- 2022 წლის დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილის წლიური შემოსავალი 35,000 ლარია, რაც დაახლოებით სამჯერ ნაკლებია, ვიდრე თბილისიდან მიუნჰენამდე ჩარტერული რეისის ღირებულება.
- სახელმწიფო დაცვის სამსახური აცხადებს, რომ ჩარტერული რეისის საფასური პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.
- დეკლარაციების მიხედვით, 2020-2021 წლებში ირაკლი ღარიბაშვილმა მშობლებისგან 300,000 ლარი საჩუქრად მიიღო.
- ტარიელ ღარიბაშვილი შპს ახალი ფესვების 50% წილის მესაკუთრეა, რომელსაც 2023 წელს მოსავლის მართვის კომპანიამ ხელშეკრულება გამარტივებული წესით გაუფორმა შემდეგ კი გააუქმა.
- მოსავლის მართვის კომპანია სახელმწიფო კომპანიაა, რომელსაც რთველის პერიოდში ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარება ევალება, რომლის კორუფციის რისკებზე ფლანგვის დეტექტორი ადრეც წერდა.
- 2021 წელს, მოსავლის მართვის კომპანიამ ტარიელ ღარიბაშვილის ამჟამინდელი ბიზნესპარტნიორის კომპანიას 900,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა.
ირაკლი ღარიბაშვილი 2012 წლიდან დღემდე არაერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა, 2021 წელს კი მეორედ გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საინტერესოა დეკლარაციის მიხედვით, რა შემოსავალი აქვს ირაკლი ღარიბაშვილს და რამდენი წელი დასჭირდებოდა მას საკუთარი დეკლარირებული შემოსავლით, ჩარტერული რეისით ეფრინა საქართველოდან მიუნჰენამდე.
იქიდან გამომდინარე, რომ ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წელს დაიკავა, მისი, როგორც პრემიერის შემოსავლების ნახვა მხოლოდ 2022 წლის დეკლარაციაში არის შესაძლებელი. 2022 წლის დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ, 2021 წლის თებერვლიდან დეკემბრის ჩათვლით, შემოსავლის სახით საერთო ჯამში 35,024 ლარი მიიღო, რაც თვეში დაახლოებით 3,000 ლარს შეადგენს.
ევროს დღევანდელი ოფიციალური კურსის მიხედვით, 34,000 ევრო - ანუ ის თანხა, რაც ღარიბაშვილის საქართველოდან მიუნხენამდე ჩარტერული რეისით გადაფრენას დასჭირდა - 95,733 ლარია. თუ ვივარაუდებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წლიური შემოსავალი 35,024 ლარია, გამოდის, რომ მას კიდევ 2,7 წელი უნდა ეკავოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა იმისaთვის, რომ ჩარტერული რეისის საკუთარი ხარჯებით დაფარვა შეძლოს.
თუმცა, როგორც სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერული რეისის თანხა პრემიერ-მინისტრის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრემიერ-მინისტრს მამა ამგვარ საჩუქარს უკეთებს. ირაკლი ღარიბაშვილს 2022 წლის დეკლარაციაში უთითებს, რომ 2021 წელს მშობლებისგან საჩუქრად 150,000 ლარი მიიღო. მსგავსი ჩანაწერი არის 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაშიც. შესაბამისად, დეკლარაციებზე დაყრდნობით ჩანს, რომ 2020-2021 წლებში ირაკლი ღარიბაშვილმა მშობლებისაგან საჩუქრად ჯამში 300,000 ლარი მიიღო.
საინტერესოა, რას საქმიანობენ პრემიერის მშობლები და შეძლებდნენ თუ არა შვილისათვის ამ რაოდენობის თანხის ჩუქებას.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თანამდებობის პირი დეკლარაციაში ასახავს ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას. თუმცა, რადგან ირაკლი ღარიბაშვილი მშობლებთან ერთად არ ცხოვრობს მას არც მშობლების შესახებ ინფორმაციის დეკლარაციაში ასახვა მოეთხოვება. შესაბამისად, ჩვენთის უცნობია მშoბლების ფინანსური მონაცემები, შემოსავალი, გასავალი, დანაზოგი და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.
თუმცა შევეცადეთ ტარიელ ღარიბაშვილის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებით გადაგვემოწმებინა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, ტარიელ ღარიბაშვილი კახეთში არა ერთი უძრავ ქონების მესაკუთრეა. კერძოდ, იგი დედოფლისწყაროში, სოფელ წითელწყაროში ფლობს მიწის ნაკვეთებს, რომელიც 2015 წელს შეიძინა. ასევე მიწის ნაკვეთებს ფლობს დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ხორნაბუჯიში.
თუმცა მეტად საინტერესოა მისი კომპანია. ტარიელ ღარიბაშვილი კომპანია შპს ქართული ფესვების 50% წილის მესაკუთრეა. როგორც საჯარო რეესტრის ჩანაწერებით ირკვევა, კომპანია 2019 წლის 2 სექტემბერს დაფუძნდა, ხოლო თავად ტარიელ ღარიბაშვილი მესაკუთრეთა სიაში 2023 წლიდან ჩნდება, რადგან სწორედ 2023 წლის თებერვალში შეიძინა კომპანიის 50% წილი 200,000 ლარად თამარ ალუღიშვილისაგან. შესაბამისად, მიმდინარე მონაცემებით, კომპანიის წილებს თანაბრად ინაწილებენ თამარ ალუღიშვილი და ტარიელ ღარიბაშვილი.
ასევე, შესყიდვების სააგენტოს საიტზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ პრემიერ-მინისტრის მამის კომპანია შპს ქართული ფესვებს ბიუჯეტიდან თანხები უნდა მიეღო. შესყიდვების საიტზე ვხვდებით მოსავლის მართვის კომპანიის მიერ 2023 წლის აგვისტოში შპს ქართულ ფესვებთან გამარტივებული წესით გაფორმებულ ხელშეკრულებას. მოგვიანებით, 1 სექტემბერს, კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება გაუქმდა. შესაბამისად, შესყიდვების საიტზე ხელშეკრულების ნახვა შესაძლებელი აღარ არის.
თავად მოსავლის მართვის კომპანია კი ა(ა)იპ "სოფლის განვითარების სააგენტოს" მმართველობაში მყოფი კომპანიაა, რომელსაც ევალება რთველის პერიოდში ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარება. აღსანიშნავია, რომ ფლანგვის დეტექტორი რთველის სუბსიდირების პროგრამაში არსებულ კორუფციულ რისკებზე ადრეც, გასულ წლებშიც წერდა.
რთველის სუბსიდირების პროგრამიდან თანხები წარსულში მიღებული აქვს ტარიელ ღარიბაშვილის ბიზნესპარტნიორის, თამარ ალუღიშვილის კომპანიას. 2021 წლის რთველის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში 900,000 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა მიიღო 9 დღის დაარსებულმა კომპანიამ, შპს “დი ჯი ელმა”, რომლის მესაკუთრე თამარ ალუღიშვილი იყო.
სამწუხაროდ, საქართველოს კანონმდებლობა თანამდებობის პირებს არ ავალდებულებს, დეკლარაციაში ასახონ მშობლების ფინანსური მდგომარეობა. შესაბამისად, რთულია იმის დადგენა, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ღარიბაშვილის მამას ჩარტერული რეისის ღირებულების დაფარვის საშუალება.