მუნიციპალიტეტებში გამარტივებულ შესყიდვებს სათანადო დასაბუთების გარეშე ატარებენ

Მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდლობაში დეტალურად არის გაწერილი, რა შემთხვევებში შეიძლება გამოცხადდეს გამარტივებული შესყიდვა, საქართველოს მოქალაქეები ხშირად გადააწყდებიან შემთხვევებს, როდესაც გამარტივებული შესყიდვის ჩატარების აუცილებლობა არ დგას, თუმცა სახელმწიფო უწყებები კანონს გვერდს უვლიან და პროდუქტს მაინც ტენდერის გვერდის გავლით, ანუ გამარტივებული შესყიდვით იძენენ.

კანონმდებლობის მიხედვით, გამარტივებული შესყიდვა უნდა ჩატარდეს მაშინ, როდესაც არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, ან, პროდუქციის ხარისხის შენარჩუნების მიზნით, საჭიროა იმავე შემსყიდვლისგან შეძენა, ან ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარებისთვის გათვალისწინებულია შეზღუდული ვადები და ან როდესაც მომსახურების გაწევა/სამშენებლო სამუშაოს შესრულება მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა.

გამარტივებული შესყიდვებს თან ახლავს კორუფციის უფრო მაღალი რისკები, ვიდრე ეს სხვა ტიპის ტენდერების შემთხვევაში ხდება ხოლმე. გამარტივებული შესყიდვა პირთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით გაფორმებულ ხელშეკრულებას გულისხმობს, შესაბამისად, არ ითვალისწინებს კონკურსის კომპონენტს და იზრდება რისკი, რომ პრეტენდენტში გარდა კომპოტენციისა სხვა გარემოებებსაც მიექცეს ყურადღება.

Მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რისკების შესახებ საქართველოს მმართველი ორგანოები ინფორმირებულები არიან, მრავლად არის შემთხვევები, როდესაც გამარტივებული შესყიდვები სრულიად არასაჭირო დროს ტარდება და გადაწყვეტილებას დასაბუთება ან საერთოდ არ ახლავს - ან სრულიად არასათანადოა.

Რა ხდება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ამ კუთხით - წლების განმავლობაში რამდენი გამარტივებული ტენდერი ჩატარდა და როგორია ტენდენცია - მატულობს თუ კლებულობს ასეთი ტენდერების რიცხვი?

Სტატიისთვის, პლატფორმა askgov.ge-ზე გამოგზავნილი პასუხების გამოყენებით, 8 მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან 2023 წლამდე ჩატარებული გამარტივებული შესყიდვები გამოვიკვლიეთ. აღმოჩნდა, რომ ტყიბულს, სამტრედიას, წალენჯიხას, დმანისს, ფოთს, ახალციხეს, ვანსა და მესტიას 2013 წლიდან 2023 წლის მაისამდე ჯამში 4,912 გამარტივებული ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული.

Სიებში მრავლად ვაწყდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც მუნიციპალიტეტებმა გამარტივებული შესყიდვა ისეთი მომსახურების/პროდუქტის შეძენისთვის გამოიყენეს, რაც აშკარად აცდენილია კანონმდებლობაში არსებულ ჩანაწერთან, თუმცა, მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტებს არ აქვთ დასაბუთებული, რატომ გახდა საჭირო გამარტივებული შესყიდვის გამოყენება.

 

ახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტი ჩვენი სიის “გამარჯვებულია” ჩატარებული გამარტივებული შესყიდვების რაოდენობის მხრივ - მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან 2023 წლის მაისამდე 2,311 გამარტივებული ტენდერი ჩატარდა. Მათ შორის არის, სატელევიზიო მომსახურებები, მნიშვნელოვან დღეებში ღონისძიებების გამართვა, კონცერტების მოწყობა, სხვადასხვა სახის ჩემპიონატების ჩატარება, საჩუქრების შეძენა - ანუ - ისეთი მომსახურებები, რაც ტენდერის გვერდის ავლას არ საჭიროებს, თუ მუნიციპალიტეტი წინასწარ გაითვალისწინებს და გონივრულ დროს გამოყოფს შესყიდვის განხორციელებისთვის.




Სამტრედია

Სამტრედია ჩვენ მიერ გამოკვლეულ მუნიციპალიტეტებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა გამარტივებული შესყიდვების რაოდენების მხრივ, რადგან აქ 2013 წლიდან 2023 წლის მაისამდე 1720 გამარტივებული ტენდერი ჩატარდა.

Საახალწლო ბარათების მიწოდება, ფეიერვერკების შეძენა, დღესასწაულებისა და მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნად ღონისძიებების მოწყობა - ასეთ მიზეზებს მრავლად ვაწყდებით სამტრედიის მიერ განხორციელებული პირდაპირი შესყიდვების სიაში. Მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულების არსებობა წინასწარ ყველასთვის ცნობილია, სამტრედიაც, მსგავსად სხვა მუნიციპალიტეტებისა, ღონისძიებების მოსაწყობად გამარტივებულ ტენდერებს აცხადებს და ამით -  საქართველოს კანონმდებლობას არღვევს.




Მესტია

269 გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა მესტიის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან 2023 წლის მაისამდე, თუმცა მესტიის მიერ მოწოდებულ წერილშიც არც ერთ შემთხვევაში დასაბუთებული არ არის მიზეზი, რატომ დადგა ტენდერის გვერდის ავლით შესყიდვის განხორციელების საჭიროება.




ტყიბული 

ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2014 წლიდან 2023 წლის მაისამდე ჯამში 221 გამარტივებული შესყიდვა ჩატარდა. გამარტივებული შესყიდვები გამოცხადებულია ისეთი მომსახურებებისთვის, როგორებიცაა “სააღდგომო საჩუქრების მიწოდება”, “A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის მიწოდება”, “საოფისე ავეჯის მიწოდება” და ასე შემდეგ.

 

ვანი

ვანის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან 2023 წლის მაისამდე 158 გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა, თუმცა მოწოდებულ წერილში მუნიციპალიტეტს რა აქვს აღწერილი, რა მომსახურებების/პროდუქტების შესაძენად გადაწყდა პირდაპირი შეთანხმების გზით ხელშეკრულებების გაფორმება.

                                                   

დმანისი

დმანისის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან 2023 წლის მაისამდე 96 გამარტივებული ტენდერი ჩატარდა. Მუნიციპალიტეტს გამოგზავნილ წერილში თითოეული გამარტივებული შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობით აქვს დასაბუთებული, თუმცა სიაში შედის კონვერტების, საფოსტო-საკურიერო მომსახურებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის სატრანსპარტო მომსახურების შესყიდვები, რაც, ბუნებრივია, რომ გადაუდებელ აუცილებლობას არ წამოადგენს და აღნიშნული საჭიროებების განსაზღვრა წინასწარ არის შესაძლებელი.

 

ფოთი

ფოთის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან 2023 წლის მაისამდე 87 გამარტივებული ტენდერი ჩატარდა და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეხებოდა.

 

Წალენჯიხა 

2013 წლიდან 2023 წლის მაისამდე გამარტივებული ტენდერების რაოდენობა დაბალია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში და 34-ს შეადგენს. Მიუხედავად ამისა, მაინც ვაწყდებით მომსახურებებს, რომლებიც პირდაპირი მოლაპარაკების გზით ხელშეკრულების დადებას არ საჭიროებს, ასეთებია - სარესტორნო მომსახურება, საახალწლო “ფეთქებადი ნივთიერებების” შეძენა, საშვების დამზადების მომსახურება. Მსგავსად სხვა მუნიციპალიტეტებისა, არც წალენჯიხასაქვს დასაბუთებული გამარტივებული შესყიდვების გამოცხადების მიზეზები.

 

უკანასკნელ წლებში საქართველოში გამარტივებული შესყიდვები მცირდება, თუმცა ტენდერის გვერდის ავლით შესყიდვების ჩატარების წილი მაინც მაღალია და, როგორც უკვე ვთქვით, ხშირად სრულიად დაუსაბუთებლად ტარდება. 

Მაგალითისთვის, 2013 წლიდან 2022 წლამდე გამარტივებული შესყიდვების ყველაზე მაღალი ჯამური რიცხვი 2016 წელს დაიხარჯა - 1,485,292,014 ლარი. Მას შემდეგ, ყველაზე დაბალი რიცხვი 2018 წელს დაფიქსირდა, თუმცა აღნიშნული წლის შემდეგ გამარტივებულ შესყიდვებში დახარჯული ჯამური თანხა კვლავ ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

Მაგალითისთვის, 2021 წელს  გამარტივებული შესყიდვების ჯამურმა თანხამ 1,052,419,113 ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შესყიდვების 18.5%-ს უდრიდა, ხოლო 2022 წელს ამ თანხამ 1,299,372,990 ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შესყიდვების 17.6% გამოდის.

საერთო ჯამში, 2013-2022 წლებში სახელმწიფო სტრუქტურებმა 10,579,687,165 ლარის გამარტივებული შესყიდვები გააფორმეს

Სამწუხაროდ, გამარტივებულ შესყიდვებში დახარჯულ ჯამურ თანხებს წლების მიხედვით საჯაროდ არც ერთი სახელმწიფო უწყება არ აქვეყნებს და მონიტორინგს არ უწევს, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ სახელმწიფო პოლიტიკა აიგნორებს იმ რისკებს, რაც თან ახლავს ტენდერის გვერდის ავლით განხორციელებულ შესყიდვებს.

2013 წლიდან 2022 წლამდე დახარჯული ჯამური თანხის დინამიკა ასე გამოიყურება:




დასკვნა

გამოკვლეულ მუნიციპალიტეტებზე დაყრდნობით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში კვლავ ჭარბად არის ისეთი შემთხვევები, როდესაც გამარტივებულ შესყიდვებს არასათანადო დროს იყენებენ და ხშირად, შესყიდვისთვის არჩეული პრეტენდენტი კითხვებს აჩენს, არის თუ არა ის კომპეტენტური ფიზიკური პირი/კომპანია, თუ შერჩევის პროცესზე სხვა დეტალებმა  იქონია გავლენა. ამასთან ერთად, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც არჩეულ პრეტენდენტს შესაძლოა არ ჰქონდეს არანაირი გამოცდილება, მაგრამ  სახელმწიფოსგან ნდობა მაინც მიიღოს.

იმისთვის, რომ რისკები მაქსიმალურად შემცირდეს, აუცილებელია თითოეულმა მუნიციპალიტეტმა, თუ სახელმწიფო უწყებამ დაიწყოს გამარტივებული შესყიდვების გამოყენება მხოლოდ იმ ვითარებებში, როდესაც ეს კანონით არის განსაზღვრული და საზოგადოებას ჯეროვნად დაუსაბუთოს, - რატომ გახდა საჭირო პირდაპირი მოლაპარაკების გზით ხელშეკრულების გაფორმება.

 

სტატიის ავტორია ანა აბაშიძე. სტატია შეიქმნა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, Askgov.ge-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში. Askgov.ge იცავს და აძლიერებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოში. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და იგი შეიძლება, არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.