2021-2023-ში ხარაგაულის ბიუჯეტიდან ₾348 ათასი მიიღო პირმა, რომლის უკან, სავარაუდოდ, ხარაგაულის მერის ოჯახი დგას

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორუფციის სავარაუდო ფაქტებსა და მასში ხარაგაულის მოქმედი მერის კობა ლურსმანაშვილის გარემოცვის ჩართულობაზე, ფლანგვის დეტექტორში არა ერთი მასალა მოვამზადეთ. 

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარმა საგამოძიებო და მამხილებელმა კვლევებმა ვერ შეძლო რაიონში კორუფციის შემთხვევათა აღმოფხვრა, როგორც ჩანს, ადგილობრივ ჩინოვნიკებს ის მაინც აიძულა, რომ ტექნიკური ცვლილებები განეხორციელებინათ და კორუფციაში ჩართულობის სქემები გაერთულებინათ.

აღნიშნულ კვლევაში მოგიყვებით, თუ როგორ იყენებს ხარაგაულის მერი, მისი ოჯახის წევრები და სხვა მაღალჩინოსნები, სავარაუდოდ ფიქტიურად შექმნილ სამეწარმეო პირს, რათა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დიდი რაოდენობის თანხები მორგებული სატენდერო პირობების გზით მიიღონ.

 

ინდ. მეწარმე პეტრე ავალიშვილი

2022 წლის ივლისიდან ი/მ პეტრე ავალიშვილი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობს. შემდეგი 1 წლის განმავლობაში მან 6 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ხუთში გაიმარჯვა. ხუთივე ტენდერში ავალიშვილმა უკონკურენტოდ გაიმარჯვა და ჯამში 82,503 ლარი მიიღო. ყველა შემთხვევაში შემსყიდველი ხარაგაულის მერიის მფლობელობაში მყოფი ა(ა)იპ "დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება" იყო. შესყიდვის ძირითად საგანს წარმოადგენდა: მიწის სათხრელი მოწყობილობებისა და მათი ოპერატორების დაქირავება, აგრეთვე მიწის სათხრელი საშუალებებისა და მათი ოპერატორების დაქირავება, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებული გზების გაწმენდითი სამუშაოების შესასრულებლად.

გარდა ტენდერებისა, ი/მ პეტრე ავალიშვილთან გაფორმებულია არა ერთი გამარტივებული შესყიდვა, კერძოდ: 2021 წლის იანვრიდან 2023 წლის ივლისის ჩათვლით მასთან ხარაგაულის მერიამ და ხარაგაულის "დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებამ" 30 გამარტივებული შესყიდვა გააფორმა, ჯამური ღირებულებით 265,700 ლარი. 

აღნიშნული თანხა პეტრე ავალიშვილმა სხვადასხვა სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად მიიღო, როგორებიცაა გზების შეკეთება, გარე განათების მონტაჟი, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ა.შ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ როდესაც ხარაგაულის რომელიმე სოფელში კონკრეტულ სამშენებლო სამუშაოებზე მასთან ფორმდებოდა ხელშეკრულება, ხშირ შემთხვევაში ამ სოფლის რწმუნებულები ხარაგაულის მერს მიმართავდნენ წერილით და რეკომენდაციას უწევდნენ სწორედ პეტრე ავალიშვილს. 

ასე იყო მაგალითად 2021 წელს სოფ. ხიდრში გზის რეაბილიტაციის სამუშაოებზე,  2022 წელს სოფ. საღინძილეში გზის რეაბილიტაციის შესყიდვაზე,  2023 წელს სოფ. სარგვეში აგრეთვე გზის რეაბილიტაციაზე და სხვა.

აღსანიშნავია, რომ პეტრე ავალიშვილს შესყიდვების საიტზე საკონტაქტო ინფორმაციად მითითებული აქვს ნომერი: +995555697430 და ელ. ფოსტა: dasuftavebax@mail.ru. აღნიშნული ნომერი ეკუთვნის ზაზა კაციტაძეს, რომელიც 2021 წლიდან 2023 წლის ივლისამდე ზემოთხსენებული ა(ა)იპ "დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ხოლო ამა წლის ივლისიდან ის დირექტორის მოადგილე გახდა. თავად ელექტრონული ფოსტაც, რომელიც პეტრე ავალიშვილს აქვს მითითებული, ცალსახად მიანიშნებს, რომ ის უნდა ეკუთვნოდეს დასუფთავების სამსახურს ან მასთან დაკავშირებულ პირს, ამ შემთხვევაში მის ერთ-ერთ ხელმძღვანელს - ზაზა კაციტაძეს. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ პეტრე ავალიშვილი ფიქტიურად არის ინდ/მეწარმის სტატუსით რეგისტრირებული და მასთან გაფორმებული გამარტივებული შესყიდვებისა თუ უკონკურენტოდ მოგებული ტენდერების უკან სინამდვილეში დგას ის ადამიანი, რომელიც ამ შესყიდვებზეა პასუხისმგებელი, ე.ი ზაზა კაციტაძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ მაგალითად 2023 წლის ივნისში დასუფთავების გაერთიანების მიერ პეტრე ავალიშვილთან გაფორმებული 10,000-ლარიანი გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტაციაში გვხვდება ზაზა კაციტაძის ხელწერილი, სადაც ის ამბობს, რომ არ იმყოფება არანაირ ინტერესთა კონფლიქტში ი/მ პეტრე ავალიშვილთან, ეს იმ პირობებში, როდესაც ამ უკანასკნელის საკონტაქტო ინფორმაციად სწორედ მისი ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტაა მითითებული. შესაბამისად, ყოველივე ეს კარგად წარმოაჩენს, თუ რა მასშტაბის შესაძლო კორუფციასთან გვაქვს საქმე.

გარდა ამისა, ხარაგაულის მაცხოვრებლები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ პეტრე ავალიშვილი უკვე წლებია მუშაობს ხარაგაულის მერის ძმის ზურაბ ლურსმანაშვილის კუთვნილ ავტო-მომსახურების ცენტრში, შესაბამისად კავშირი მასსა და ხარაგაულის მერს შორს ცალსახად არსებობს.

ფლანგვის დეტექტორმა წარსულშიც წერდა იმაზე, თუ როგორ იგებდა ხარაგაულის მერის კობა ლურსმანაშვილის ძმა სახელმწიფო შესყიდვებს. 2021 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად: “2016-21 წლებში ზურაბ ლურსმანაშვილმა ხარაგაულის ბიუჯეტიდან ჯამში მიიღო 69,374 ლარი. აქედან 21,154 ლარის 3 ტენდერი მოიგო უკონკურენტოდ 2019-21 წლებში, ხოლო 48,220 ლარის გამარტივებული შესყიდვა მასთან ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 2016-21 წლებში გააფორმა. (3,860 ლარი კობა ლურსმანაშვილის მაჟორიტარული ბიუროდან მიიღო). აღნიშნული შესყიდვები ფორმდებოდა ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისა და მისთვის სხვადასხვა ტიპის საპოხი მასალების შესაძენად”. 

ამ კვლევისა და მისით გამოწვეული სკანდალის შემდეგ, ზურაბ ლურსმანაშვილს უკვე აღარ მიუღია მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში და 2022 წელს მასთან მხოლოდ 1,700 ლარის გამარტივებული შესყიდვა გაფორმდა, ისიც იანვრის თვეში. ამის შემდეგ მან შეწყვიტა ყველა სახის ოპერირება სახელმწიფო შესყიდვებში. ეს ქმედება დროში ემთხვევა მისი თანამშრომლის - პეტრე ავალიშვილის გააქტიურებას სახელმწიფო ტენდერებში, რომელმაც როგორც აღვნიშნეთ 2022-23 წლებში 82,500 ლარის 

ტენდერი, ხოლო 2021-2023 წლებში 265,700 ლარის გამარტივებული შესყიდვა მიიღო. აღსანიშნავია, რომ გამარტივებული შესყიდვების უდიდესი ნაწილი მან სწორედ 2021 წლის ბოლოდან მიიღო.

ხარაგაულის მაცხოვრებლები აგრეთვე იუწყებიან, რომ პეტრე ავალიშვილთან გაფორმებული არა ერთი გამარტივებული შესყიდვა, რომელიც სოფლებში სარეაბილიტაციო სამუშოებს შეეხებოდა, სწორედ ზურაბ ლურსმანაშვილის ხელმძღვანელობით შესრულდა და ის წარმოადგენდა პირს, რომელიც ამ სამუშაოებს უშუალოდ უძღვებოდა.

ეს გარემობა კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვს რომ ი/მ პეტრე ავალიშვილის უკან სინამდვილეში დგანან ხარაგაულის მოქმედი მერი - კობა ლურსმანაშვილი, მისი ძმა ზურაბ ლურსმანაშვილი და ხარაგაულის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ზაზა კაციტაძე.

შეჯამება

საქმე შესაძლოა გვქონდეს კორუფციულ სქემასთან, რომლის უკანაც დგას ხარაგაულის ადგილობრივი მთავრობის მაღალჩინოსნები და მათი ოჯახის წევრები. ამგვარი შესაძლო კორუფციული სქემის შედეგად ხარაგაულის ბიუჯეტიდან 2021-2023 წლებში 348,200 ლარი მიიღო ი/მ პეტრე ავალიშვილმა, რომლის უკანაც სავარაუდოდ დგას ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი. აღსანიშნავია, რომ ამ თანხის 100%  პეტრე ავალიშვილმა გამარტივებული შესყიდვებისა და უკონკურენტო ტენდერის პირობებში მიიღო.

 

წყარო:

  • პეტრე ავალიშვილი - 56001003140
  • ზურაბ ლურსმანაშვილი (56001006283)
  • https://shorturl.at/lmpY5
  • https://shorturl.at/ap278
  • https://shorturl.at/bmtIU