საქართველო ევროკავშირისგან უკვე მრავალი წელია, მილიონობით ლარის ოდენობის გრანტს იღებს, რათა საავტომობილო გზები, წყალმომარაგების სისტემები თუ სხვა ინფრასტრუქტურული პროქტები წარმატებით შესრულდეს. ევროკავშირის დახმარების პარალელურად, საქართველოს მთავრობისა და თანამდებობის პირების მხირდან მუდმივად გვესმის დასავლეთის, მათ შორის, ევროკავშირის მიმართ კრიტიკული განცხადებები, ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია იმის ფონზე, რომ საქართველო ახლა ევროინტეგრაციის საკმაოდ რთულ გზას გადის. სტატია მიმოიხილავს, რა დამოკიდებულებები არსებობს მთავრობაში იმ საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ, რომლის დახმარების გარეშეც საქართველოში ბევრი პროექტი საერთოდ ვერ განხორციელდებოდა და რაში იხარჯება ევროკავშირის გრანტები.
ანტიდასავლური განწყობები საქართველოს მთავრობაში:
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების გარეშე საქართველოში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, სავარაუდოდ, ვერ განხორციელდებოდა, მმართველი პარტიის ანტიდასავლური განცხადებები და განწყობები წლიდან წლამდე მატულობს, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. მაგალითად, 2023 წლის მარტში, “ქართული ოცნებისგან” გამოყოფილმა მოძრაობამ, “ხალხის ძალამ”, საქართველოს პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტები იყვნენ ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან იყო მიღებული. კანონპროექტის ინიცირებას როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს კრიტიკა მოჰყვა, ამის საპასუხოდ კი, მოძრაობა “ხალხის ძალის” ერთ-ერთი წევრი, მიხეილ ყაველაშვილი, აცხადებდა, რომ “ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი არ არის.”
მართალია, მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრები “უცხოეთის აგენტებად” მიიჩნევდნენ იმ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას, თუმცა თავად არასდროს ერიდებოდნენ საქართველოს ბიუჯეტის სახსრებით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტებით მოგზაურობას. მაგალითად, askgov.ge-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ 2022 წელს მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი ესპანეთში ბიუჯეტიდან 5,635 ლარით დაფინანსდა, ვიზიტის მიზანი კი სპორტის დარგში ბასკეთის ავტონომიური გაერთიანების გამოცდილების გაზიარება იყო.
არც ის გარემოება უნდა დავივიწყით, რომ დღეს საქართველო ევროინტეგრაციისკენ მიმავალ საკმაოდ რთულ გზაზე დგას და საბოლოო მიზნამდე 12 პუნქტის შესრულება გვაშორებს. მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ერთ აზრზეა და სურს ევროკავშირში გაწევრიანება, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის კრიტიკის საპასუხოდ ასეთი განცხადება გააკეთა: “არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ.”
ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ მცირე ჩამონათვალია იმ ანტიდასავლური განცხადებებისა, რომლებსაც მმართველი პარტიის წევრები თუ მასთან დაკავშირებული პირები ავრცელებენ, თუმცა, საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ, ევროკავშირის დახმარებების პარალელურად, მთავრობის წევრებს ასეთი დამოკიდებულება აქვთ.
რა თანხებს გვაძლევს ევროკავშირი წლიდან წლამდე:
საინტერესოა, რა ოდენობის გრანტები მიიღო საქართველომ ევროკავშირისგან 2018-2022 წლებში და რა პროექტების განხორციელება გახდა შესაძლებელი ამ თანხით.
საქართველოს 2018-2022 წლის ბიუჯეტის პროექტებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დროის ამ მონაკვეთში მიღებულმა გრანტებმა 2.18 მილიარდზე ლარზე მეტი შეადგინა. სწორედ ამ გრანტების საშუალებით ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა ბათუმის ავტობუსები, მყარი ნარჩენების გადამუშავება, რეგიონალური და მუნიციპალუტი ინფრასტრუქტურის განვითარება, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაცია-მშენებლობა სამტრედია- გრიგოლეთის მონაკვეთზე, წყლის ინფრასტრუქტურის განახლება, კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მყარი ნარჩენები, წყალარინება და სხვა.
წლების მიხედვით მიღებული გრანტების რაოდენობა ასე გამოიყურება:
რაც შეეხება დროის იმავე მონაკვეთში კონკრეტულ მაგალითებს, Askgov.ge-ის პლატფორმის დახმარებით ევროკავშირის გრანტებით დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება საკმაოდ ადვილი აღმოჩნდა. ვებგვერდზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მიწოდებული და უკვე საჯაროდ გამოქვეყნებული წერილიდან ვიგებთ, რომ დროის აღნიშნულ პერიოდში ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი სექტორისთვის გამოიყო თანხები.
გთავაზობთ ინფორმაციას წლების მიხედვით:

ცხადია, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ გრანტებისა, რომელსაც საქართველო უკვე წლებია, იღებს ევროკავშირისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისგან. ამასთანავე, წერილში არ არის დაზუსტებული, რა პროექტების განხორციელებას მოხმარდა ეს თანხა.
ევროინტეგრაციის გზა:
საბჭოთა კავშირის დაშლამ საქართველოს არა მხოლოდ დამოუკიდებლობა, არამედ პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური დახმარების საჭიროებაც მოუტანა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებიც სწორედ ამ პერიოდიდან იწყება. 2014 წელს ასოცირების შეთანხმებას მოეწერა ხელი. ეს შეთანხმება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ევროინტეგრაციისკენ. ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ ევროკავშირმა გამოხატა მზაობა, ეთანამშრომლა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, რეგიონული განვითარება და სხვა. თანამშრომლობა ფინანსურ დახმარებასაც გულისხმობდა. ამ პერიოდიდან საქართველო ევროკავშირისგან იღებს იმ გრანტებს, რომლებიც წლებია, სხვადასხვა მნიშვნელოვან სექტორსა და პროექტს ხმარდება.
დღევანდელ რეალობაში კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი 2022 წლის მარტია, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა. ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა მიენიჭებინა, რაც იმას გულისხმობს, რომ ევროპული საბჭო მზადაა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პუნქტს შეასრულებს. იმის შეფასება, თუ რამდენად ჯეროვნად ასრულებს საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მოთხოვნებს, სტატიის შინაარსს სცდება, თუმცა აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ ევროკომისია ოქტომბრის მეორე ნახევარში წარადგენს დასკვნას 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით.
ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით ორივე მხარემ, ევროკავშირმაც და საქართველომაც, გარკვეული ვალდებულებების შესრულების მზაობა გამოხატეს. ერთი მხრივ, ევროკავშირი მზად იყო, ფინანსურად დახმარებოდა საქართველოს სხვადასხვა სექტორის გაძლიერებაში, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველომ მზაობა გამოთქვა, რომ ევროკავშირის გრანტებით მნიშვნელოვანი პროექტები განეხორციელებინა. გარკვეულწილად, შეიძლება ისიც ითქვას, რომ ევროკავშირის ფულადი დახმარება საქართველოს ევროპასთან დაახლოებას უწყობს ხელს, ასოცირების შეთანხმების მიზანიც ხომ სწორედ ეს იყო, საქართველო ნელ-ნელა ევროპულ ოჯახს შეერთებოდა. ევროინტეგრაციისკენ მისწრაფება არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ევროპა წლიდან წლამდე მილიონობით ლარით გვეხმარება, ამის პარალელურად კი საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური განცხადებები ან 12 პუნქტის შეუსრულებლობა შესაძლოა დიდ საფრთხეს უქმნიდეს ამ მიზნის მიღწევას.
ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, მათ შორის, ფინანსური დახმარების თვალსაზრისითაც. ამის ფონზე კი განსაკუთრებით თვალშისაცემია თანამდებობის პირების მხრიდან ანტიდასავლური განცხადებები.
სტატიის ავტორია ელისაბედ ქორიძე. სტატია შეიქმნა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, Askgov.ge-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში. Askgov.ge იცავს და აძლიერებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოში. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და იგი შეიძლება, არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.