2018-2022 წლებში თელავმა ნადიკვრის პარკის რეაბილიტაციაზე ₾1.5 მილიონი დახარჯა - პარკი დაუსრულებელია

სტატია მომზადებულია ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარებული ანტი-კორუფციული ტრენინგების კურსის მონაწილის, მაკა მოსიაშვილის მიერ.

2018 წლის იანვარში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანდა ნადიკვრის დასასვენებელი პარკის ამფითეტრის სახურავი. მერიამ ამფითეატრის აღსადგენად ტენდერი ოთხჯერ გამოაცხადა. საბოლოოდ, 2019 წელს, ტენდერში 226,800 ლარის შეთავაზებით, შპს ბერმუხამ უკონკურენტოდ გაიმარჯვა. დადებულმა ხელშეკრულებამ 7-ჯერ განიცადა ცვლილება - მათ შორის გადაიწია სამუშაოების დასრულების ვადებმა. საბოლოოდ, 2020 წელს, ამფითეატრის გადახურვის სამუშაოები დასრულდა. 

გარდა ნადიკვრის პარკში ამფითეატრის მოწყობისა,  2020 წელს, თელავის მერიამ, პარკ „ნადიკვარზე“ ფანჩატურების და ტერასების სარეაბილიტაციო-მოწყობის სამუშაოებზე ხელშეკრულება გააფორმა შპს „ბერმუხასთან“, ღირებულებით − 307,000 ლარი. აღნიშნულ ტენდერში შპს ბერმუხამ კვლავ უკონკურენტოდ გაიმარჯვა.

ობიექტის დასრულების ვადა განისაზღვრა 4 თვით. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ხელშეკრულებაში ცვლილება 15-ჯერ შევიდა. კორექტირებების საფუძველი, ძირითადად, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ცვლილება იყო. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანის პარალელურად იზრდებოდა მიწოდების ვადები. შედეგად, ხელშეკრულების მიწოდების ვადა გაიზარდა 195 დღით. 2022 წლის სექტემბრისთვის, როდესაც აუდიტის სამსახური იკვლევდა ამ საკითხს, სამუშაოები კვლავ არ იყო დასრულებული. საბოლოო ჯამში, კომპანიას თელავის მერიამ 266,000 ლარი ჩაურიცხა, თუმცა ფანჩატურების მოწყობა სრულფასოვნად ვერ მოხერხდა.

2019-2020 წლებში ნადიკვრის პარკში დაწყებულმა სარეაბილიტაციო სამუშოებმა, რომელიც ამფითეატრის სახურავის რეაბილიტაციასა და ფანჩატურების/გადასახედების მოწყობას მოიცავდა, პარკი რეკრეაციული მიზნებისთვის გამოუსადეგრად აქცია, რის შემდეგადაც დღის წესრიგში დადგა პარკის სრული რეაბილიტაციის საკითხი.

2022 წელს თელავის მერიამ ნადიკვრის რებილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნულ ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა შპს პარამეტრმა, რომელთანაც ხელშეკრულება  2,758,521 ლარზე გაფორმდა, რაც თავდაპირველად შესასყიდი სავარაუდო რაოდენობის ტოლია. ანუ ტენდერის შედეგად არც ერთი ლარის ეკონომია არ გაკეთებულა. სამუშაოები 2022 წლის 26 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხელშეკრულებაში უკვე 4 ცვლილებაა შესული, რის შედეგადაც, მათ შორის, სამუშაოების დასრულების ვადამ ორჯერ გადაიწია. ის ჯერ 2023 წლის 24 მარტით განისაზღვრა, ხოლო შემდგომში 2023 წლის 30 ივნისით, თუმცა სამუშაოები კვლავ არ არის დასრულებული.

საბოლოოდ გამოდის, რომ 2018 წლიდან ნადიკვრის პარკში დაიწყო სხვადასხვა სარებაილიტაციო სამუშაოები ამფითეატრის, ფანჩატურების მოსაწყობად და შემდგომში პარკის სრული რეაბილიტაციისთვის. ამფითეატრისა და ფანჩატურების მოწყობაში შპს ბერმუხასთვის გადახდილი 493,000 ლარი ფაქტობრივად წყალში გადაყრილი ფული აღმოჩნდა, ვინაიდან დღეს არც ამფითეატრი ფუნქციონირებს ნადიკვრის პარკში და იქ არ ფანჩატურები და გადასახედები მოწყობილა ჯეროვნად.
ამავე დროს, 2022 წლის ბოლოს დასრულების ნაცვლად, შპს პარამეტრისთვის პარკის რეაბილიტაციის ვადამ უკვე ორჯერ გადაიწია, თუმცა დღეის მდგომარეობით პარკი ისევ გადათხრილი და გამოუსადეგარია. კომპანიას 2,758,221 ლარიდან უკვე ჩაერიცხა 1,063,400 ლარი, თუმცა სამუშაოები მაინც ვერ დაასრულა.

აგრეთვე ყურადღებას იმსახურებს „ცენტრალური ხევის მიმდებარე სკვერის“ რეაბილიტაციის ტენდერი, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წელს გამოაცხადა. ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა კომპანია გზამშენმა და მასთან ხელშეკრულება 235,000 ლარზე გაფორმდა. სკვერის იმ ნაწილის რეაბილიტაცია, რომელიც ამ ტენდერში იგულისხმებოდა, 2019 წელს დასრულდა.

თუმცა თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ 2022 წელს კვლავ გამოცხადა ქ. თელავში, ჩოხელის და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული ხევის მიმდებარე ტერიტორიის “ურბანული განახლება მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცეების“ მოწყობის სამუშაოების შესყიდვა, რომელ ტენდერშიც შპს “მშენსერვისი 55”- მა  გაიმარჯვა და მასთან ხელშეკრულება 3,351,254 ლარზე გაფორმდა. 

აღნიშნული სამუშაოები შპს “მშენსერვისი 55”-მა სრულად შეასრულა და მერიას რეაბილიტირებული პარკი უკვე ჩაბარდა. თუმცა საქმე იმაშია, რომ მშენსერვისმა აგრეთვე გადათხარა და თავიდან შეასრულა სარემონტო სამუშოები იმ მონაკვეთზე, რომლის რეაბილიტაციისთვისაც 2019 წელს 235,000 ლარი იყო გადახდილი. შესაბამისად, გამოვიდა, რომ 2019 წელს დახარჯული თანხა გაფლანგულია, რაც არასწორი მენეჯმენტის, ან თავის დროზე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ბრალია. ადგილობრივების ცნობით, 2019 წელს რეაბილიტირებული ნაწილი დაზიანებული არ იყო, შესაბამისად უცნობია, რატომ გახდა საჭირო მისი ხელახალი რეაბილიტაცია.

 

წყაროები:

  • ნადიკვარი

  • NAT200008150

  • NAT190011599

  • NAT220009545

  • ხევის პარკი

  • NAT180010409

  • NAT220006876

  • https://shorturl.at/BITX5 - ნადიკვარის უახლესი კადრები

  • https://shorturl.at/loDFY - ნადიკვარის ფოტოები