეთ. 

საქართველოში სახელმწიფო შესყიდვებში კომპანიებისა, თუ ინდᲛეწარმეების არაკეთილსინდისიერ ქმედებებს შესყიდვების შავი სია არეგულირებს. 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანების მიხედვით, შავ სიაში პრეტენდენტის დარეგისტრირების საფუძველია “თუ იგი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო”. ამასთან ერთად, შავ სიაში მოხვედრის საფუძველი შესაძლოა გახდეს ხელშეკრულების პირობების არაჯეროვნად შესრულებაც.

Სასჯელი შემდეგნაირია - შავ სიაში მოხვედრილ კომპანიას 1 წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა ეკრძალება. Რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, შემსყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე გადაამოწმოს, ხომ არ იმყოფება პრეტენდენტი შავ სიაში, რადგან ამ შემთხვევაში ასევე აკრძალულია მასთან თანამშრომლობა ტენდერის გვერდის ავლის გზითაც.

Შავი სიის იმ ფორმით არსებობას, პრობლემები ახლავს, თუმცა ნაკლოვანებების გასასწორებლად სახელმწიფოს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმის სურვილი ჯერჯერობით არ გამოუხატავს. 

Შესყიდვების სააგენტო ყოველწლიურად აქვეყნებს საქმიანობის შესრულების ანგარიშს, სადაც შესაძლებელია ვნახოთ კონკრეტულ წელიწადს რამდენი კომპანია მოხვდა შავ სიაში, ხოლო რამდენს მიეცა გაფრთხილება. წლების განმვლობაში შავ სიაში მოხვედრილ კომპანიების ჯამურ რაოდენობას არა შემცირების, არამედ ზრდის ტენდენცია აქვს, ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ შესყიდვების შავი სია პრევენციულობის ხასიათს ნაკლებად ატარებს, ანუ საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებს.  

სააგენტო 2014 წლის შემდეგ შავ სიაში მოხვედრილი კომპანიების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთ მიზეზად პრაქტიკის ცვლილებას ასახელებს, რომლის მიხედვით კომპანიებს გაფრთხილება ორის ნაცვლად, ერთხელ ეძლევათ. მათი ვერსიით, ეს ზრდის შავ სიაში მოხვედრის შანსს, გაცემული გაფრთხილებების რაოდენობას კი ამცირებს.

თუმცა პრაქტიკის ცვლილება ზრდის ხარისხს სრულად ვერ ხსნის და ლოგიკურია დაშვება, რომ შესყიდვების შავი სიის არსებული ფორმა არ არის საუკეთესო არაკეთილსინდისიერი საქმიანობის პრევენციისთვის.


   წყარო: შესყიდვების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია

უფრო სიღრმისეული კვლევის მიზნით, ფლანგვის დეტექტორმა შესყიდვების სააგენტოს წერილით მიმართა, გამოეგზავნათ 2017-2018 წლებში შავ სიაში შეყვანილი კომპანიების სია. უწყებამ ნაკლული სიები გამოგვიგზავნა და ისინი კომპანიების/ინდ. მეწარმეების დაახლოებით მეათედს მოიცავს, თუმცა საინტერესო მიგნებების გაკეთება ნაკლულ მონაცემებზე დაყრდნობითაც შეიძლება.

 

2017 წელი

Შესყიდვების სააგენტომ 2017 წელს შავ სიაში მოხვდრილ 41 კომპანიაზე/ინდ.მეწარმეზე მოგვაწოდა ინფორმაცია. შავ სიაში მოხვედრილ კომპანიებს 1 წლის მერე სრული უფლება აქვთ დაბრუნდნენ სახელმწიფო შესყიდვებში, თუმცა რიგი გარემოებები კითხვებს ბადებს - მაგალითად, როდესაც შავი სიიდან ამოსვლიდან ძალიან მოკლე პერიოდში კომპანია/ინდ.მეწარმე იწყებს ტენდერების მოგებას, იმის ცოდნის გარეშე, გამოასწორა თუ არა კომპანიამ/ინდ.მეწარმემ პრობლემები, რის გამოც თავის დროზე შავ სიაში მოხვდა. გარდა ამისა, ორი კომპანიის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ მან შესყიდვებში ოპერირება ერთწლიანი ვადის დასრულებამდე დაიწყო, რაც წესით შეუძლებელი უნდა იყოს, რადგან კომპანიას/ფიზიკურ პირს ამის გაკეთება ავტომატურად არ უნდა შეეძლოს.

 

Შპს ბზა

Შპს ბზა შესყიდვების შავ სიაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განცხადების საფუძველზე 2017 წლის 22 თებერვალს მოხვდა. Სიაში მოხვედრის მიზეზი ხელშეკრულებით ნაკისრები ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება იყო. 2016 წლის მარტში შპს ბზამ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტენდერში გაიმარჯვა, რომლის მიხედვითაც 647,467 ლარად ერთ-ერთი საჯარო სკოლა 2017 წლის აგვისტომდე უნდა გაერემონტებინა. თუმცა 2016 წლის დეკემბერისთვის, შპს ბზას ნაცვლად 70%-სა ვალდებულებების მხოლოდ 12% ჰქონდა შესრულებული, რის გამოც მასთან ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა, კომპანიას ჯარიმა დაეკისრა, მოგვიანებით კი ამ მიზეზით შავ სიაში მოხვდა.

Მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციის მიხედვით შპს ბზას შავ სიაში ყოფნის ვადა ზუსტად 1 წელიწადში - 2018 წლის 22 თებერვალს უნდა გასვლოდა, სახელმწიფო შესყიდვებში შეგვიძლია ვნახოთ, რომ კომპანია ტენდერებში ოპერირებას მანამდე იწყებს. Შავ სიაში მოხვედრის შემდეგ, შპს ბზამ პირველი ტენდერი 2017 წლის ივნისში მოიგო, ისევ აჭარის ფარგლებში, ამჟამად ქედის მუნიციპალიტეტში, 31,478 ლარის ოდენობის. ამავე წლის ამავე თვეში კომპანიამ ბევრად უფრო მსხვილი - 777,080 ლარიანი ტენდერი მოიგო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან. ორივე შემთხვევაში შესყიდვა სარემონტო სამუშაოების შესრულების ვალდებულებას ითვალისწინებდა. Შავ სიაში მოხვედრის შემდეგ შპს ბზამ 11 სახელმწიფო შესყიდვაში გაიმარჯვა, რაშიც ჯამში 3,577,704 მილიონი ლარი მიიღო.

Საინტერესოა ის გარემოებაც, რომ შპს ბზას დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი, სავარაუდოდ, არის სატენდერო კომისიის წევრიც.

 

Შპს საქგაზმეცნიერება 

Შპს საქგაზმეცნიერება კიდევ ერთი კომპანიაა, რომელიც 2017 წელს შავ სიაში შეიყვანეს და სახელმწიფო შესყიდვებში ოპერირება იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე 1 წლიანი ვადის სრულად გასვლის შემთხვევაში მოუწევდა.

კომპანია შავ სიაში ხელშეკრულების პირობების არაჯეროვნად შესრულებისთვის მოხვდა - მათ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 65,000-ლარიანი ტენდერის ფარგლებში გზების, ხიდის და ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოემზადებინათ, თუმცა აღნიშნული ვერ გააკეთეს და შემსყიდველისგან სამუშაოების ვადის გაგრძელებაზე უარი მიიღეს. 

Შესყიდვების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შპს საქგზამეცნიერება შავ სიაში 2017 წლის 10 მარტს შეიყვანეს, ანუ ვადა კომპანიას 2018 წლის 10 მარტს უნდა გასვლოდა, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ვნახულობთ, რომ 2018 წლის 3 მარტს შპს საგზამეცნიერებამ ინფრასტრუქტურის სამინისტოს მიერ გამოცხადებულ 448,000-ლარიან ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა და მალევე მოიგო მუნიციპალური განვითარების ფონდის 285,560-ლარიანი ტენდერიც. ჯამში კომპანიას შავ სიაში მოხვედრიდან დღემდე 6,451,335 ლარის ოდენობის 34 ტენდერი აქვს მოგებული, მათგან ბევრია უკონკურენტოდ მონაწილეობის შემთხვევებიც.

 

2018 წელი

Მსგავსად 2017 წლისა, შესყიდვების სააგენტომ 2018 წლის შემთხვევაშიც შეკითხვაზე არასრული პასუხი გაგვცა და შავ სიაში აღნიშნულ წელს დარეგისტრირებული ნაკლული სია მოგვაწოდა, რომელშიც 40 კომპანია/ინდ.მეწარმეა შეყვანილი. თუმცა, ამ სიაზე დაყრდნობითაც ჩანს, რომ ის საეჭვო გარემობები და პრობლემები, რაც 2017 წელს არსებობდა, კვლავ უცვლელად რჩება. გარდა ამისა, გამოიკვეთა შავ სიებთან დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემა, რაც ქვემოთ მოყვანილი კომპანიების ექსკლუზიური შემთხვევა არ არის და მსგავს გარემობებს ხშირად შეიძლება გადავაწყდეთ.

 

Შპს სუპერ ჯგუფი ლდბჯ/შპს თათა

2018 წელს შესყიდვების შავ სიაში ხაშურის მუნიციპალიტეტის განაცხადის საფუძველზე შპს სუპერ ჯგუფი ლდბჯ მოხვდა, რომელმაც ვერ შეასრულა ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული კომპანია ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან არის დაკავშირებული და 2015-2018 წლებში ყველა ტენდერი ხაშურის მუნიციპალიტეტში აქვს მოგებული - ჯამური თანხით 287,307 ლარი.

Ხაშურის მუნიციპალიტეტმა ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერი ხელახლა გამოაცხადა და იქ ლევან გამრეკელის მეორე კომპანია შპს თა-თამ გაიმარჯვა, რომლის დირექტორიც 2018 წლის იანვრამდე თავად ლევან გამრეკელი იყო, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი მისი ცოლია. Შპს თა-თას ტენდერებში მონაწილეობის ისტორია 2016 წლიდან 2018 წლამდე პერიოდს მოიცავს, რის განმავლობაშიც 33-დან 15 ტენდერში გაიმარჯვა და 1,555,528 ლარი მიიღო. 2018 წლის შემდეგ შპს თა-თა ტენდერებში აღარ ფიგურირებს, რადგან მსგავსად შპს სუპერ ჯგუფი ლდბჯ-სი, შესყიდვების შავ სიაში მოხვდა.

Შპს თა-თა 2018 წლის 16 ოქტომბერს შავ სიაში დარეგისტრირდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტთან დადებული ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო, კერძოდ კი სამუშაოების ვადების უხეში დარღვევის გამო. თუმცა ლევან გამრეკელი ვერც შპს თა-თას შავ სიაში შეყვანამ შეაჩერა და სახელდახელოდ შექმნილი და შვილზე გაფორმებული კომპანიით - შპს ბილდერი 2018-ით დაიწყო ოპერირება. კომპანია რეგისტრირებულია 2018 წლის 25 აპრილს, ლევან გამრეკელის შვილის, 1999 წელს დაბადებული თამაზ გამრეკელის სახელზე (2019 წლის ნოემბეიდან მესაკუთრე შეიცვალა). 2018 წლის ბოლოდან 2020 წლამდე კომპანიას 17 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 6 ში გაიმარჯვა და ჯამში 757,701 ლარის ხელშეკრულებები გაუფორმდა.

გამოვიდა, რომ იცვლებოდა კომპანიების სახელები, თუმცა არ იცვლებოდნენ მათ უკან მდგომი პირები, შესაბამისად, ამ შემთხვევაში შესყიდვების შავი სია არ იყო ქმედითი კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედებების აღვკვეთისთვის.

 

Შპს გრინსერვისის საქმე

Შავი სიიის ნაკლოვანებებზე საუბრისას, აუცილებელია ვახსენოთ შპს გრინსერვისი/შპს გრინსერვისი+ საქმე.

2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა შპს გრინსერვისი+-ის სახელი. ვაკის პარკსა და უშუალოდ შადრევანს სარებალიტაციო საქმეები სწორედ შპს გრინსერვისი+-მა ჩაუტარა. თუმცა, სანამ გაჩნდებოდა შპს გრინსერვისი+, არსებობდა შპს გრინსერვისი, რომელიც ზუსტად იგივე ადამიანების მიერ იყო შექმნილი და პროფილურად იდენტურ საქმიანობას ეწეოდა.

Შპს გრინსერვისი მათ შორის, ლაშა ფურცხვანიძემ და კობა ხარშილაძემ 2007 წლის მაისში დაარსეს. 3 წლის შემდეგ, იმავე ადამიანებმა დაარსეს შპს გრინსერვისი+, თუმცა აღნიშნული კომპანია ტენდერებში მონაწილეობას არ იღებდა, სანამ თავდაპირველი - შპს გრინსერვისი 2012 წელს შესყიდვების შავ სიაში არ აღმოჩნდა.

2013 წლის 16 დეკემბერს, შპს გრინსერვისის საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ლაშა ფურცვანიძე და კობა ხარშილაძე დააკავა. Მათ ბრალად  სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედებოდათ. ლაშა ფურცხვანიძე და კობა ხარშილაძე ეტაპობრივად გაათავისუფლეს, მათმა მეორე კომპანიამ - შპს გრინსერვისი+-მა კი 2013 წლიდან ტენდერებში აქტიური მონაწილეობა და გამარჯვება დაიწყო და 2022 წლის ჩათვლით ჯამში 73 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

Შავი სიის ქმედითუუნარობის ისტორია აქ არ სრულდება. ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის გრინსერვისი+-ს კონტრაქტორ კომპანიად დაქირავებული ჰყავდა შპს სამშენებლო ექსპერტიზის ბიურო. Სწორედ აღნიშნულმა შპს-მ შეამოწმა ის შადრევანი, რომელმაც მოგვიანებით გაუმართაობის გამო ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. Შპს სამშენებლო ექსპერტიზა მუნიციპალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩაერთო, მიუხედავად მისი შავ სიაში ყოფნისა - 2022 წლის აპრილიდან, რისი მიზეზიც ერთ-ერთ ტენდერში ექსპერტად გარდაცვლილი ადამიანის ჩაწერა იყო.

გამოდის, წარსულში შავ სიაში მყოფი კომპანიის იდენტურ ვერსიას (წარსულში შპს გრინსერვისი, აწმყოში შპს გრინსერვისი +)  თბილისის მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტაცია ჩააბარა. კომპანიამ კონტრაქტორად შავ სიაში მიმდენარედ მყოფი შპს იქირავა, რადგან შესყიდვების შავი სია კერძო -  სახელმწიფო შესყიდვების მიღმა არსებულ შემთხვევებზე არ ვრცელდება, თუნდაც სამუშაო სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით ტარდებოდეს.

 

როგორია საუკეთესო პრაქტიკა?

Როგორია შესყიდვების შავი სიის საუკეთესო პრაქტიკა ამაზე ერთგვაროვანი რეცეპტის პოვნა რთულია, თუმცა წლებია ევროკავშირი და მის ფარგლებში არსებული ორგანიზაციები მუშაობენ ისეთი რეკომენდაციებისა და დირექტივების შედგენაზე, რაც მეტნაკლებად მოერგება წევრი ქვეყნების სისტემებს.

ევროკავშირის 2015 წლი დირექტივის მიხედვით, კორუფციასა და არაკეთილსინდისიერ ქმედებებში მხილებულ პირებს უნდა შეეზღუდოთ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა და რიგ შემთხვევებაში სრულად აეკრძალოთ კიდეც. კავშირი თვლის, რომ აუცილებელია შეიქმნას საერთო ბაზა, სადაც კორუფციაში მხილებული ადამიანები მოხვდებიან, რათა შემდგომში მათ  სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა შეეზღუდოთ.

“Შეზღუდვების გამოყენება, ძირითადი შეზღუდვის ჩათვლით -  პროპორციული დროით სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აკრძალვა არის წახალისებული ევროკავშირის მიერ კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში. ევროპის კომისიამ, ევროპის საინვესტიციო ბანკმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა შექმნან საერთო სია ევროკავშირის “საზღვრების” ფარგლებში, რომელშიც შეტანილი მონაცემები უზრუნელყოფს, რომ EU-ს ტერიტორიაზე სახელმწიფო ტენდერებში კორუფციიაში მხილებულმა ადამიანებმა მონაწილეობა ვერ მიიღონ. უპირველეს ყოვლისა, მსგავსი შეზღუდვები უნდა გავრცელდეს კომპანიებზე, რომლებიც არასწორ ქმედებებში არიან შემჩნეულნი, ან არ იღებენ ანტი-კორუფციულ პრევენციულ ზომებს”. - წერია ევროკავშირის 2015 წლის დირექტივაში.

მაგალითად, ევროკავშირის დირექტივების გათვალისწინებით მიიღო მალტამ 2016 წელს სახელმწიფო შესყიდვების რეგულირების პაკეტი, რომელშიც, მათ შორის, შესყიდვების შავ სიაზეც არის საუბარი. Რეგულაციების მიხედვით, მალტის ფინანსთა სამინისტროში არსებული “კომერციული სანქციების ტრიბუნალი” განიხილავს საკითხებს ეკონომიკური აქტორების შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით და ნებისმიერი აქტორს, რომელიც დაარღვევს სახელმწიფო შესყიდვების რეგულირების რომელიმე პუნქტს, ყველა მიმდინარე ხელშეკრულება შეუწყდება. Შავ სიაში მოხვედრილ ეკონომიკურ აქტორებს შესყიდვებში მონაწილეობა ვადით - 6 თვიდან 2 წლამდე ეკრძალდებათ.

2021 წელს სხვადასხვა ინდუსტრიაში დასაქმებულთა ადამიანთა ჯგუფმა, რომლებიც სახელწიფო შესყიდვებშიც მონაწილეობენ, გამოაქვეყნეს ანგარიში მალტის რეგულირების პაკეტის შესახებ და მათ შორის, შავ სიაზეც. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე პრობლემურ საკითხზე და მათ შორის არის, ტენდერებში ისეთი აქტორების მონაწილეობა, რომლებიც გადასახადებს თავს არიდებენ. Სამუშაო ჯგუფი წერს, რომ მიუხედავად არსებული ჩანაწერისა, რომ ასეთ კომპანიებს/პირებს არ უნდა ჰქონდეთ ტენდერებში მონაწილეობის უფლება, გადაწეყვეტილების მიმღებთა ნაწილს ჰქონდა აღქმა, რომ მათ მაინც შეეძლოთ შესყიდვებში მონაწილეობის გაგრძელება და ხელშეკრულებები კვლავ უფორმდებოდათ. Პრობლემის მოსაგვარებლად, სამუშაო ჯგუფი მოუწოდებდა მალტის სამთავრობო უწყებებს, რომ შეექმნათ ისეთი სისტემა, სადაც მსგავს პრობლემებში შემჩნეული ეკონომიკური აქტორები ტენდერებში მონაწილეობას ავტომატურად ვერ მიიღებდნენ.

Შესყიდვების შავ სიას რომ პრევენციული ხასიათი უნდა ჰქონდეს, ამას წერს არასამთავრობო ორგანიზაცია Democracy plus ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ კვლევაში, სადაც კოსოვოს მაგალითია მიმოხილული.

“დისკვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვებიდან, გარდა იმისა, რომ არის სანქცია, ასევე ემსახურება თაღლითური პრაქტიკების პრევენციას, რადგან ის ეკონომიკური აქტორებისთვის რისკია დაკარგონ შემოსავალი და დაიზიანონ რეპუტაცია”. - წერია კვლევაში.

Შავი სიის არსებობა ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიჩნეული აქვს, როგორც “ევროკავშირის თანხის დაზოგვა”. 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფინანსები და ხარჯვის ნაწილია მიმოხილული, ევროპის აუდიტორთა სასამართლო წერს:

“Შავი სია არის მიღებული ღონისძიება, რომელიც ახდენს თაღლითობის პრევენციას. ევროკავშირი ცდილობს შეზღუდოს არასანდრო მხარეებთან თანამშრომლობა, მაგალითად, თაღლითობაში, კორუფციასა, ან სხვა ფინანსურ დარღვევებში მხილებულებთან. Ჩვენმა აუდიტმა შეაფასა, არის თუ არა შავი სია ეფექტურად გამოყენებული ევროკავშირის ბიუჯეტის დასაცავად. Ჩვენი პასუხია, რომ არსებული სისტემა არ არის ეფექტური, რადგან არ არსებობს სხვადასხვა სახის საგადახადო სისტემებზე მორგებული საერთო, შეთანხმებული ვალდებულებები”

 

Რეკომენდაციები

საქართველოში შავი სია სათანადოდ ვერ ასრულებს საკუთარ ფუნქციას, რადგან მონაცემების მიხედვით - არც პრევენციული ხასიათის მატარებელია და არც სიაში მოხვედრილი ეკონომიკური აქტორებისთვის არის საკმარისი ფინანსური, თუ რეპუტაციული ზიანი.

იმისთვის, რომ შესყიდვების შავი სია მართლაც იქცეს ქმედით ინსტრუმენტად და შეძლოს კომპანიების/ინდ. Მეწარმეების მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედებების სახელმწიფო შესყიდვებში ჩადენის პრევენცია, საჭიროა გატარდეს შემდეგი ცვლილებები:

  1. ტენდერებიდან აკრძალვა გავრცელდეს არა მხოლოდ კომპანიაზე, არამეც მფლობელსა და დირექტორზეც, რათა ადგილი არ ჰქონდეს სხვა კომპანიის დაფუძნებით შესყიდვებში კვლავ მონაწილეობას;

  2. გაფრთხილების მომენტიდან  შავ სიაში შეყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიას/ფიზიკურ პირს ისევე შეეზღუდოს შესყიდვებში მონაწილეობა, როგორც შავ სიაში მოხვედრის შემთხვევაში;

  3. კომპანია დავალდებულდეს შავ სიაში ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ წარმოადგინოს, როგორ მოგვარდა ის პრობლემა/პრობლემები, რამაც ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულება გამოიწვია;

  4. აეკრძალოთ შავ სიაში მყოფ კომპანიებს სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული კომპანიების კონტრაქტორებად ყოფნა;

  5. Შემუშავდეს სახელმწიფო შესყიდვებიდან დაბლოკვის რამდენიმე ვადა და კომპანიას მიენიჭოს იმის მიხედვით, რამდენად მძიმეა დარღვევა.