2021 წლის 10 მარტს სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, პროკურატურას TV პირველიდან ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების საშუალებას აძლევს. ეს გადაწყვეტილება, თავისუფალ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის მაღალ რისკებს შეიცავს და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ არის მიმართული.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, ჟურნალისტი არ შეიძლება იყოს მოწმე მისი პროფესიული საქმიანობის საზღვრებში მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, 2021 წლის 10 მარტს სასამართლოს მიერ მიღებული ეს განჩინება, საშიშროებას აჩენს, რომ პროკურატურის მიერ განსახორციელებელ მოქმედებებს, ინფორმაციის წყაროს გამომჟღავნება მოყვება, რაც კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას თან ერთვის გასულ დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათთან აფილირებული პირების განცხადებები, რომელიც სხვადასხვა ფორმით, თავისუფალი ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვისკენ იყო მოწოდებული, რაც სიტუაციას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს.
სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს და დაინტერესებულ პირებს მოვუწოდებთ, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში და ყურადღება მიაქციონ შესაძლო ქმედებებს, რომელიც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია საშუალებების წინააღმდეგ შეიძლება განხორციელდეს.